"ჰომოფობიის დღე ასევე გლოვის დღეა, რადგან ბევრ ადამიანს კლავენ ორიენტაციის გამო"

"ჰომოფობიის დღე ასევე გლოვის დღეა, რადგან ბევრ ადამიანს კლავენ ორიენტაციის გამო"

17 მაისს რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის საწინააღმდეგოდ დაანონსებული აქცია საკმაოდ მძიმე შედეგებით დასრულდა. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების და მათი უფლებების დამცველების წინააღმდეგ ქუჩაში რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა. როგორ განვითარდა მოვლენები, მკითხველმა ღია ეთერში იხილა. აქცია ჰომოფობიის წინააღმდეგ "იდენტობამ" დააანონსა, მას რამდენიმე უფლებადაცვითი ორგანიზაცია შეუერთდა. დავით-მიხეილ შუბლაძე "ლგბტ საქართველოს" წარმომადგენელია. იმ დღეს რუსთაველზე თავადაც იმყოფებოდა, მაგრამ სხვებთან ერთად პოლიციამ სიტუაციას ისიც გაარიდა.

- დათო, ეს იყო "იდენტობის" მიერ დაანონსებული აქცია, თუმცა თქვენ "ლგბტ საქართველოს" წარმოადგენთ.

- დიახ, "იდენტობამ" დააანონსა, მაგრამ თანაორგანიზატორი რამდენიმე ორგანიზაცია გახლდით. ადრე იმიტომ დაანონსდა, რომ თემის წევრებს, ჟურნალისტებს გაეგოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრმა ჟურნალისტმა არასწორად გაავრცელა ინფორმაცია. ანონსში ეწერა, რომ ეს იქნებოდა აქცია ფლეშმობით და მანიფესტაცია. ჟურნალისტებმა დაწერეს, რომ ეს იქნებოდა გეიაღლუმი, რაც, ცხადია, მოსახლეობაში აგრესიას გამოიწვევდა. მეორე საკითხია, რომ ჩვენი ჟურნალისტები უცხოეთში ჩატარებული აღლუმების შესახებ საოცარ კადრებს ავრცელებენ. მოქალაქეს წარმოდგენა არ აქვს, რა არის აღლუმი და მხოლოდ ბუმბულებიანი მამაკაცების მსვლელობა ჰგონია. რეალურად აღლუმი ბევრი კომპონენტისგან შედგება, ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, ბოლო აკორდია, რითიც აღლუმი მთავრდება. მას წინ უსწრებს კინოფესტივალი, ლიტერატურული საღამოები და სხვადასხვა კულტურული ღონისძიება. შესაბამისად, საქართველოში ეს ვერ ჩატარდება, რადგან ამის ორგანიზებას ბევრი ფული სჭირდება. 30 ივნისს სტამბოლში იქნება საკმაოდ მრავალპროფილიანი გეიაღლუმი. ცდილობენ, ამით მესიჯი მიიტანონ საზოგადოებამდე, რომ განსხვავებული ორიენტაციის გამო ადამიანის დაჩაგვრა არ შეიძლება. ბოლო აკორდია "სიამაყის მსვლელობა", მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, ჰომოსექსუალები ცუდი ადამიანები არიან, ამით ამბობენ, შემომხედეთ, მეც ისეთი ვარ, როგორიც თქვენ და მე ამაყი ვარ, რომ ვარ ადამიანი. ამაში განსაკუთრებული არაფერია. ბუმბულებიანი ტანსაცმელი გემოვნების ამბავია, ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას - არა.

- ყველაზე ხშირად უმცირესობის დამცველ ადამიანებს ადანაშაულებენ, რომ საზოგადოებას შესაბამისად ვერ აწვდიან ინფორმაციას.

- პარადოქსია, რომ რამდენჯერაც ტელევიზიით საგანმანათლებლო კუთხით მოვინდომეთ გამოსვლა, პროპაგანდაში დაგვდეს ბრალი. ამიტომ ვერ ხვდები, საით წახვიდე. ხალხი მზად იყო ამისთვის, მაგრამ გარკვეულმა ძალებმა შეუშალეს ხელი, აქ მარტო ეკლესია არ იყო ჩარეული, რადგან ბევრი ფული დაიხარჯა ხალხის მობილიზებაში. რეგიონებიდან იყო ხალხი ჩამოსული. ფილარმონიასთან რომ გამოვიარე, ვერ მცნობდნენ ეს ადამიანები, დაგეშილები იყვნენ ბუმბულებიან და ტანგიან ბიჭებზე.

- ამ ყველაფრის ორგანიზატორად ვის მოიაზრებთ?

- იქ სხვადასხვა პოლიტიკური გუნდი იყო მობილიზებული. რამდენად ნორმალურია ქრისტიანი ადამიანისთვის სიძულვილის აღლუმის დაფინანსება, ეს ცალკე თემაა. რაც მთავარია, ეს ადამიანები არ იყვნენ ინფორმირებულნი. ჩემი მეგობარი რეპორტიორები, რომლებიც პუშკინის სკვერში დარჩნენ, შემდეგ მიყვებოდნენ, მასა გაიშალა და ყოველ კუთხე-კუნჭულში ბუმბულებიან მამაკაცებს ეძებდნენ და არა აქტივისტებსო. იმიტომ, რომ ჩვენი აქტივისტებიდან რამდენიმე დარჩა, ვინც დროულად ვერ წამოვიყვანეთ და ვერ იცნეს. ჩვენ არანაირი განმასხვავებელი ნიშანი არ გვქონდა, უბრალოდ, იმ ძალადობის გასაპროტესტებლად გამოვედით, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება.

- ხშირად ამბობენ, რომ არავითარი ძალადობა არ ხდება. განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები იყვნენ თავისთვის, სხვას ნუ შეაწუხებენო.

- დიახ, ამბობენ, ჩვენ საწოლში არავის ვუვარდებითო. თუმცა ნორმალური ადამიანები იმაზე თანხმდებიან, რომ ცხოვრება მხოლოდ საწოლისგან არ შედგება. როგორც კი ადამიანი საჯარო სივრცეში ჩნდება, აბრალებენ, რომ საკუთარ ორიენტაციას თავზე ახვევს სხვას. 2012 წლის მონაცემებით, საქართველოში ყოველი მესამე ლგბტ მოქალაქე ძალადობის მსხვერპლია.

- გავრცელებული მოსაზრებით, ამ აქციის ჩატარების უფლება რომ მოეცათ, შემდეგი მოთხოვნა ერთსქესიანი ქორწინების დაკანონება იქნებოდა.

- დიახ, ეს დაიხვიეს ხელზე, თუმცა მინდა ყველა დავამშვიდო, რომ ჯერჯერობით თემში არ არის ამაზე ლაპარაკი. ჯერ მინიმუმია გასაკეთებელი, საჯარო და საკანონმდებლო სივრცეში არსებობის უფლებაზეა საუბარი. თუ ვინმეს უნდა ერთსქესიანი ქორწინება, ეს ცალკე თემაა, შეიძლება, მეც არ მომწონდეს, მაგრამ თუ თემს უნდა - თანახმა ვარ, თუ ჩემზე ვისაუბრებთ, მე არ მჭირდება.

- თვითონ ლგბტ საზოგადოების შიგნით რამდენად არის სოლიდარობა?

- პარადოქსამდე მივდივართ და რამდენადაც უნდა გაგიკვირდეთ, კონტრაქციაზე ბევრი იყო თემის წარმომადგენელი. თვითონვე გამოდიან ამის წინააღმდეგ. საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია სულიერი სიმახინჯეა და ადამიანებს რცხვენიათ საკუთარი თავის. შესაბამისად, იმის გამო, რომ ვინმემ მათზე რამე არ იფიქროს, გამოდიან და აპროტესტებენ, ეს არის შინაგანი ჰომოფობია და ჩვეულებრივი თავდაცვითი მექანიზმი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია