23 მაისს რუსთავში შემზარავი მკვლელობა მოხდა. 36 წლის ბადრი შ-მ საკუთარი მშობლები დანით დახოცა. დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 109-ე მუხლის ა პუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 20 წლამდე. შემთხვევა რუსთავში, ახმეტელის 4 ნომერში მოხდა, სადაც დამნაშავე დედ-მამასთან ერთად ცხოვრობდა მეოთხე სართულზე. ამავე კორპუსში ცხოვრობდა მისი და, სიძე და სამი დისშვილი. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები პირველად სწორედ სიძემ იპოვა. "ყველა სიახლე" შეეცადა, დაზარალებულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს გასაუბრებოდა, მაგრამ ოჯახის წევრებმა უარი განაცხადეს, ბრალდებულის დამ თქვა, რომ მან არ იცის მიზეზი, რის გამოც მისმა ძმამ მშობლები დახოცა: "სამ გარდაცვლილს ვგლოვობთ, არ გვინდა არანაირი ინტერვიუ, რა გელაპარაკოთ ან რა უნდა გადაიღოთ, მკვდარი დედ-მამა?"
მეზობლები ამბობენ, რომ ბადრი შ. ბავშვობაში ველოსიპედიდან გადავარდა, თავი დაარტყა და ტრავმა მიიღო. ის ეპილეფსიით არის დაავადებული. ხშირად ჰქონდა შეტევები, ბოლო დროს სამჯერ სცადა თვითმკვლელობა. ბადრის არასოდეს ჰყოლია ოჯახი, მას და მის მშობლებს სიძე და და ეხმარებოდნენ. ისინი ერთ სადარბაზოში ცხოვრობდნენ სხვადასხვა სართულზე და ხშირად სტუმრობდნენ ერთმანეთს. ერთ-ერთი ვერსიით, ბადრის მშობლებს სურდათ ბინა ქალიშვილისთვის დაეტოვებინათ და სწორედ ეს გახდა მკვლელობის მიზეზი. მეზობლები პირად საუბრებში ამბობენ, რომ ბადრი შ-მ თავდაპირველად ავადმყოფ მამას მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა და ამის შემდეგ მოკლა დედა.
ფრიდონ ნათენაძე, მეზობელი:
- ჩაკეტილი ადამიანი იყო ბადრი, ადრე ეკლესიაში ხშირად დადიოდა, მაგრამ ბოლოს იქ აღარ მინახავს. ერთხელ შემხვდა და ვკითხე, ეკლესიაში რატომ აღარ დადიხარ-მეთქი. მიპასუხა, მუშაობა დავიწყე და ვერ ვახერხებო. მაგრამ სად მუშაობდა, არ უთქვამს. მშობლებს რომ კაცი დახოცავს, იმაზე კარგი როგორ უნდა თქვა, მაგრამ არ იყო კონფლიქტური ადამიანი, ჩამოყალიბებული ბიჭი იყო. მათი ოჯახიდან ჩხუბის ხმა არასდროს გამოსულა. ამბობენ, რომ ეპილეფსიით დაავადების ბრალია, ეს შემზარავი მკვლელობა რომ ჩაიდინა, თუმცა არ გამიგია, ეპილეფსიით დაავადებულს ასეთი რამ ჩაედინოს. არაჩვეულებრივი დედა ჰყავდა, მთელი ეზო პატივს სცემდა მათ ოჯახს.
- ბადრი არსად მუშაობდა?
- "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში ერთად ვიყავით ჩართული. ჩვენს ეზოში წინასაარჩევნოდ იყო მოსული ზვიად ძიძიგური, ბადრის დედა დაელაპარაკა, ბატონ ზვიადს ძალიან მოეწონა და უთხრა, ჩვენთან მოდიო. დედამ მიიყვანა ბადრი "ქართულ ოცნებაში". ამბობენ, რომ ბოლო ათი დღის განმავლობაში 14 წიგნი წაიკითხა. ახლა არკვევენ, რა ჟანრის ლიტერატურა წაიკითხა, იქნებ ამის ნიადაგზე ჩაიდინა მკვლელობა, მაგრამ მშობლები როგორ უნდა დახოცო, რაც არ უნდა წაიკითხო?
მიშა აბრამიშვილი, მეზობელი:
- ბადრის პატარა დისშვილები ჰყავს, ბავშვები ხშირად ადიოდნენ ბებიასთან და ბაბუასთან, კარგი ოჯახი იყო. საღამოს პატარა გოგონა ავიდა მათთან და ბიძამ გამოაგდო, როცა ბავშვი შინ დაბრუნდა, თქვა, რომ სისხლი დაინახა. ამის შემდეგ მისი 15 წლის ძმა ავიდა. ბადრიმ ბიჭი დაიჭირა, ხელები მოხვია, თურმე დანა ეჭირა ხელში და ბავშვის მოკვლაც უნდოდა, მაგრამ ბიჭი გამოექცა. მაშინ მხოლოდ მამა ჰყავდა მოკლული. ამის შემდეგ მოკლა დედა. ეს არის ის, რაც ვიცი, მაგრამ ზუსტად რა მოხდა, არავინ იცის… ბოლო ერთი თვე შეშლილი სახით დადიოდა, გაბოროტებული იყო, წამლებს რომ ყიდულობდნენ, თურმე არ სვამდა, ეგ კი არადა, ჩუმად სასმელსაც ეტანებოდა. ხშირად ემართებოდა შეტევა, სანამ საკუთარ მშობლებს დახოცავდა, სამი დღით ადრე ეზოში იყო ჩამოსული, დომინოს ვთამაშობდით. უცბად დაეცა და გონება დაკარგა. ხშირად ემართებოდა ასე. ავადმყოფი ბიჭი იყო და ამიტომაც გააკეთა ეს.
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)