გაზეთ "ყველა სიახლის" ყოფილი ჟურნალისტი არმაზ ხარძიანი 2010 წლის 24 ნოემბერს დააპატიმრეს და ყაჩაღობისა და იარაღის უკანონო შეძენა-ტარების მუხლებით გაასამართლეს. ხარძიანის ადვოკატები ჟურნალისტისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებას მოითხოვდნენ და იმ 109-კაციან მეორად სიაშიც შეიყვანეს, რომლის განხილვასაც საპარლამენტო კომისია ჯერ არ ჩქარობს. არმაზ ხარძიანი საკანონმდებლო ცვლილების, კერძოდ, სასჯელთა უპირობო შეკრებითობის პრინციპის გაუქმების საფუძველზე 16 მაისს გათავისუფლდა.
არმაზ ხარძიანი: - ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2010 წელს გარდაბანში ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ვიყარე კენჭი და "ნაციონალების" შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის სიით მეორე ადგილზე გავედი. "ნაციონალებმა" მანამდე დაიწყეს ჩემზე ზეწოლა, კანდიდატურა მომეხსნა. უარს მოჰყვა ტერორი ჩემს ოჯახზე. არჩევნების შემდეგ, გაზეთ "ყველა სიახლეში" გავაშუქეთ გიგი უგულავას ცოლის მშობიარობასთან დაკავშირებული ვოიაჟი ავსტრიაში, რაც თბილისის მერს 95.000 ევრო დაუჯდა. ეს მაშინ, როცა დეკლარაციაში მას წლიური შემოსავალი 80.000 ლარი ეწერა. ერთმა ჩემმა ნაცნობმა, რომელიც ძალოვან სტრუქტურებში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, მითხრა, შენი დაჭერის ბრძანებაა გაცემულიო. დამაკავეს კიდეც და შემიფარდეს ყაჩაღობის მუხლი (ეს ცალკე საუბრის თემაა, როგორ მომიწყვეს ეს ყველაფერი).
- თუკი თვლიდი, რომ უსამართლოდ გაგასამართლეს, თავიდანვე რატომ არ გააპროტესტე შენი უკანონო პატიმრობა?
- ამის გაკეთება ძნელია, როდესაც ხარ გლდანის დაწესებულებაში, როდესაც რეჟიმის უფროსი არის ოლეგ ფაცაცია, ხოლო ციხის უფროსი - ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად "კილერა". თავდაპირველად, დავაპირე გაპროტესტება, ადვოკატმა მითხრა, ჟურნალისტები ამბობენ, თუ უდანაშაულოა, მზად ვართ, ბოლომდე დავიცვათო. საპატიმროში მომიტანეს გაზეთები, რომლის ერთ ნომერში პატიმარი კახაბერ თედლიაშვილი აცხადებდა, მოკვლას მიპირებენო და შველას ითხოვდა, გაზეთის მომდევნო ნომერი კი მის მკვლელობას იუწყებოდა.
ციხის თანამშრომლებმა მითხრეს, თუ იტყვი, რომ ეს ყველაფერი დადგმული იყო, იცოდე, გაზეთის მომდევნო ნომერში დაიწერება, ხარძიანი მოკლესო.
სხვათა შორის, პოლიტიკურმა პარტიებმაც შემომთავაზეს, ვიხმაურებთო. ვკითხე, სიცოცხლის გარანტიას რომელი მაძლევთ-მეთქი და პასუხზე ყველამ თავი შეიკავა. მანამდე ვწერდი ინტერვიუებს ემზარ კვიციანთან, რომელიც ხშირად ამხელდა ძველ ხელისუფლებას კოდორის ხეობის ჩაბარებაში. ერთხელ კვიციანმა მომწერა, კალაში ჩამოვალ და ინტერვიუ ჩავწეროთო. მათ ეს მიმოწერა დამიდეს წინ და მითხრეს, კვიციანი ჩამოიტყუე და დაგვაჭერინეო. შემდეგ კახა კუკავასა და ზვიად ძიძიგურისთვის ფულის ჩადება შემომთავაზეს, ვიტყვით, რომ ეს რუსული ფულიაო.
როცა მეგონა, ყველაფერი მიწყნარდა, მომისაჯეს 10 წელი-მეთქი, ამის შემდეგ იყო ავადსახსენებელი 26 მაისი და "პალიტრა TV"-ს მიერ გავრცელებული ცემა-ტყეპის ექსკლუზიური ვიდეოფირი, რასაც ერთ კვირაში საგადასახადოს შესვლა მოჰყვა...
მათ გაახსენდათ, რომ "პალიტრამედიის" თანამშრომელი ვიყავი და პირდაპირ მეუბნებოდნენ, გიორგი თევდორაშვილს დაადე ხელი და თქვი, რომ შეკვეთილი მასალების წერას გაიძულებდათო. სხვათა შორის, ციხის თანამშრომლები "პალიტრას" "ალ-ჯაზირას" ეძახდნენ, რაც გულში ძალზე მეამაყებოდა. როდესაც დაკითხვა დამიწყეს, ერთმანეთს გადაულაპარაკეს, ეს არის "ალ-ჯაზირას" თანამშრომელიო. ჯერ მეგონა, ჩემთვის ჯაშუშობის დაბრალება უნდოდათ.