რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფლებთან, დიცთან და დვანთან ე.წ. საზღვარი გადმოწიეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, სოფელი დიცთან, რომელიც გორის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს და ოკუპირებულ ერედვს ესაზღვრება, რუსი ფორმიანები სასაზღვრო ნაგებობებს ამ წუთებშიც ამონტაჟებენ.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ერედვის მიმართულებით ოკუპანტებს მავთულხლართი აქამდეც ჰქონდათ გავლებული, თუმცა ამჯერად პერიმეტრს ოფიციალური ნაგებობით რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით აშენებენ. დიცელები ამბობენ, რომ რუსების მიერ გავლებული ახალი საზღვარი პირდაპირ მათ სასოფლო-სამეურნეო მიწებთან გადის, რის გამოც ნაკვეთებში უსაფრთხოდ გადაადგილება მკვეთრად შეეზღუდებათ.
საზღვრების გადმოწევის ფაქტს რამდენიმე წუთის წინ შიდა ქართლის გუბერნატორის გამოეხმაურა. ზურაბ ჩხეიძე საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამოიყენოს მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობები, რომ შეჩერდეს მოვლენების ამ ფორმით განვითარება.
"წინააღმდეგ შემთხვევაში უმძიმეს შედეგებს მივიღებთ", - აღნიშნა ჩხეიძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების გავლების ფაქტს ადასტურებს. როგორც უწყების საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი კახაბერ ქემოკლიძე აცხადებს, აღნიშნული უკანონო ქმედებას წარმოადგენს, რის გამოც საკითხს 31 მაისს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე დააყენებენ.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების ინსტალაციის ფაქტს რუსი მესაზღვრეების მხრიდან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამინისტროს პოზიცია არის ის რომ, ეს არის ყოვლად უკანონო ქმედება რუსი მესაზღვრეების მხრიდან. ამ პრობლემასთან დაკავშირებით სამინისტრო აუცილებლად დააყენებს საკითხს 31 მაისის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრებზე. ივნისის ბოლოს არის ჩანიშნული ჟენევის დისკუსიები და აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით აუცილებლად ვისაუბრებთ ჟენევის დისკუსიების ფორმატის ფარგლებშიც", - აცხადებს კახაბერ ქემოკლიძე.
მისივე განმარტებით, სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ პრობლემის საქმის კურსში საერთაშორისო თანამეგობრობა და პარტნიორი სახელმწიფოებიც ჩააყენოს.
"საქართველოს ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტი აქტიურად არის გამოყენებული," - განმარტავს შსს-ის წარმომადგენელი.