მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილის დაკავების შემდეგ განაცხადა, ისტორიული ირონიაა, რომ მერაბიშვილს მის მიერვე რეფორმირებული პოლიცია ბორკილებით დაატარებსო. ისტორიულის რა მოგახსენოთ, მაგრამ ბედის ირონიაზე კი შეგვიძლია ვესაუბროთ პრეზიდენტს თუ "ნაცმოძრაობის" გენმდივანს. მერაბიშვილის ის ცნობილი ფოტო, რომელზეც ყოფილი პრემიერი ენაგამოყოფილია (რაც კარგი სიმბოლოა მისი პოლიტიკური კარიერის დასასრულისა), ირაკლი გედენიძის გადაღებულია - ერთ-ერთის იმ ფოტორეპორტიორთაგან, რომლებიც ორი წლის წინ მერაბიშვილმა ჯაშუშებად გამოაცხადა, ციხეში აყურყუტა და შანტაჟით თუ მუქარით ბრალი "აღიარებინა". საზოგადოებამ ფოტორეპორტიორების ჯაშუშობა არ დაიჯერა და "დიდ ვანოს" უკან დახევა მოუხდა. დღეს კი უკვე თავად მერაბიშვილი "ნებივრობს" "მატროსოვის" ციხეში და რჩება შთაბეჭდილება, რომ მისი უდანაშაულობის (ზურაბ ჭიაბერაშვილისგან განსხვავებით), თანაგუნდელებსაც არ სჯერათ. ამ მოსაზრებას ეთანხმება ექსპერტი მამუკა არეშიძე, რომელიც ასევე აბსურდულად მიიჩნევს ვერსიას, თითქოს "ნაცმოძრაობის" გენმდივანი 17 მაისის მოვლენების გადასაფარად დააკავეს.
- ვანო მერაბიშვილი საკმაოდ მსხვილი ფიგურაა იმისთვის, რომ მისი დაკავებით 17 მაისის მოვლენები გადაეფარათ. თუმცა მისმა დაკავებამ ნამდვილად გადაფარა სამართლიანობის აღდგენის დამუხრუჭების თემა, რომელზეც ლაპარაკობდნენ 19 მაისს სპორტის სასახლეში შეკრებილი ადამიანები. თუმცა სიმართლე გითხრათ, მერაბიშვილის დაკავებას ამ ეტაპზე არ ველოდი. ის "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანია, რომლის მხარდამჭერებიც კვლავ მრავლად არიან დასავლეთში. ვფიქრობდი, რომ ამას მოერიდებოდა საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ, როგორც ჩანს, ახალმა ხელისუფლებამ დასავლელებს საკმაოდ სერიოზული არგუმენტები წარუდგინა და მერაბიშვილის დაკავებამ ნაკლებად ხმაურიანად ჩაიარა.
- თუმცა ამ ამბავს გამოეხმაურა ყველა - აშშ-ით დაწყებული და ეუთოთი დამთავრებული. ეს თქვენ ნაკლებ ხმაურად მიგაჩნიათ?
- ახალ ხელისუფლებას დასავლეთისთვის სერიოზული არგუმენტები რომ არ წარედგინა, გამოხმაურება ბევრად მწვავე და ხმაურიანი იქნებოდა. მე სხვა რამ გამიკვირდა - "ნაცმოძრაობის" გენმდივნის დაკავებას ყველაზე აქტიურად სომხეთი და აზერბაიჯანი გამოეხმაურნენ. თუმცა შემდეგ ჩემთვის გასაგები გახდა, თუ რა ღრმა კონტაქტები ჰქონდა მერაბიშვილს ამ ქვეყნებთან. არ გამოვრიცხავ, რომ ბიზნესსქემებიც იყო აწყობილი, რომელშიც მერაბიშვილთან ერთად სომეხი და აზერბაიჯანელი პოლიტელიტა მონაწილეობდა.
- როდესაც მიხეილ სააკაშვილი მერაბიშვილის დაკავებას გამოეხმაურა, მეც და ბევრ ჩემს კოლეგასაც დარჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი მაინცდამაინც შეწუხებული არ იყო. ისე, ექსპერტებმაც განაცხადეს, რომ მერაბიშვილის ოთხკედელშუა გამწესებით "ნაცმოძრაობის" ელიტის დიდმა ნაწილმა შვებით ამოისუნთქა.
- არა მხოლოდ სააკაშვილი, არამედ "ნაცმოძრაობის" ე. წ. თავისუფლების ინსტიტუტის ფრთა უკვე აშკარად ცდილობს, გაემიჯნოს მერაბიშვილს. როგორც ჩანს, მათ ყველაზე კარგად იციან, თუ რა დანაშაულები აქვს ჩადენილი ყოფილ პრემიერს.
რაც შეეხება პრეზიდენტს, სააკაშვილსა და მერაბიშვილს შორის ყველაფერი წესრიგში რომ არ იყო, ამის შესახებ ბოლო პერიოდში ინტენსიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია. თუმცა 19 აპრილის აქციამ, როდესაც მერაბიშვილმა სააკაშვილის მიტინგზე მისვლისას დატოვა აქცია, დაადასტურა, რომ მათ შორის უთანხმოებაა. მერაბიშვილმა ამით ცხადი გახადა, რომ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, აღარ არსებობს.
- მოსალოდნელია თუ არა, რომ მერაბიშვილმა დაიწყოს ჩვენებების მიცემა? მაგალითად, თუ დარწმუნდა, რომ თანაგუნდელებმა საბოლოოდ გაწირეს?
- უპირველესად, უნდა აღვნიშნოთ, რომ საზოგადოებისთვის ვანო მერაბიშვილი შემდგარი დამნაშავეა, რასაც ვერ ვიტყვით, მაგალითად, დავით ბაქრაძეზე თუ გიგა ბოკერიაზე. გამოძიებას იმდენი მტკიცებულება ექნება, რომ სულაც არ არის აუცილებელი მერაბიშვილის ჩვენებები - კრიმინალური ფაქტების დემონსტრირებაც საკმარისია. თუნდაც გირგვლიანის საქმე რად ღირს.
- შესაძლოა, გამოძიებას მართლაც ჰქონდეს ბევრ საქმეზე მტკიცებულებები, მაგრამ, ალბათ, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალი ხელისუფლების წევრებს არაერთხელ განუცხადებიათ, "ნაციონალებმა" სამთავრობო ბერკეტების გადაბარებამდე არაერთი მტკიცებულება გაანადგურესო. თუ ეს მართალია, მაშინ დიდი დატვირთვა გადადის მოწმეებზე. ერთ-ერთი ვერსიით, ასეთი მოწმე (შემდგომში პატიების გარანტიით) შესაძლოა, იყოს კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო თოფურიძე. ამ ვერსიის თანახმად, შესაძლოა, თოფურიძეს პირადი წყენაც ამოძრავებდეს, რადგან მერაბიშვილი და "ნაცმოძრაობის" ელიტა დროს ტარებისას მას ამცირებდნენ და კლოუნად გამოჰყავდათ.
- მართლაც, სოსო თოფურიძე პირადად ჰყვებოდა, "ნაცმოძრაობის" ელიტის წარმომადგენლები როგორ იგდებდნენ აბუჩად და დასცინოდნენ. გამიჭირდება იმაზე საუბარი, მისცემს თუ არა თოფურიძე მერაბიშვილის საწინააღმდეგო ჩვენებას. "ნაციონალებმა" ბევრი ადამიანი, უპირველესად, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები გახვიეს დანაშაულში. შესაბამისად, მეეჭვება, რომ სოსო თოფურიძემ, რომელმაც თურქეთს შეაფარა თავი, საკუთარი თავის წინააღმდეგაც დაიწყოს ჩვენებების მიცემა. თუმცა არაფერს გამოვრიცხავ - თოფურიძე ძველი კადრია და იცის, როგორ გამონახოს საერთო ენა გამოძიებასთან.
- თუ დაიწყო ჩვენების მიცემა, ალბათ, ბრალის შემსუბუქების იმედიც ექნება. ისე, არჩილ კბილაშვილმა თუ ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ მიანიშნეს, რომ თუ ახალაიები ალაპარაკდებიან, მათ შეღავათს გაუწევენ.
- ჩემი აზრით, ამისთვის საზოგადოებრივ აზრს ამზადებენ. სხვათა შორის, ახალი ხელისუფლება ძალიან სწორად მოიქცა, როდესაც მხოლოდ ბაჩო ახალაია დააკავა. ამან "ნაციონალები" ჯერ გააკვირვა, შემდეგ გაახარა, რომ ერთი კაცის დაკავებით გადარჩნენ, მერე კი განხეთქილება დაიწყო, ერთმანეთთან კითხვები გაუჩნდათ: ბაჩო ახალაია რომ ციხეშია, შენ რატომ ხარ გარეთ, თავისუფლება ან იყიდე, ან ჩვენს ზურგს უკან ახალ ხელისუფლებას გაურიგდიო. რაც შეეხება ახალაიებს, არ არის აუცილებელი, პირადად მათ მისცენ ჩვენებები. მათ გარემოცვაში არის ბევრი პირი, რომელთაც შეუძლიათ გამოძიებას კონკრეტული ფაქტები მიაწოდონ. ამას გააკეთებენ თუნდაც იმ "ნაციონალებზე" შურისძიების მიზნით, რომლებიც ახალაიებს გაემიჯნენ.