ბევრი "ნიუსი" მავნებელია - ამ სათაურით სტატიას გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Guardian აქვეყნებს. სტატიაში განმარტებულია რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა ავარიდოთ თავი საინფორმაციო გამოშვებებს.
ჯანმრთელობისთვის მავნებელია
ნიუსების კითხვა და მოსმენა შიშსა და აგრესიას აჩენს, ხელს უშლის შემოქმედებით პოტენციალს და სიღრმისეულ აზროვნებას აფერხებს. ახალი ამბები იგივეა, რაც შაქარი ორგანიზმისთვის - იოლად შეითვისება. მასმედია მუდმივად გვკვებავს ფაქტებით, რომლებიც სინამდვილეში ჩვენ არ გვეხება და ყურადღებასაც არ იმსახურებს. ამიტომაც არ გვრჩება დაკმაყოფილების განცდა. გამოდის, რომ ყოველდღიურად ფუჭი ისტორიების უზარმაზარ "ულუფებს ვყლაპავთ".
ორგანიზმისთვის ტოქსიკურია
"ნიუსები" გამუდმებით მოქმედებენ თავის ტვინის იმ ნაწილზე, რომელიც შინაგარ ორგანოებს, ინსტიქტურ ქმედებებს, ემოციებს, მეხსიერებასა და ძილს აკონტროლებს. თქვენ იმყოფებით ქრონიკული სტრესის ქვეშ. ძლიერდება შიში, აგრესია და იწყება მგრძნობელობის შესუსტება. აზროვნება ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს, კონცენტრირებას კი უწყვეტი დრო სჭირდება. საინფორმაციო გამოშვებები კი ისეა დაგეგმილი, რომ მუდმივად გაწყვეტინებთ დაწყებულ საქმეს. ახალი ამბები ვირუსებს ჰგვანან, რომლებიც თქვენს ყურადღებას საკუთარი მიზნებისთვის მოიხმარენ. "ნიუსები" განუხრელად ამცირებენ "მოფიქრალი" ადამიანების რიცხვს, აქვეითებენ მეხსიერებას, კონცენტრაციის დარღვევის გამო კი აღქმის უნარიც სუსტდება.
"ნიუსი" ნარკოტიკია
როცა რაიმე მოვლენის შესახებ გვესმის, გვინდა მისი გაგრძელება ან დასასრულიც შევიტყოთ. ეს სურვილი თანდათან ლტოლვად იქცევა. ამით სტიმულს ვაძლევთ თავის ტვინში არსებულ ნეირონების ჯაჭვს, რომელიც ზედაპირულ, გაცნობით ამოცანებზეა პასუხისმგებელი, ხოლო ვთრგუნავთ კითხვასა და ორიენტირებულ აზროვნებაზე პასუხისმგებელ ნეირონებს.
საინფორმაციო გამოშვებების მომხმარებელთა უმრავლესობამ, მათ შორის თავგამოდებულმა მკითხველებმაც კი დაკარგეს დიდი მოცულობის წიგნებისა და სტატიების კითხვის უნარი. 4-5 გვერდის წაკითხვა ღლით, კონცენტრაცია უქრებათ და მოუსვენრობა იპყრობთ. ეს ასაკის ან მოუცლელობის ბრალი არ არის, უბრალოდ, ტვინის სტრუქტურა შეიცვალა.
პასიურობის მიზეზი
ყოველდღიურად მოსმენა ისტორიებისა, რომლებშიც ვერაფერს ცვლი, სისტემატურად განცდა იმისა, რომ ბევრი მოვლენის წინაშე უძლური ხარ, პასიურს გხდის. საბოლოოდ პესიმისტურ, სარკასტულ და ფატალურ მსოფლმხედველობამდე მიყავხარ. "ნაკარნახევი უძლურება" - დაახლოებით ასეთი ტერმინი შეიძლება შეესაბამებოდეს მას.
და ბოლოს, ცოდნა ზღვარს უდებს შემოქმედებით პოტენციალს. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მათემატიკოსები, მწერლები, კომპოზიტორები და მწარმოებლები თავიანთ საუკეთესო ნამუშევრებს ახალგაზრდობაში ქმნიან. ძნელად იპოვით შემოქმედებით ადამიანს, რომელსაც საინფორმაციო გამოშვებებისადმი დიდი ინტერესით გამოირჩეოდეს. სამაგიეროდ, უამრავი გაავებული ადამიანი ინფორმაციას ნარკოტიკივით მოიხმარს. ასე, რომ თუ ახალი იდეებისა და გადაწყვეტილებებისთვის ემზადებით, უკვე იცით, როგორ მოიქცეთ.
მომზადებულია guardian.co.uk-ის მიხედვით