როგორ გახდა მაია ბურჭულაძე დეტექტივების ავტორი

როგორ გახდა მაია ბურჭულაძე დეტექტივების ავტორი

მაია ბურჭულაძე - ამ გვარ-სახელის მწერალი წლების წინ საზოგადოებამ ერთ-ერთი ჟურნალის ფურცლებიდან გაიცნო. დიახ, მისი ნამუშევრები ყოველკვირეულ გამოცემაში იბეჭდებოდა. მკითხველი თავიდანვე დიდი ინტერესით ეცნობოდა ამ ავტორის დეტექტივებს. თავდაპირველად არავინ იცოდა, რომ "მაია ბურჭულაძე" ფსევდონიმი იყო და მის მიღმა ლეილა ხომერიკი "იმალებოდა"...

ქალბატონ ლეილა-მაიას გასულ კვირას შინ ვეწვიე და შევეცადე, მისი პიროვნება ახლოს გამეცნო. საქმე ის გახლავთ, რომ უახლოეს პერიოდში მაია ბურჭულაძის პოპულარული წიგნები სერიიდან "იათამზე მდივანი - თვითმარქვია დეტექტივი" - ჟურნალ "რეიტინგთან" ერთად გამოვა. ასე რომ, თორმეტ დეტექტიურ რომანს მკითხველი ყოველ ორშაბათს მიიღებს.

- ვინც ჯერ კიდევ არ იცნობს თქვენს პერსონაჟს, თვითმარქვია დეტექტივს - იათამზე მდივანს, მათ რას ეტყვით?

- მოდის ზაფხული, მკითხველს უნდა დასვენება, რელაქსაცია, რაღაცის ერთი ამოსუნთქვით წაკითხვა... გეტყვით იმასაც, რომ ზაფხულის პერიოდში დეტექტივებზე განსაკუთრებული მოთხოვნილებაა. ჰოდა, მკითხველს აღნიშნულ ნამუშევართან ერთად, სასიამოვნო დასვენება ელის, რომელიც, ამავე დროს, მშვენიერი ანტიდეპრესანტიც გახლავთ. ჩემი წიგნების კითხვა მზესუმზირის კვნეტას ჰგავს. მადლობა მადლიერ მკითხველებს იმისთვის, რომ ჩემი ნამუშევრები მოსწონთ! ამას მათი წერილებიდან ვიგებ, რომლებსაც მუდმივად მიგზავნიან. უცხოეთიდან თითქმის ყოველდღე მწერენ. მთხოვენ, - იქნებ გამოგვიგზავნოთ თქვენი დეტექტივებიო. მეც ვუგზავნი. ეს პროცესი ჩემთვისაც სასიამოვნოა... რაც შეეხება თავად იათამზეს, ხალისიანი პერსონაჟია. ეს ნამუშევარი გარკვეულწილად, იუმორის სტილშიც არის დაწერილი. საშიში დეტექტივი არ არის. სიუჟეტი აღსაქმელად ხალისიანია...

- როგორ - კაცისკვლა, გვამი, სისხლი ამ დეტექტივში არ არის?

- ამის გარეშე დეტექტივი არ არსებობს. სხვაგვარად დამნაშავეც არ იქნებოდა. მაგრამ ის დამნაშავეც მეცოდება ხოლმე და რაღაცნაირად ვცდილობ, ერთგვარი გამართლება მოვუძებნო: მაგალითად, ვამბობ, რომ მძიმე ბავშვობა ჰქონდა, სითბო აკლდა, - აბა, ბოროტმოქმედად ხომ არ დაიბადებოდა-მეთქი? უბრალოდ, არ გაუმართლა...

- საერთოდ, როგორ დაიწყეთ დეტექტივების წერა?

- ისე არ ყოფილა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ავდექი და დეტექტივების წერა დავიწყე. ამ ყველაფრისკენ, როგორც ჩანს, ნელ-ნელა მივდიოდი... ბავშვობაში, როგორც კი წერა ვისწავლე და ხელში კალამი დავიჭირე, მახსოვს, ვიგონებდი ზღაპრებს და შემდეგ იმ სიუჟეტებს თავადვე, როგორც კომიქსებს, ისე ვხატავდი. ახლაც თვალწინ მიდგას: 12-ფურცლიანი, მწვანეყდიანი რვეულები, რომლებიც ჩემი ნამუშევრებით იყო გავსებული. იმ ზღაპრების პერსონაჟები იყვნენ: პრინცესები, პრინცები, დრაკონები... მოგვიანებით, ასე ვთქვათ, თინეიჯერობის პერიოდში, ის დრაკონები რეალურმა, ორფეხა "დრაკონებმა" შეცვალეს და შესაბამისად შეიცვალა ილუსტრაციებიც. იმ პერიოდში უკვე აშკარად განვიცდიდი ფრანგული ლიტერატურის (დიუმას, გი დე მოპასანის, ბალზაკის) გავლენას. უმეტესად, სათავგადასავლო რომანებს ვიგონებდი. ეს ყველაფერი გარკვეულ პერიოდამდე გაგრძელდა ანუ სკოლას რომ ვამთავრებდი, ამ გატაცებას თავი დავანებე და არც მიფიქრია, რომ ოდესმე რამეს დავწერდი, რასაც ვერ ვიტყვი ხატვაზე...

- მიუხედავად ამისა, როგორც შევიტყვე, ტექნიკური უნივერსიტეტი, წარსულში "გეპეი" დაგიმთავრებიათ. პროფესიით ინჟინერი ხართ...

- უნდა გითხრათ, რომ ადრე გავთხოვდი და ამან გარკვეულწილად, სწავლაში ხელი შემიშალა. ფეხმძიმედ გახლდით და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ბავშვი უნდა გამეჩინა. მამაჩემს არ უნდოდა, რომ წელი ჩამეგდო და ყველანაირად მეხმარებოდა, თან მისაღები გამოცდები ახლოვდებოდა და მითხრა, - მოდი, მათემატიკასა და ფიზიკაში მე თვითონ მოგამზადებ და "გეპეიში" ჩააბარეო. მართლაც, წარმატებით ჩავაბარე მისაღები გამოცდები ავტომატიკის ფაკულტეტზე. 23 ივლისს ბავშვი გავაჩინე, ხოლო 3 აგვისტოს გამოცდაზე გავედი... კარგად ვსწავლობდი და კარგადაც დავასრულე ინსტიტუტი, მაგრამ მეოთხე კურსზე მივხვდი, რომ ის პროფესია, რომელსაც ვეუფლებოდი, ჩემი საქმე არ იყო და პარალელურად, ფერწერის ფაკულტეტზე, უნივერსიტეტში ჩავაბარე. მერე ხატვამ სერიოზულად ჩამითრია. ვაწყობდი გამოფენებს, ვაბარებდი და ვყიდდი საკუთარ ნამუშევრებს. ამ საქმიანობით ინტენსიურად ვიყავი დაკავებული. ეს ყველაფერი 37 წლამდე გაგრძელდა, სანამ წერას დავიწყებდი...

- რატომ "დაიმალეთ" ანუ წერა ფსევდონიმით რატომ გადაწყვიტეთ?

- ეს ალბათ ჩემი გაუბედაობის, მორიდების, გნებავთ, კომპლექსის ბრალი იყო. როცა ხელს ჰკიდებ კალამს, გარკვეულწილ უხერხულობას გრძნობ. ფსევდონიმით კი, თავიდან გაცილებით იოლი იყო წერა. არავინ იცოდა, მაია ბურჭულაძე რეალურად ვინ იყო. წარმოიდგინეთ, თავიდან ჟურნალის რედაქტორმაც კი არ იცოდა, ვინ ვიყავი, რადგანაც ჩემი მოთხრობები რედაქციაში ჩემმა დისშვილმა მიიტანა. მას რომ არ ეყოჩაღა, ალბათ დღესაც თაროზე იქნებოდა შემოდებული... საერთოდ რისკიანი ადამიანი არ ვარ. ბავშვობაშიც მორცხვი გახლდით და მორიდებულობა დიდობაშიც გამომყვა... მახსოვს, ერთხელ ბაღში, ქოთანში ჩადებული გამხმარი ყვავილის დახატვა დაგვავალეს. ყველამ დავხატეთ. მერე ის ნამუშევრები კედელზე გააკრეს. ჩემმა ნახატმა მოწონება დაიმსახურა. შემდეგ იკითხეს: - ეს ნახატი ვისიაო? ერთი ბიჭი წამოხტა: - მე დავხატეო. - არა, მე-მეთქი, - ამოვიკნავლე, მაგრამ ჩემი სიმართლის დასაცავად ვერ ვიბრძოლე. ერთადერთი, რაც მოვახერხე, ცრემლები ჩავყლაპე... ასეთი რამ ცხოვრებაში ხშირად მომსვლია...

- არ გეუცხოებოდათ თქვენი ფსევდონიმი?

- საერთოდ, სახელთან დაკავშირებით ცოტა უცნაური ამბავი მაქვს: დედა რუსი მყავს. რომ დავიბადე, მან ნატო დამარქვა, ორივე ენაზე (ნატო, ნატალია, ნატაშა) კარგად ჟღერსო. მოკლედ, დავიბადე ნატაშა ხომერიკი. მერე მამიდაჩემმა, ნინომ რატომღაც, ჩემს მშობლებს სთხოვა, მეცით პატივი და ბავშვს ლეილა დაარქვითო... მოკლედ, ნატო-ლეილა საბოლოოდ, მაია გავხდი... ახლა კი მაია-ლეილას მეძახიან...

- ისე, მაინცდამაინც მაია ბურჭულაძე რატომ დაირქვით?

- მაია ჩემი დისშვილის სახელია, გვარი კი ჩემი შვილიშვილის გახლავთ, უფრო სწორად - ჩემი ყოფილი სიძის...

- მას მერე, რაც ყველამ გაიგო, რომ ცნობილი მაია ბურჭულაძე ლეილა ხომერიკი იყო, რა მოხდა?

- თანდათან მომეხსნა დაძაბულობა... ბევრს ეს ამბავი გაუკვირდა... მე ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ვისმენდი ჩემს ქებასაც და კრიტიკასაც. სხვათა შორის, ჯანსაღად აღვიქვამდი ერთსაც და მეორესაც და ამისთვის ყოველთვის მზად ვარ.

- ბევრისგან თქვენს ნამუშევრებზე მსმენია, - ეს ხომ მსუბუქი ჟანრია? ასე ხომ მეც დავწერდიო!

- მეც მომისმენია ეს და არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას, რადგანაც მსუბუქი ჟანრის ნამუშევრის დაწერასაც ცოდნა უნდა... თქვენ დეტექტიურ ჟანრზე მკითხეთ, რამ მოგცათ ამისთვის ბიძგიო და მინდა, ასეთი რამ გავიხსენო: სანამ წერას დავიწყებდი, ერთხელ მახსოვს, ვუყურებდი გადაცემას: "რა? სად? როდის?" - ვოროშილოვს მიჰყავდა. მან გადაცემაში რეკლამა გაუკეთა მარინინას რომანს და თქვა, ეს ძილის წინ წასაკითხი მსუბუქი ლიტერატურა გახლავთო. ვიფიქრე, ვოროშილოვი ჭკვიანი კაცია და ცუდი წიგნის რეკლამას არ გააკეთებდა-მეთქი. ჰოდა, ის რომანი ვიყიდე, წავიკითხე და იმის შემდეგ წერა ყოველგვარი გადათეთრების გარეშე დავიწყე. მერე საკუთარი ნამუშევარი თაროზე შემოვდე და დავიწყე ფიქრი იმაზე, წამეღო თუ არა რედაქციაში. როგორც უკვე გითხარით, ჩემი მოთხრობები რედაქციაში ჩემმა დისშვილმა მიიტანა... პირველი ათი მოთხრობა, შეიძლება ითქვას, რომ მოთელვა და რაღაცისკენ სწრაფვა გახლდათ. სერიული დეტექტივები მოგვიანებით დაიწყო...

- აღსანიშნავია ისიც, რომ ჟურნალში, სადაც თქვენი ნამუშევრები იბეჭდებოდა, თქვენვე უკეთებდით ილუსტრაციებს...

- კი, მე თვითონ ვხატავდი. უცნაური რამ არის, - ბავშვობას დავუბრუნდი. ის, რაც ბავშვობაში ჩემთვის კარგი გასართობი იყო, წლების შემდეგ საქმიანობად იქცა.

- წერის პროცესი სიამოვნებას განიჭებთ?

- დროდადრო... როდესაც ყოველდღიურ რეჟიმში გიწევს წერა, მუზას არ ელოდები. კომპიუტერთან რომ ჯდები, უკვე ყველაფერი ჩვეულებრივი რუტინა ხდება - ხელობა, სამსახური, სადაც თავს უნდა შეუძახო, ქეჩოში მოჰკიდო ხელი და უთხრა, - იმუშავე! ასეთ შემთხვევაში მე კი არ ვწერ, "ვაცხობ". დიახ, ერთ თვეში დაწერილი დეტექტივი სწორედაც რომ "ცხვება"! ამის პარალელურად, ბევრი რამის მოსწრება მიწევს: ოჯახის მოვლა, სახლში პროდუქტის მოტანა...

- ვიცი, რომ რამდენიმე ტელესერიალისთვის სცენარიც გაქვთ შექმნილი. რას გვეტყვით ამაზე?

- ტელესერიალისთვის: "ყავა და ლუდი" რამდენიმე სერია ჩემი დაწერილია. მერე მივიღე შეკვეთა ტელეკომპანია "იმედისგან": უნდა გადაღებულიყო 20-სერიიანი ფილმი და 20 სერიის სცენარი დავწერე, მაგრამ 2007 წელს ტელეკომპანია დაარბიეს და ეს საქმეც ჩაიშალა. შემდეგ ტელეკომპანია "პიკზე" შემომთავაზეს სერიალისთვის "დოსიე პიკადორი" სცენარის წერა. მასში ორი უკრაინელი მსახიობი ქალი თამაშობდა, ჩვენი მსახიობებიდან მთავარ როლში ზურა ყიფშიძე იყო. სულ 12 სერია გადაიღეს და შემდეგ ტელეკომპანია დაიხურა. პირველი 5 სერია დათო ჯანელიძემ, დანარჩენი კი ოთარ შამათავამ გადაიღო... სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი შეწყდა. კვანძი უნდა გახსნილიყო და მომდევნო სერიები ჰაერში გამოეკიდა...

- იათამზე მდივანის გარდა, გყავთ ასევე სერიული პერსონაჟი - დიმიტრი ძნელაძე, ჟურნალისტი, რომელსაც ტელევიზიაში კრიმინალური ქრონიკა მიჰყავს. ამ სერიას "დიმიტრი ძნელაძე კრიმინალისტიკის ლაბირინთებში" ჰქვია... ამ ნამუშევრების შესაქმნელად განსაკუთრებული გარემო, სიმშვიდე გჭირდებათ?

- წერა ყველაზე ნაყოფიერად შუადღისას შემიძლია. ერთხანს განმარტოების პერიოდი მქონდა, მაგრამ მომწყინდა ეს ამბავი. წერის დროს მჭირდება დაბალ ხმაზე ჩართული ტელევიზორი, ისიც "ნეიშენალ ჯეოგრაფიკზე". ამასთან, მოკალათებული ვარ სამზარეულოში, სადაც მიდევს ჩემი ლეპტოპი. ხანდახან ფანჯარასაც გავყურებ, შეიძლება, რომელიღაც მეზობელს მოვკრა თვალი, მაგალითად, ვიღაცამ სარეცხი გაფინოს და ეს "კადრი" სიუჟეტისთვის გამომადგეს. წერის პროცესში შეიძლება, პროდუქტის მოსატანად მაღაზიაშიც გავიქცე, მერე, ვთქვათ, შვილიშვილი მოვიდეს და მითხრას, - მათემატიკას ჩაგაბარებ, ბებიკო... ვწუწუნებ, ვყვირი - ნუ მაცდენთ!..

- რას გვეტყვით თქვენს ოჯახზე?

- მყავს მეუღლე, ორი შვილი, დედა და ორი შვილიშვილი. ქალიშვილი გათხოვილია და თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს. რა თქმა უნდა, ხშირად გვსტუმრობენ. მყავს ვაჟი, რომელიც დასაოჯახებელია... ერთადერთი, რაზეც ვწუხვარ, ის არის, რომ მამაჩემი ვერ მოესწრო ჩემს წარმატებას. ალბათ გაუხარდებოდა.

- ვიცი, რომ მხატვრობას კვლავაც არ ღალატობთ...

- კი, სწორედ დღეს დავბრუნდი ბათუმიდან, სადაც ოპერის თეატრში მოწყობილ საერთაშორისო გამოფენაში ვმონაწილეობდი. იქ ჩემი ნამუშევრები იყო გამოფენილი. ბათუმის მერიამ დაგვპატიჟა. საქართველოდან ოთხი მხატვარი ვიყავით... ძალიან მინდა, თოჯინების გამოძერწვაც დავიწყო. ოღონდ ამ საქმიანობას დრო სჭირდება, არ ვიცი, ამისთვის როდის მოვიცლი, მაგრამ ძალიან მინდა, ამ საქმესაც მოვკიდო ხელი, მაინტერესებს.

- წარმატებებს გისურვებთ.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

აუდიოწიგნები სიმბოლურ ფასად, 10 თეთრად - "გუდას" კამპანია ბავშვებისთვის

სიკვდილი მოკვდა! ოღონდ ავირჩიოთ ღმერთი!

23 ნოემბრიდან საუკუნის პროექტის „ბიბლია განმარტებებით“ 9 ტომი ახალ აღთქმას დაეთმობა