მთავარ პროკურატურაში 19000-მდე საჩივარია შესული და ადამიანები წინა ხელისუფლების დროს შელახული უფლებების აღდგენას ითხოვენ. თითქმის ყველა მათგანმა პროკურატურიდან ერთნაირი შინაარსის პასუხი მიიღო - რომ კანონიერ ძალაში შესული მათი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვისთვის აუცილებელია, პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილება განახორციელოს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მათი საჩივრების შესწავლა. პრობლემის მოსაგვარებლად, მართლმსაჯულების ხარვეზების აღმდგენი 15-კაციანი კომისია შეიქმნება, რომელსაც, მომზადებული კანონპროექტის თანახმად, უფლებამოსილების 3-წლიანი ვადა განესაზღვრება.
ცოტა ხნის წინ ყურადსაღები მონაცემები გამოაქვეყნა ორგანიზაციამ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო": როგორც გაირკვა, ჩვენში ყოველწლიურად, უამრავი მოქალაქე სახელმწიფოს როგორც მოძრავ, ასევე უძრავ ქონებასა და სამეწარმეო წილებს "სჩუქნიდა". 2004-2012 წლებში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ სახელმწიფოსთვის გადაფორმებული ქონების საერთო ღირებულებამ 163 მილიონ 175.118 ლარი, 11 მილიონ 568.836 დოლარი და 10.100 ევრო შეადგინა.
ქონებაწართმეული ადამიანები ძალიან ღელავენ, რადგან მათ საქმეებს ხანდაზმულობის ვადები გასდის, ამასთანავე, მათი კუთვნილი ქონების სხვა პირებზე სასწრაფოდ გასხვისებაც გრძელდება. ისიც კარგად ესმით, რომ კეთილსინდისიერი მყიდველისგან ქონების უკან დაბრუნება უფრო გაუჭირდებათ. რაც დრო გადის, სამართლის მომლოდინე ხალხის მოთმინების ფიალა ივსება. რეპრესირებულმა ბიზნესმენებმა მოძრაობა "დააბრუნე" შექმნეს, რომელსაც "კავკასუს ონლაინის" ყოფილი მეპატრონე, მამია სანადირაძე ხელმძღვანელობს. ამ ორგანიზაციაში 300-მდე უფლებაშელახული ბიზნესმენია გაწევრებული. ისინი აცხადებენ, რომ ახალმა ხელისუფლებამ მათ იმედი გაუცრუა და ამ 7 თვის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია მათი პრობლემის მოსაგვარებლად.
მამია სანადირაძე:
- წინა რეჟიმის მიერ დაზარალებული უამრავი ადამიანი წართმეული უფლების აღდგენასა და სამართლიანობას უშედეგოდ ვითხოვთ. ყველა ამ საქმეში ჩინოვნიკი, სახელმწიფო ინსტიტუტები ფიგურირებდა. სააკაშვილი თავისი ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებით მოქმედებდა. ჰყავდა 2 თანაშემწე - ადეიშვილი და მერაბიშვილი და ხალხს ქონებას ართმევდა. გამოსაძიებელია პროკურატურაში შესული ათასობით საქმე. მაგრამ ჯერჯერობით ძვრა არ არის, რადგან დღეს პრაქტიკულად, პროკურატურას არანაირი რესურსი არ გააჩნია, რომ ეს საქმეები შეისწავლოს. მათ აქვთ მიმდინარე საქმეები და იმას ვერ აუდიან. ისევ ძველ პროკურორებს ამუშავებენ, რომლებიც ადამიანებს საშინელ დღეში აგდებდნენ. ბატონი ბიძინა რომ მოვიდა ხელისუფლებაში, ამბობდა, რომ სამართლიანობას აღადგენდა, მაგრამ სად არის სამართალი?!
- მიგაჩნიათ, რომ 7 თვე საკმარისი უნდა ყოფილიყო ამის მისაღწევად?
- ძალიან ბევრი დროა გასული. რაც მთავარია, ამ დროში ბევრი მტკიცებულება ნადგურდება. რაც დღეს ხდება, ეს დანაშაულია და ამას, ნებსით თუ უნებლიეთ, "ქართული ოცნება" აკეთებს. აშკარა გულგრილობაა, რომ ამდენ ხანს არ იძიებ საქმეს. როცა ხედავ, რომ ეს სადავო ქონება სხვა პირებზე ფორმდება და ამის შესაჩერებლად არაფერს აკეთებ, ეს დანაშაულია. გარკვეული "მოფუსფუსე ელემენტები", რომლებიც ბიძინა ივანიშვილის გვერდით არიან, მას აშინებენ, რომ ეს თანხები სახელმწიფოს გადასახდელი იქნება და ამას ბიუჯეტი ვერ გაუძლებს.
- რა თანხებზეა საუბარი, დაახლოებით მაინც თუ შეგიძლიათ, თქვათ?
- 7 მილიარდს ასახელებენ, მაგრამ ეს მოგონილი ციფრი და ვიღაცების მზაკვრული გეგმის ნაწილია, რომ არ დაიწყოს სამართლიანობის აღდგენა. ბევრი ადამიანი უკანონოდ არის გამდიდრებული, ნაძარცვითა და ნაყაჩაღარით. ისინი ცდილობენ, ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობა "დაალაგონ". სამწუხაროდ, ბატონი ბიძინა დაჩაგრულ ხალხს არ გვხვდება. ორჯერ მივწერეთ წერილი, აქციაც გავმართეთ, მაგრამ 6 თვეში მან ვერ გამონახა დრო, ამ დაჩაგრულ ხალხს შეგვხვედროდა და ჩვენი პოზიცია მოესმინა. პატიოსანი კაცია ზაქარია ქუცნაშვილი, ადრე გვანუგეშებდა, გვერდში გვედგა, მაგრამ ახლა ჩვენს სატელეფონო ზარებს ისიც აღარ პასუხობს. 7 თვე უაზროდ დაიკარგა. საქმეებს ხანდაზმულობის ვადები გასდის, მერე რა ქნას ამ ხალხმა?.. ჩემს ბიზნესს ბავშვივით ვზრდიდი 12 წელიწადი. ჩვენი კომპანიის კაბელები მაშინ ნაჯახით იჩეხებოდა, ინფრასტრუქტურა ნადგურდებოდა, იმ აპარატურას გვიზიანებდნენ, რომელიც მონოპოლისტი კომპანიის ტერიტორიაზე გვქონდა განთავსებული. მოსახლეობასთან შემაერთებელი მავთულები მხოლოდ იმ კომპანიას ჰქონდა. დაზიანებების შეკეთების საშუალებასაც არ გვაძლევდნენ. ამას დაემატა დაძაბულობა მთავრობასთან. ვანო მერაბიშვილმა დაინახა ის შესაძლებლობები, რაც ინტერნეტს თვალთვალისა და მოსმენის კუთხით ჰქონდა. სურდა, მთელი ინტერნეტსივრცე გაეკონტროლებინა. მოითხოვდნენ, ჩვენი თანამშრომლების უნიფორმით შს სამინისტროს თანამშრომლები წასულიყვნენ სახლებში ინტერნეტის დასაინსტალირებლად ან დაზიანებულის შესაკეთებლად და იქ სათვალთვალო კამერები და მოსასმენი აპარატურა დაემონტაჟებინათ. ამას შევეწინააღმდეგე და ამიტომ გამომიცხადეს ომი. დაჭერით დამემუქრნენ.
საბოლოოდ, იძულებული გამხადეს, მეათედ ფასში გამეყიდა ჩემი კომპანია და მეუღლესა და 4 შვილთან ერთად, საქართველო დამეტოვებინა... მოთმინების ფიალა ამევსო. თუ სახელმწიფო ვერ აბრუნებს, მაშინ ჩვენ თვითონ დავიბრუნებთ ჩვენს ქონებას. წართმეული ქონება ისევ აქვთ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებული ბანდის წევრებს, ნაწილი მათი ახლობლების, ოჯახის წევრების სახელზეა გაფორმებული, ნაწილის გასხვისება ახლაც ხდება და ამას შორიდან უყურებს ახალი ხელისუფლება. ჩემი წართმეული ქონების ერთ-ერთმა ამჟამინდელმა მეწილემ, ხვიჩა მაქაცარიამ უკვე დაიტრაბახა, რომ ყველაფრის "დალაგება" მოახერხა. ეს გამოთქმა იმას ნიშნავს, რომ მან ქონება გაყო და ეს თანხები მიიღეს იმ უზნეო ადამიანებმა, რომლებიც ფულის შოვნის მომენტს ყოველთვის ელოდებოდნენ და ეს დრო დაუდგათ. როგორც ყოველთვის, ახლაც ბევრი მედროვე და გაღლეტილია მოსული ხელისუფლებაში. ასეთი ადამიანები ყოველთვის ახერხებენ, "მიეწებონ" ასეთ მოძრაობას, რომ შემდეგ "დიდი კაცები" გახდნენ. ისევ მომგებიანია ძარცვა-გლეჯა და ნაძარცვის გაყოფა, მძარცველებისთვის ხელის მომართვა და არა - დანაშაულის გამოძიება. თუ მთავრობა ჩვენზე ფიქრობს, - ესენი იყაყანებენ და მერე გაჩუმდებიანო, - ძალიან ცდება. მოთმინებასაც აქვს საზღვარი, არ გავჩერდებით.
- ამბობთ, რომ ბიზნესმენები "ალაგებენ" სიტუაციას. კონკრეტულად თუ შეგიძლიათ თქვათ, ვისთან ხდება მოლაპარაკება?
- ვისთან ლაგდება, არ ვიცი, მაგრამ აშკარად ვატყობ, რომ ჩემი საქმე უკვე გაჩერდა პროკურატურაში. ორი თვეა, პასუხს აღარ მცემენ. ამ ვითარებაში მართალი გამოდის მაქაცარიას ნათქვამი. არადა, თუ არ დაისაჯნენ დამნაშავეები, ახალმოსული მედროვეები ისეთივე ურჩხულებად გადაიქცევიან, როგორადაც ვანო მერაბიშვილი იქცა... როგორ გავიგო სიმართლე? შიგნით ვერ შევდივარ, გამოძიება არ მიმდინარეობს, ასე ველოდო და 100-მილიონიანი ქონება სხვას დავუტოვო?! ჩვენ ვხვდებით ექსპერტებს, ვაანალიზებთ ყველაფერს და ვხედავთ, რომ არსებობს ამ პრობლემის გადაჭრის გზები, მაგრამ ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამისთვის.
- ბევრი ქონება გასხვისებულია. ამ შემთხვევაში რა გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს?
- თუ ნამდვილად კეთილსინდისიერი მყიდველი იყო, არ უნდა დაზარალდეს, მაგრამ უნდა დაამტკიცოს, რომ ფული რეალურად ჰქონდა და გადაიხადა. ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთ წევრს გორში ბაზარი წაართვეს, თითქოს ებრაულმა ფირმამ იყიდა, მაგრამ თანხა - 700 ათასი ლარი ბანკში ბაზრის ჩადების შემდეგ აღებული კრედიტით გადაიხადა. ეს არის არაკეთილსინდისიერი მყიდველი: აშკარაა, ის გარიგებული იყო ეკონომიკის სამინისტროსთან, რომ ჯერ აიღებდა გორის ბაზარს, მერე ბანკში ჩადებდა ამ ქონებას და კრედიტით გადაიხდიდა. ასე მოხდა "კავკასუსის" შემთხვევაშიც. მომცეს საბაზრო ღირებულების მეათედი, ამისთვის მთელი ჩემი ქონება ბანკში ჩადეს, იქიდან აღებული კრედიტი მომცეს და უზარმაზარი ვალი დაადეს აწყობილ კომპანიას. ბანკების მოქმედებებიც დიდი კითხვის ნიშნებს ბადებს: ისინი ორგანიზებულ დანაშაულებში მონაწილეობდნენ და ამასაც გამოძიება სჭირდება. ერთხელ და სამუდამოდ, ხალხმა დამნაშავეები ციხეში უნდა იხილოს, რომ სხვებმა იგივე არ გაბედონ. ჩემი შვილები აქ იმიტომ არ ჩამომყავს, რომ არ მინდა, ძალადობა და მლიქვნელობა ისწავლონ. სანამ არ იქნება საქართველოში კანონიერება აღდგენილი, კეთილსინდისიერი და პატიოსანი ადამიანი - დაფასებული, მათ ინგლისიდან არ ჩამოვიყვან. ვიბრძოლებ, რომ ჩემმა შვილებმა აქ შეძლონ ცხოვრება, პატიოსანი შრომა და ბიზნესის წარმოება. როგორ გაჩერდეს ჯემალ ლეონიძე, როცა მას 100-მილიონიანი ქონება წაართვეს?! მის ავტოგასამართ სადგურებს ახლა "გალფი" აწერია, ციხეში გამოკეტეს და ახლა შორიდან უყურებს, მის ორმილიონიან სახლში ვიღაც ზონდერი როგორ ცხოვრობს, თვითონ კი ნათესავთან არის შეკედლებული. როგორ შეიძლება, ამას მშვიდად უყურო?! თუ არ დაისაჯა ეს ხალხი, მერწმუნეთ, არავინ არ გაჩერდება და სამართლის აღდგენას თვითონ დაიწყებს. ჩვენ უფრო მეტად ის გვაწუხებს, რომ პირველ რიგში, ჩვენი დამჩაგრავი დაისაჯოს, ფული მეორე ადგილზეა. მაგალითად, იყოს 30-წლიანი ობლიგაციები, მაგრამ ყველაზე მთავარია, დამნაშავეები დასაჯონ. კაცს სულში რომ ჩაგაფურთხებენ, ეს ყველაზე მძიმეა.
თეა ხურცილავა
(გამოდის ხუთშაბათობით)