"ლიდერთა სკოლის" ხელმძღვანელი, ეკონომისტი გია მაისაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ ხელისუფლების შეცვლიდან უკვე 8 თვე გავიდა, თუმცა ქვეყნის ტრანსფორმირებისა და ეკონომიკის გამოცოცხლების მხრივ არაფერი შეცვლილა. მაისაშვილი მთავრობისთვის ეკონომიკისა და განათლების სფეროში საკუთარი სამოქმედო გეგმის შეთავაზებას აპირებს.
"ზოგიერთი უვიცი და დაუნახავი მსაყვედურობს," რას აკრიტიკებთ ამ მთავრობას ზოგადი ფრაზებით, თუ შეგიძლიათ რაიმე კონკრეტული თქვიო" ზოგადი არასდროს არაფერი მითქვამს, რაც კონკრეტულით არ ყოფილა გამტკიცებული არც ერთი მთავრობის დროს. ამ მთავრობისთვისაც შემითავაზებია კონკრეტული სქემა სხვადასხვა სფეროში, რადგან მე ბიძინას მომხრე ვარ, არამარტო მე, არამედ მთელი ჩემი ოჯახი და მეგობრებიც.
ჩემგან არ აკლია ამ მთავრობას დახმარება, არც საქართველოში და არც საქართველოს ფარგლებს გარეთ, განსაკუთრებით კი მისთვის კრიტიკულ სიტუაციებში.
ჩვენ ყველანი მოველოდით, რომ ბიძინა პროფესიონალების გვერდში ამოყენებით მოახდენდა ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმირებას, აღადგენდა სამართლიანობის განცდას და გააცოცხლებდა ეკონომიკას. თითქმის 8 თვეა გასული და ჯერჯერობით მან ვერ შეძლო ამ ამოცანის შესრულება. ჯერ მთლად გვიანი არაა, თუმც კი გვიანდება ძალიან.
როგორც კი ლიდერთა სკოლის მიმდინარე სემესტრს დავამთავრებ და ცოტა დრო გამიჩნდება, კიდევ ერთხელ დავწერ ახალი რეალობისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმას ჯერ ეკონომიკაში და შემდეგ განათლებაში და ჩემი ფბ-ის გვერდიდან შევთავაზებ მთავრობასა და საზოგადოებას.
არ ვბრაზობ იმაზე, ვინც მთავრობის ნაცვლად მე მდებს ბრალს ინვესტორი რატომ არ ჩამოგყავსო და სამუშაო ადგილებს რატომ არ ქმნიო. ეს სისულელე მის სინდისზე იყოს. რაც შეეხება მთავრობას, არანაირი სურვილი არ მაქვს ამ მთავრობაში ყოფნის, მთელი ჩემი ყურადღება ახალი საშუალო სკოლისა და უმაღლესი სკოლის ჩამოყალიბება -აფუნქციონირებას ხმარდება ამ ეტაპზე, რომელიც მთელ მის ძალას ნამდვილი პროფესიონალების აღზრდას მოახმარს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი იქნებიან უმაღლესი რანგის სასწავლო ცენტრები-ბრწყინვალე ორგანიზაციები. და ეგებ დაუნახავებმა დაინახონ როგორ უნდა სიყვარულითა და საქმის ცოდნით, თითქმის ურესურსოდ, საქართველოში საერთაშორისი კლასის საგანმანათლებო დაწესებულების შექმნა", - წერს მაისაშვილი.