ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე იმ სპეცრაზმელთა ახალ ფოტოებს აქვეყნებს, რომლებიც ბაჩო ახალაიას წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ.
"ვაგრძელებ ფოტო-გამოფენას მათთვის, ვისაც გაინტერესებთ თუ როგორ გადიოდნენ "რეაბილიტაციას" ჩვენი დაზარალებულები თურქეთში, ქალაქ ანტალიაში 5-ვარსკვლავიან სასტუმრო "DAIMA Ritz"-ში (რაც თვითონვე დაადასტურეს დღეს სასამართლოში) ერთი კვირის თავზე რაც ისინი "აწამეს", ნეკნები ჩაუმტვრიეს, ფეხები მოტეხეს, ტვინის შერყევები მიაყენეს და ავტომატის კონდახები ურტყეს სახეში და ტანზე და მათ თავიანთი ცოლებიც კი წაიყვანეს რეაბილიტაციის კურსზე, ვინაიდან მათ თურმე დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლოთ და მომვლელი სჭირდებოდათ, ასევე წაიყვანეს ექიმი და წაიღეს წამლები. თუ რომელიმე თქვენთაგანმა აღმოაჩინეთ რაიმე სახის დაზიანება ამ ადამიანების სხეულზე, თაბაშირი, დალურჯება, ჭრილობა ან თუნდაც მოწყენილი სახე, თხოვნა მაქვს, არ დამიმალოთ, მეც გამაგებინეთ :))))))))", - წერს ნადარეიშვილი.
გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი გაიმართა. ბრალდების მხარემ პროცესზე შვიდი სპეცრაზმელის საქმეზე მოწმეები წარადგინა. საუბარია შსს სპეცრაზმელებზე, რომლებიც ბაჩო ახალიას წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. დაცვის მხარემ სხდომაზე სკანდალური ფოტომასალა წარადგინა. ჩვენებებში დაზარალებლები წერდნენ, რომ ბაჩო ახალაიას მიერ მათი წამების შემდეგ ორი თვის განმავლობაში გადაადგილება უჭირდათ, აღენიშნებოდათ მოტეხილობები და ტვინის შერყევა. ფოტოებზე კი, რომელიც დაცვის მხარემ გაავრცელა, სპეცრაზმელები წვრთნებიდან შვიდი დღის შემდეგ თურქეთის ხუთვარსკლავიან სასტუმროებში არიან გადაღებულები. მათ ძალადობის არანაირი კვალი არ აღენიშნებათ. ბაჩო ახალაიას ინტერესების დამცველის, გოგა ონიანის განცხადებით, სპეცრაზმელებს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა ვანო მერაბიშვილის მოადგილემ აიძულა და სანაცვლოდ ისინი შალვა ჯანაშვილმა თურქეთში დასასვენებლად გაუშვა.