ქართველმა დიზაინერმა, ანუკი არეშიძემ უკრაინულ ონლაინ გამოცემა bestin.ua-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. კახი კალაძის მეუღლემ ისაუბრა ოჯახზე, საქმეზე და ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა.
- როგორია თქვენი ჩვეულებრივი დღე საქართველოში? მოგვიყევით თბილისში თქვენი საყვარელი ადგილების შესახებ, სადაც ოჯახთან ერთად დროს ატარებთ.
- ჩემი დღე დილის 9 საათზე იწყება, როდესაც უფროსი ვაჟიშვილი საბავშვო ბაღში მიმყავს (ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს: ვსწავლობ რუსულს, ინგლისურსა და იტალიურს, ზოგ დღეებში კი მუსიკა მაქვს), შემდეგ მივდივარ ატელიეში, ვიღებ შეკვეთებს, ვიღებ კლიენტების ზომებს. ANOUKI BICHOLLA ქართველ მოდის მიმდევრებს აცმევს. შემდეგ ვხვდები პარტნიორებს, 17:00 სთ-ზე უფროსი ვაჟი ბაღიდან გამომყავს და შეძლებისდაგვარად ვსეირნობთ სუფთა ჰაერზე. საღამოობით კერძო მასწავლებლის დახმარებით ფსიქოლოგიას ვეუფლები. მე და კახას დღის ძალიან დაძაბული რეჟიმი გვაქვს, ამიტომ ვცდილობთ თავისუფალი დრო ოჯახთან ერთად სახლში გავატაროთ.
-როდის გაგიტაცათ მოდის სამყარომ?
- ბავშვობიდან დედაჩემი რწმენას მმატებდა. მე მაღალი, ქერა ვიყავი, ეს კი ჩვენთან იშვიათობაა. დედაჩემი ყოველთვის მარწმუნებდა: "შენ ყველაზე ლამაზი ხარ."
- შეიძლება თბილისს "მოდის დედაქალაქი" ეწოდოს?
- თბილისი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ერთ-ერთი ყველაზე მოდური დედაქალაქი იყო. ახლა ვცდილობთ ყურადღება არ მოვადუნოთ, ყველაფერი ისე არაა, როგორც გვინდა.
- შეგიძლიათ დაასახელოთ ის ქართველი დიზაინერები, რომლებიც გეამაყებათ?
- დიახ, ესენი არიან David Koma და Gvasaliia, რომელიც Louis Vuitton-ის მოდის სახლში მარკ ჯეიკობსთან მუშაობს.
- თქვენ დიზაინს მილანში Istituto Marangoni-ში სწავლობდით. რას იტყვით ამ ცნობილ დაწესებულებაზე?
- ძალიან ბედნიერი ვარ, რომ Istituto Marangoni-ში ვსწავლობდი და სხვათაშორის, არა მხოლოდ იქ. მე ასევე დავამთავრე Akademia del Lusso. კმაყოფილი ვარ, რომ იტალიაში ყოფნისას დრო ტყუილად არ გავფლანგე.
- რა არის თქვენი შთაგონების წყარო?
- ყოველთვის ვიცი რისი მიღწევა მინდა და როდესაც სასურველ შედეგს ვიღებ, ეს უდიდეს სიამოვნებას და მუშაობის გაგრძელების ძალას მანიჭებს. მუშაობის ბედნიერება და აპლოდისმენტები ჩვენების შემდეგ - აი ეს არის ჩემი შთაგონება.
- შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ იმ გოგონას იმიჯი, რომელიც ბრენდ ANOUKI BICHOLLA-ს ატარებს?
- ჩვენი გოგონა უნდა იყოს კრეატიული, სექსუალური, კონსტრუქციული, თავდაჯერებული, უნდა ჰქონდეს შარმი და აუცილებლად უნდა გამოირჩეოდეს მასისგან.
- მალე კიევში გაიხსნება concept-store ANOUKI BICHOLLA...
- ჩვენ, როგორც ბრენდი, პრაქტიკულად კიევში დავიბადეთ! ჩვენს შესახებ უკრაინული მედიის მეშვეობით შეიტყეს. ჩვენ შემოვიტანეთ ახალი მიმართულება, ფერები, ხაზი და ახალი ხედვა. ახლა ეს გვავალდებულებს, რომ ჩვენი პირველი ნაბიჯი სწორედ კიევში გადავდგათ. გარდა ამისა, ჩვენ ვგრძნობთ დიდ სიყვარულს, ინტერესს და პატივისცემას თქვენგან, ამიტომ ჩვენი მხრივ, გვინდა სიყვარულით გიპასუხოთ.
მომზადებულია bestin.ua-ს მიხედვით.