გასულ კვირას პრეზიდენტმა უნივერსიტეტში სტუდენტებთან მედიისგან დახურული შეხვედრა გამართა. იქ, სადაც განათლებაში არსებულ პრობლემებზე უნდა ესაუბრათ, უცნაურია, მაგრამ ამის გარდა, თითქმის ყველა თემას შეეხნენ. დახურული შეხვედრა სტუდენტების ნაწილმა პროტესტის ნიშნად ხმაურით დატოვა, სწორედ მათ უწოდა პრეზიდენტმა ჩე გევარები. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას არც ერთი ტელევიზიის კამერა არ ესწრებოდა, ინტერნეტსივრცეში სტუდენტების მიერ ტელეფონით გადაღებული სკანდალური ვიდეოები გავრცელდა, სადაც პრეზიდენტი უცნაური ტერმინოლოგიით საუბრობს. ჩვენი დღევანდელი რესპონდენტები ყველაზე აქტიური ჩე გევარები არიან. თეკლა ჯამრულიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია, მარიამ შენგელია ილიაუნში სწავლობს, ათუკა ქარჩხაძე და თორნიკე ტატიშვილი - სამხატვრო აკადემიაში. ისინი სტუდენტური გაერთიანება "სტუდენტები აკადემიური თავისუფლებისთვის" წევრები არიან.
თეკლა:
- პრეზიდენტთან შეხვედრის წინა დღეს ინტერნეტით გავიარეთ რეგისტრაცია და მეორე დღეს უპრობლემოდ მოვხვდით დარბაზში. ამ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის ლექტორებმა განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს სთხოვდნენ, ვეტო დაედო იმ კანონპროექტისთვის, რომ უნივერსიტეტს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი დაბრუნებოდა და არაკომერციული პირის სტატუსი შეენარჩუნებინა. ეს სტატუსი დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ შეუცვალეს, რასაც ძალიან ვაპროტესტებთ სტუდენტები. როდესაც პრეზიდენტი მოდის უნივერსიტეტში, მას კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ უნივერსიტეტი არ არის ბირჟა, სადაც უხამს ჭორებს მოჰყვება თავის შესახებ. ჩვენი მიზანი არ ყოფილა მისთვის შეკითხვის დასმა, მან თავისი ცხრაწლიანი პრეზიდენტობით ჩვენს ყველა შეკითხვას საქმით გასცა პასუხი.
- მაშინ რა იყო თქვენი მიზანი?
- გვინდოდა, მთავარი მესიჯი გაგვეჟღერებინა და როგორც მიხეილ სააკაშვილისთვის, ასევე საზოგადოებისთვის და ახლანდელი ხელისუფლებისთვის მიგვეწვდინა ხმა. გვეთქვა, რომ მაღალი ხარისხის განათლების სისტემა აკადემიურ თავისუფლებას მოითხოვს, რომლის გარეშეც საზოგადოების განვითარებაც წარმოუდგენელია. ცხრა წლის განმავლობაში უნივერსიტეტის პროფესორებს ათავისუფლებდნენ პოლიტიკური ნიშნით, როგორც ლელა გაფრინდაშვილისა და ნოდარ ხადურის შემთხვევაში მოხდა. ხადური არჩევნების შემდეგ დააბრუნეს. სტუდენტებს დევნიდნენ თავისუფალი აზრის გამო და უნივერსიტეტი იმ მანკიერი სისტემის ნაწილი გახდა, რომელიც ქუჩაში კლავდა ადამიანებს, მათ თავისუფლებას უზღუდავდა, აწამებდა პატიმრებს ციხეში.
- თუმცა ამაზე ჰქონდა პრეზიდენტს პასუხი, რომ ეგ იმავე სერიიდან არის, საიდანაც ის, რომ ვიღაცას "ძუძუებს აჭამდა".
- მე კითხვა არ დამისვამს, ვუთხარი, რომ უნივერსიტეტი არის ის სივრცე, სადაც პროფესორები და სტუდენტები თავად წყვეტენ ნებისმიერ საკვანძო საკითხს. თუ ეს ასეა, ჩვენ დღეს საქართველოში უნივერსიტეტი არ გვაქვს და ეს სწორედ მისი მოღვაწეობის შედეგია, რომ უნივერსიტეტი იმ მანკიერი სისტემის ნაწილი გახდა, რაც ზევით ვახსენე. ამიტომ ჩვენ გვჭირდებოდა სხვანაირი უნივერსიტეტი, მაღალი ხარისხის განათლების სისტემა და პრეზიდენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ ის ამ პროცესებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს, რადგან უნივერსიტეტის საკითხს უნდა წყვეტდნენ პროფესორები და სტუდენტები. ამის შემდეგ პასუხს არ დაველოდეთ და ოცდაათამდე ადამიანმა სააქტო დარბაზის დატოვება დავიწყეთ.
- პრეზიდენტის განცხადებებიდან თქვენთვის ყველაზე მოულოდნელი რომელი იყო.
- არც ერთი. მან ილაპარაკა ზვიგენებზე, რომელიც მასა და მის მეუღლეს უყურებდნენ. აღმაშფოთებელი იყო კომენტარი, რომელიც ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გააკეთა. არ შემიძლია, ბოდიში არ მოვუხადო ამ ადამიანის მშობლებს და სამწუხაროა, რომ უნივერსიტეტში გააკეთა ეს კომენტარი. ჰკითხეს ციხის სკანდალზეც, რაზეც არაადეკვატური პასუხი გასცა, რომ ეს იყო დადგმული, რომ მას გიორგი ლიფონავამ დაურეკა და უთხრა, რომ დამონტაჟებული იყო, გიორგი ლიფონავა ძალიან კარგი რეჟისორია და მას ენდობა, რაშიც შემდეგ თავადაც დარწმუნდა. ასევე ახსენა პროქტოლოგიური ექსპერიმენტი, რომლის ჩატარებასაც მისი მეგობარი მეუღლეზე ცდილობდა. თუმცა ჩაატარეს თუ არა, არ ვიცი. მან თქვა, რომ ეს ყველაფერი შეუძლებელია, რაც მივიჩნევ, რომ უპასუხისმგებლო განცხადებაა.