ნინო ჩხეიძის "ფეისბუქის" ერთ-ერთი სტატუსი ამას წინათ ინტერნეტსივრცეში საჯარო განხილვის საგანი გახდა. ნინო წერდა, რომ თუკი გარკვეული პერიოდის წინ ის "ვიპ" პერსონა იყო და თბილისის მოდის კვირეულის ყველა ჩვენებაზე ეპატიჟებოდნენ, ახლა მოსაწვევი მხოლოდ დათუნა სულიკაშვილისგან მიიღო. საინტერესო დეტალი ისაა, რომ ნინო თავად იყო თავისი კომპანიებით ერთხელ ამ მოდის კვირეულის სპონსორი და მაშინ, რასაკვირველია, ორგანიზატორებს მისთვის მოსაწვევები არ დაუშურებიათ. ნინოს გარშემო კიდევ ერთი აჟიოტაჟი მაშინ ატყდა, როცა გაირკვა, რომ ვანო მერაბიშვილი ოჯახით მის ბინაში ცხოვრობს. ამ ყველაფრის შესახებ ნინომ "რეიტინგთან" გულახდილად ისაუბრა და არც ერთი შეკითხვა უპასუხოდ არ დაუტოვებია.
- ძალიან სახალისო იყო შენი ბოლოდროინდელი სტატუსი მოდის კვირეულთან დაკავშირებით. შენი "ვიაიპობა" ვეღარ იგრძენი?
- გულით ვიმატებ ყველა მეგობარს სოციალურ ქსელში და მგონია, რომ ყველა ისეთი ადამიანი მყავს "ფეისბუქში", ვინც ჩემს დეპრესიას, ცუდ თუ კარგ ხასიათს ცუდად არ გამოიტანს სადმე. იმავე დღეს ჩემმა ამ სტატუსმა მოიარა ინტერნეტსივრცე, როგორც ტოპნიუსმა (იღიმის). მე დავწერე ის, რასაც ვფიქრობდი. მერე ბევრმა ჩემმა მეგობარმა მკითხა, რატომ დაწერეო, მაგრამ მივიჩნევ, რომ ახლა თამაშის დრო არ არის. მრავალი წლის განმავლობაში ყოველდღე ვიღაც გაუგებარი ადამიანები მეპატიჟებოდნენ მოდის კვირეულებზე, საკუთარ დაბადების დღეებზე. ჩემთვის ადამიანებთან პირადი ურთიერთობისას ვიღაც მთავრობაშია თუ არა, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მივიჩნევდი, რომ რადგან მეპატიჟებოდნენ, ჩემთან ურთიერთობა მათთვის საინტერესო იყო. მეგონა, ალალად მეპატიჟებოდნენ. აღმოჩნდა, რომ 1-ლი ოქტომბრის მერე, ვისაც მეგობრად მიიჩნევდი, ვინც გეპატიჟებოდა ყველაფერზე, აღარ არის შენი მეგობარი და არსად გიწვევს. შესაბამისად, მოდის კვირეულზეც არავის მივუწვევივარ. არც ერთ ჩვენებაზე არ დამპატიჟეს დათუნა სულიკაშვილის გარდა. ალბათ დრომ აჩვენა ყველაფერი, დათუნას მოუნდა, როგორც მეგობარს, ჩემი დაპატიჟება. პრობლემა კი არ იყო მოდის კვირეულზე მოხვედრა. რომ მნდომოდა, წავიდოდი, უბრალოდ, ძალიან გამიკვირდა. საინტერესო ისიც არის, რომ ადრე რადიო "აფხაზეთის ხმა" თბილისის მოდის კვირეულის სპონსორი იყო (იღიმება). ყველანაირად გვერდში ვედექით მის ორგანიზატორებს, სულ გვაკავშირებდა მეგობრობა.
- თაკო ჩხეიძე გიგზავნიდა მოსაწვევებს თუ დიზაინერები?
- ვინც იყო ორგანიზატორი, ის მიგზავნიდა, ამიტომაც გამიკვირდა. არა, არც გამიკვირდა, ცოტა მეწყინა. მე ყოველთვის ზუსტად ვიცი, როგორი ურთიერთობა მაქვს ადამიანებთან.
- ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ძველ დროს და რაიმე პრივილეგიას მისტირი...
- რა თქმა უნდა, ძველ დროს არ მივტირი. საერთოდ, არ მახასიათებს ასეთი რამ. ჩემზე, როგორც პიროვნებაზე, ნინო ჩხეიძეზე არ აისახება, ვინ არის მთავრობაში. ჩემთვის მთავარია მეგობრობა და ურთიერთობები. არ მაინტერესებს, ვინ სად იქნება. არ მივიჩნევ, რომ რაიმე ცუდისკენ შეიცვალა. ვერავის დავაბრალებ ჩემს უმოქმედობას. მე აქამდეც ვმუშაობდი და ამის შემდეგაც ვიმუშავებ. მთავრობის დამსახურებით არანაირი პრივილეგია არ მქონია, პრივილეგია მქონდა იმიტომ, რომ თავად ვიმუშავე ბევრი. ეს ხალხის დამსახურებაა, რომელმაც დიდი სიყვარული და სითბო დამანახვა. ჩემმა ხალხმა მაგრძნობინა, რომ ერთი სიმღერის შემდეგ მეორე და მესამე უნდა ჩამეწერა. თუ ვიმუშავებ და გავაკეთებ ისეთ სიმღერას, რომელიც ბევრს მოეწონება და რეიტინგული იქნება, აუცილებლად დამიფასდება, დარწმუნებული ვარ. თუ არ გავაკეთებ, ფეხს ფეხზე გადავიდებ და დაველოდები პოლიტიკურ ვითარებას ან ზეციურ მოვლენას, ეს არ იქნება ჩემი მხრიდან ჯანსაღი დამოკიდებულება. ასეთი რამ არასდროს გამიკეთებია ჩემი კარიერის აწყობისას და არც მომავალში გავაკეთებ.
- შოუბიზნესი სულ იყო გაყოფილი ბოლო წლების განმავლობაში "ამისიანად" და "იმისიანად"...
- მეც ვიყავი მხარდამჭერი და ამას არ უარვყოფ. საერთოდ, მივიჩნევ, რომ პოლიტიკა შოუბიზნესში არ უნდა იჭრებოდეს. ყველას თავისი მოსაზრება აქვს და ყველას შეუძლია, ეს პოზიცია ჯანსაღად გამოხატოს. ეს არ უნდა გადავიდეს აგრესიაში, პათოლოგიასა და ფანატიზმში. დებატებში ჩარევას არასდროს მივიჩნევდი საჭიროდ, რადგან არ მიმაჩნია თავი ისეთ კომპეტენტურ ადამიანად პოლიტიკაში, რომელიც უნდა ერეოდეს ამ სფეროში. მე მაქვს ჩემი პოზიცია, მაგრამ არასდროს გამილანძღავს სხვა. საერთოდ, პოლიტიკა არ მაინტერესებს. ეს რომ ჩემი საქმე იყოს, წავიდოდი პოლიტიკაში და გავაკეთებდი ისეთ გათვლებს, როგორსაც კარიერისთვის ვაკეთებ, პიარის კუთხით და სხვა მიმართულებებით, გამოვიდოდი ინტერვიუებით, მაგრამ ეს არ არის ჩემი. მე არ ვღალატობ ჩემს პოზიციას, მეგობრებს, მენტალობას. არასწორია, როდესაც ამ ყველაფერს ერთმანეთში ურევენ. იყო მომენტები, როდესაც ჩემი კოლეგები ერთმანეთის მიმართ აგრესიით იყვნენ განწყობილი, რაც მიუღებლად მიმაჩნია. შენ შეიძლება ერთი მოგწონდეს, მე - მეორე, მაგრამ ერთმანეთის დამოკიდებულებას პატივი უნდა ვცეთ. ერთადერთი, ვისიც არ მესმის, ის ადამიანები არიან, რომლებიც არჩევნების შემდეგ ამბობდნენ, შევცდითო.
არ უარვყოფ, რომ ვიყავი "ნაციონალური მოძრაობის" გვერდით ყველა აქციაზე, რადგან მჯეროდა, მჯერა და მწამს ამ ძალის და მქონდა ჩემი შეხედულებები. ჩემ გარშემო იყო მრავალი ადამიანი, რომელთაც ერთ კვირაში შეიცვალეს აზრი, არჩევნების შედეგების მიხედვით შეიცვალეს შეხედულებები. ასეთი ფერისცვალებების არ მჯერა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩაციკლული ვარ კონკრეტულ ძალაზე და ვერ ვხედავ იმას, რაც ხდებოდა და ხდება ცუდი. ყველაზე კრიტიკული იმ ადამიანის მიმართ ვარ, რომელიც მიყვარს. თუ ჩემიანია ადამიანი, მას ყოველთვის მივუთითებ და ვეტყვი, თუკი რაიმეს არასწორად აკეთებს. ყველას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ უნდა გამოხვიდე და იყვირო, შევცდი, შევცდი და ტყუილად ვარიგებდი ხუთიანიან მაისურებსო. მთავარია, ცხოვრება ადეკვატურად აღიქვა. სწორად აღქმა ის არის, რომ მიხვდე, სად არის კარგი მხარე და სად ცუდი. თუ მხოლოდ კარგს ხედავ, არასწორ გზაზე ხარ და პირიქით. მე ორივე მხარეს სწორად აღვიქვამ, ასე მგონია.
იხილეთ სტატიის სრული ვერსია