ტელეწამყვანი თიკო სადუნიშვილი კარგა ხანია, ეკრანს მიღმაა დარჩენილი. თუმცა, რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას რესტორან "ლა ტრუფეში" მომხდარი ინციდენტით შეახსენა თავი. ის იმ ჩხუბს შეესწრო, რომელშიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც მონაწილეობდნენ. ამის შემდეგ თიკო სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს (სტილი დაცულია):
"ჩვენმა მშობლებმა და ჩვენმა თაობამ ბევრი წელი იცხოვრა ქვეყანაში, სადაც კანონი არ კანონობდა, ადამიანებს შორის მომხდარ კონფლიქტებს ე.წ. "ქურდები" აგვარებდნენ, "კაი ბიჭის" დები სამუდამოდ ქალიშვილებად რჩებოდნენ, მაშინდელი სასაუბრო ლექსიკონი კი, ძირითადად, რუსული "ჟარგონისგან" შედგებოდა. 9 წელი კიდევ ცოტა იყო მენტალიტეტის შესაცვლელად. მოდი, ვაღიაროთ, ჩვენში ეს ყველაფერი ისევ დევს და თუ ნებას დაგვრთავთ, ყველაფერს იმ წუთიდან გავაგრძელებთ, სადაც დაგვაპაუზეს, თან ზუსტად ისეთივე წარმატებით, როგორც ეს ადრე გამოგვდიოდა. ჩემი შვილი 11 წლის არის და არ იცის, რას ნიშნავს კანონიერი ქურდი, ძველი ბიჭი, კაი ბიჭი და მე ეს მეამაყება! როცა გვესმის ფრაზა "წარსულში დავბრუნდებით," ეს ხომ ჰაერიდან არ მოდის?! ჩვენ პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველას გვყავს ნაცნობი ამნისტირებული თუ დღესაც პატიმარი, ნარკომანი თუ წამლით გაპარული მეგობარი, მოკლული ან სხვისი მკვლელი. საქმის კურსში თუ არ ხართ, მაშინ მე გეტყვით: ციხეში მყოფი პატიმრები ისევ ქურდობაზე ოცნებობენ, ჩვენი სადარბაზოები ისევ ინსულინის "შპრიცებით" მიმოიფანტა. უახლოეს წარსულში რამდენი დააყაჩაღეს, რამდენი გააუპატიურეს, რამდენი მოკლეს და ამის მერე კიდევ იტყვით "ოცნებას" კაცი არ მოუკლავსო?!"
"კვირის პალიტრა" თიკო სადუნიშვილს დაუკავშირდა: - რაც დავწერე, მე არ გამომიგონია, ჩემი თვალით ვნახე და ჩემი ყურით გავიგონე. ბოლო დროის მოვლენებისა და "ლა ტრუფეში" მომხდარი ამბის თვითმხილველი ვარ.