2013 წლის "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლები სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი, სიმღერით "Waterfall" მე-15 ადგილზე აღმოჩნდნენ .
58-ე "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსის გამარჯვებული დანიის წარმომადგენელი ემილიე დე ფორესტი გახდა, საკონკურსო სიმღერით "Only Teardrops". მან - 281 ქულა მოიპოვა. ამ გამარჯვებით დანიამ მოიპოვა "ევროვიზია 2014" - ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი.
მეორე ადგილზე აზერბაიჯანის წარმომადგენელი ფარიდ მამადოვი აღმოჩნდა - 234 ქულით, ხოლო მესამე ადგილი უკრაინის კონკურსანტმა ზლატა ოგნევიჩმა დაიმსახურა - 214 ქულით.
რიგით 58-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს შვედეთის ქალაქი მალმე მასპინძლობდა. კონკურსში 39 ქვეყანა მონაწილეობდა.
შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" განახორციელა. ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მხარდამჭერი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იყო.
საკონკურსო სიმღერა "Waterfall" ქართველებისთვის შვედმა კომპოზიტორმა ტომას ჯეისონმა შექმნა. სცენოგრაფიაზე რეჟისორი ლაშა ონიანი მუშაობდა. სასცენო კოსტიუმები ქართველი კონკურსანტებისთვის დიზაინერმა ავთანდილ ცქვიტინიძემ შექმნა.
საქართველომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო, როდესაც სოფო ხალვაშმა მე-12 ადგილი დაიმსახურა, სიმღერით "My Story".
2008 წელს ქვეყანა ევროფესტივალზე დიანა ღურწკაიამ წარადგინა, სიმღერით "Peace Will Come". მომღერალი 11-ე ადგილზე აღმოჩნდა.
2009 წელს, საქართველოს შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებული ჯგუფი "სტეფანე და 3G" გახდა, თუმცა, მოგვიანებით, საქართველომ კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
2010 წელს ოსლოში გამართულ რიგით 55-ე ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელი სოფო ნიჟარაძე საუკეთესო ათეულში მოხვდა. კონკურსზე, რომელშიც 39 ქვეყანა მონაწილეობდა, მან მეცხრე ადგილი დაიკავა.
2011 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელმა ჯგუფმა "Eldrine", სიმღერით "One More Day" მეცხრე ადგილი დაიკავა.
2012 წლის ევროფესტივალს ქართველი კონკურსანტი ანრი ჯოხაძე სიმღერით, "I'm a Joker" ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშა.
2013 წლის ევროფესტივალზე საქართველო სოფო გელოვანმა და ნოდიკო ტატიშვილმა წარადგინეს, სიმღერით "Waterfall" და მე-15 ადგილი დაიმსახურეს.