8 მარტს კასპში, ომარ (თამაზ) ნავროზაშვილის ეზოში მოულოდნელად, პოლიციელები შეიჭრნენ. დაუპატიჟებელი "სტუმრები" იქ გადაჭრილ თოფს ეძებდნენ. გაკვირვებულმა ოჯახის უფროსმა ძალოვანებს უთხრა, რომ ასეთ ნივთს მის სახლში ვერ იპოვიდნენ. "ოპერატიული ინფორმაცია გვაქვს, სასწრაფოდ ჩხრეკა უნდა ჩავატაროთ", - უთხრეს მას და ოთახებში შეცვივდნენ. მათი შეჩერება ოჯახის დიასახლისმა, ზინაიდა თეთვაძემ სცადა და ჩხრეკის ორდერი მოითხოვა.
სამართალდამცველებს ორდერი არ აღმოაჩნდათ, ისინი დიასახლისს უხეშად მოექცნენ, რაზეც მისი ქალიშვილი იქვე ჩაიკეცა და გონება დაკარგა...
ომარ ნავროზაშვილს ძალოვანებმა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება წაუყენეს და 2.000-ლარიანი გირაო გადაახდევინეს.
ომარ ნავროზაშვილი:
- ნახევარი საათი ჩემი შვილი გონზე ვერ მოგვყავდა. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, შვილს დავტრიალებდით და სასოწარკვეთილები, პოლიციელებს "სასწრაფოს" გამოძახებას ვთხოვდით. ამაზეც უხეში უარი მივიღეთ. არც უნერვიულიათ, ახალგაზრდა გოგო გონწასული ბეტონზე ეგდო, ისინი ოთახებში დარბოდნენ და რაღაცას ეძებდნენ. გამომძიებელ სლავა სირბილაძის მხრიდან ზეწოლას, აგრესიასა და მუქარას ჰქონდა ადგილი. ერთადერთი, ვინც ადამიანურად მოიქცა, პოლიციელი ლევან გუგულაშვილი იყო, - ჩემი შვილის გადარჩენას ცდილობდა... ალბათ არასდროს დაგვავიწყდება ის საშინელი დღე. დღემდე ვერ ამიხსნია, ვის დასჭირდა ჩემი ოჯახის დაწიოკება... ვფიქრობ, ეს არის საბოტაჟი ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ - ვიღაცებს უნდათ, მოსახლეობას იმედი დაუკარგონ. მიჭირს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ სოფელში თითით საჩვენებელი ოჯახი მაქვს. ჩვენთვის მუდამ პატიოსნება იყო მთავარი, სუფთა ცხოვრებით მიცხოვრია და უცებ დამნაშავის იარლიყი მომაკერეს, რასაც ძალიან განვიცდი.
- როგორც შევიტყვე, თქვენს ოჯახში პოლიციელების შემოჭრის წინადღეს ძმა დაკრძალეთ...
- კი, 7 მარტს დავკრძალეთ და 8-ში მის საფლავზე გასასვლელად ვემზადებოდით... ჩემი უფროსი ძმა - გიორგი ჭიდაობის "ჯადოქარი" გახლდათ... მეც მოჭიდავე ვიყავი და ჭადრაკსაც ვთამაშობდი. მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი ვარ, ოღონდ, ძმისგან განსხვავებით, საქართველოს მასშტაბით... 20 წლის განმავლობაში სკოლაში ფიზიკა-მათემატიკას ვასწავლიდი, მერე დირექტორის მოადგილედ დამაწინაურეს. მოგვიანებით, კასპის განათლების განყოფილების სასკოლო ინსპექტორი გავხდი. ლამისყანის თემის დეპუტატიც ვიყავი. 2006 წლამდე კასპის რაიონის საკრებულოში ვმუშაობდი, მაგრამ სააკაშვილის პოლიტიკას არ ვიზიარებდი, ამის გამო რეპრესიის მსხვერპლი გავხდი, სამსახურიდან დამითხოვეს... მოკლედ, ჩემმა ოჯახმა რეპრესია უკვე მერამდენედ განიცადა...
- რას გულისხმობთ?
- 1949 წელს, ჯერ კიდევ ჩვილი იყო ჩემი მეუღლე, როცა უსამართლობის მსხვერპლი გახდა. მისი ოჯახი შუა აზიაში გადაასახლეს. უკიდურეს სიდუხჭირეში, ოჯახთან ერთად, 7 წელი გაატარა... უკვე გითხარით, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ სამსახურიდან იმის გამო დამითხოვეს, რომ სააკაშვილის რეჟიმის უკანონობებს არ ვემხრობოდი. ამას, სკოლიდან ჩემი მეუღლის გათავისუფლებაც მოჰყვა - აიძულეს, განცხადება დაეწერა. ის რუსული და ფრანგული ენების მასწავლებელია. უმაღლესი კატეგორიის ერთადერთი სპეციალისტი იყო ლამისყანის სკოლაში. იმავე წელს სამსახურიდან ჩემი გოგოც გაათავისუფლეს, ბიჭი არსად მიიღეს და მთელი ოჯახი ულუკმაპუროდ დავრჩით. ანგარების გარეშე ვიბრძოდით ხელისუფლების შესაცვლელად და "ქართულ ოცნებას" მხარს ვუჭერდით. არჩევნების შემდეგ სამსახურებში აღდგენა არ მოგვითხოვია. ვფიქრობდი, რომ ეს ცვლილებები ჩემს ოჯახსაც შეეხებოდა. ყველაფერი პირიქით მოხდა... ჩემი ოჯახის მიმართ განხორციელებული ქმედება მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა... მინდა, აღიკვეთოს პატიოსანი ხალხის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები და პასუხი აგებინონ დამნაშავეებს. ერთხელ და სამუდამოდ, კასპის პოლიციელთა მხრიდან ძალადობა უნდა შეჩერდეს.
- რაში გადანაშაულებდნენ?
- მითხრეს, რომ "გეკოს" გადაჭრილ თოფს ეძებდნენ. მათ სასწრაფოდ გამოვუტანე მამაჩემის ნაქონი სანადირო თოფი, რომელიც რეგისტრირებული იყო. ამ იარაღზე პრეტენზია არ გვაქვსო, - მიპასუხეს. მამა წლების მანძილზე საბჭოს თავმჯდომარე იყო. სამამულო ომის მონაწილე, მონადირეთა კავშირის წევრი იყო და იარაღი ძალიან უყვარდა. ის წლების წინ გარდაიცვალა. როცა იარაღის გადასაფორმებლად პოლიციაში მივედი, 70 ლარი მომთხოვეს. ეს თანხა არ მქონდა. მითხრეს, რომ ამის გამო პრობლემა არ შემექმნებოდა; ფულს როცა ვიშოვიდი, იარაღს ჩემს სახელზე მაშინ გადავიფორმებდი. მოკლედ, იმ იარაღს გაუფორმებელს ვინახავდი... "გეკო" ბუნებრივია, არ მქონდა და ვერც იპოვეს, სამაგიეროდ, მამაჩემის კარადაში ძველი ქარხნული ტყვიები აღმოჩნდა. მას მერე, რაც მამა გარდაიცვალა, მის უჯრას არ შევხებივართ. არ უყვარდა, მის უჯრაში სხვა რომ იქექებოდა, ამიტომ არავინ ვეკარებოდით. ასე რომ, პოლიციელებმა ის ტყვიები მე მომაწერეს და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვაში დამადანაშაულეს.
- აღიარეთ, რომ ის ტყვიები თქვენს სახლში იყო?
- სიმართლე გითხრათ, პოლიციელების დევნის თავი არ მქონდა, რადგან გონებადაკარგულ შვილს ვასულიერებდი. არც ის არის გამორიცხული, რომ ის ტყვიები მათ ჩაეყარათ უჯრაში, მაგრამ ამასაც დამტკიცება უნდა. ამიტომ იძულებული ვარ, დავეთანხმო მათ ვერსიას და ვთქვა, რომ მამაჩემის ნაქონი ტყვიები მის უჯრაში ინახებოდა. თუმცა მათი სიძველე ექსპერტიზას უნდა განესაზღვრა. ნაწილობრივ ვაღიარებ დაუდევრობას. ალბათ ამდენი წლის მანძილზე მამის უჯრები უნდა დამეთვალიერებინა, მაგრამ რას ვიფიქრებდი, იმ ძველ კარადაში ტყვიები თუ იქნებოდა?!. პროკურატურამ ბრალი წამიყენა და სასამართლომ ჯარიმა დამაკისრა. ძნელია, არ აღშფოთდე, როცა უდანაშაულო ადამიანს ასე გექცევიან... ამბობდნენ, ოპერატიული ინფორმაცია გვაქვსო, მაგრამ შეიძლება ცრუ, საეჭვო ინფორმაციის საფუძველზე პატიოსანი ოჯახი ააწიოკო და გული გაუხეთქო?! ამ ფაქტით მთელი სოფელი აღშფოთებულია. ყველამ იცის, რომ კანონდარღვევა არასოდეს ჩაგვიდენია... კასპის პოლიციის უფროსს ჩემმა ვაჟმა ჩხრეკის ორდერის ჩვენება რომ მოსთხოვა, მან აგდებულად უპასუხა, - ინტრიგანობას თავი დაანებეო!.. ვერ ავიტან იმას, რომ კრიმინალად შემრაცხონ. ჭრილობა, რომელიც ახალი ხელისუფლების დროს მოგვაყენეს, არასოდეს შეგვიხორცდება.U არ ვიცი, უცნაური დამთხვევაა თუ არა, მაგრამ ფაქტია, - ვაუჩერი, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის დარიგდა, რატომღაც მე არ მიმიღია; მითხრეს, სიაში არ ხართო. ახლა თქვენ თქვით, რა ჰქვია ამ ყველაფერს?
- წაყენებული ბრალი აღიარეთ?
- არ მინდოდა, ტყუილი მეღიარებინა, მაგრამ ჩემ მიმართ ზეწოლა და მუქარა იყო. მომთხოვეს, ოქმზე ხელი მომეწერა და ნაწილობრივ ბრალი მეღიარებინა. განსაკუთრებით, გამომძიებელი სლავა სირბილაძე აქტიურობდა. მითხრეს, თუ ამას არ აღიარებ, ციხეში გაგიშვებთ, სასამართლოს პატიმრობის მოთხოვნით მივმართავთო. წაყენებული მუხლი 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და იძულებული ვიყავი, მეღიარებინა ის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ისეთ სახელმწიფოს რა ვუთხარი, რომელიც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეს, წინაპრის მიერ შენახული, რამდენიმე დაობებული ვაზნის აღმოჩენის გამო სასტიკად სჯის და სურს, დაღუპოს.
- ჯარიმა მოგესაჯათ?
- 1.000-ლარიანი ჯარიმა და ერთწლიანი პირობითი პატიმრობა - ეს იყო შეთავაზება. მითხარით, რა ლოგიკაა? მითხრეს, თუ 2.000 ლარს გადაიხდი, მაშინ ნასამართლობა არ გექნება და განრიდებას გაგიკეთებთო. 10 აპრილს გამომძიებელი ალექსანდრე რთველიაშვილი ტელეფონით დამიკავშირდა და ეს პირობა წამომიყენა. სამართალს სად ვიპოვიდი?!. ციხეში რომ წავსულიყავი, გული გამისკდებოდა და იძულებული გავხდით, უმუშევარი, განადგურებული ოჯახი, ერთადერთ ხეხილის ბაღს შევლეოდით - გაგვეყიდა და ეს თანხა საპროცესო გარიგებაში გადამეხადა. ეს ფულიც არ მეყო და ჩემმა შვილმა ვალიც აიღო. 2.000 ლარი მოგონილი დანაშაულისთვის გადავიხადე. მოვითხოვ, ცრუ და ლაჩარი დამსმენების, უკანონო ბრძანების გამცემისა და შემსრულებლის დასჯას. ასევე მოვითხოვ, ჩემს ოჯახს მორალური ზიანი აუნაზღაურონ... ჩემი მეუღლე აღიარებულია რეპრესიის მსხვერპლად. როცა გამოაცხადეს, რომ დაზარალებულებს კომპენსაციას მისცემდნენ, საჩივარი სასამართლოში ჩვენც შევიტანეთ და მეუღლისთვის მიყენებული ფიზიკური და მორალური ზარალის ანაზღაურება მოვითხოვეთ. თუმცა დღემდე ეს საქმე განუხილველია და არანაირი კომპენსაცია არ მიგვიღია. რადგან მე, როგორც მამის მემკვიდრეს, მაგებინეს პასუხი და ამხელა თანხა გადამახდევინეს, კეთილი ინებონ და ჩემს მეუღლესაც გადაუხადონ კუთვნილი თანხა! თუ სამართალი არ აღდგა, მაშინ მივმართავ დიპლომატიურ კორპუსს და რომელიმე ქვეყანას პოლიტიკურ თავშესაფარს ვთხოვ. მერწმუნეთ, ამდენს არ გესაუბრებოდით, ცამდე მართალი რომ არ ვიყო. მინდა, ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობა მოვიხადო და განვაცხადო, რომ პოლიცია ახალი ხელისუფლების პირობებშიც აგრძელეს უკანონობას. მინდა, სამართალი სამუდამოდ აღდგეს და ასე უკანონოდ არავის მოექცნენ საქართველოში.
აღნიშნული საქმის ირგვლივ კომენტარი ვთხოვეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ნინო გიორგობიანს. მისი თქმით, შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციისა და შესაბამისი ორდერის საფუძველზე, კასპის რაიონის სოფელ ლამისყანაში მცხოვრები ომარ ნავროზაშვილის სახლის ჩხრეკისას გაუფორმებელი სანადირო თოფი და 33 ცალი "გეკოს" ვაზნა ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით (სსსკ-ის 236 მუხლის 1-ლი ნაწილით) დაიწყო. თუმცა ომარ ნავროზაშვილი სამართალდამცველებმა 2.000 ლარის გირაოს სანაცვლოდ, განრიდებით გაათავისუფლეს. ამოღებულ სანადირო თოფზე კი მომსახურების სააგენტოს მიმართეს განცხადებით და ნავროზაშვილს მის გადაფორმებაში დაეხმარნენ. გიორგობიანის თქმით, პოლიციელების მხრიდან არაკანონიერ მოპყრობასთან დაკავშირებით ნავროზაშვილს არანაირი საჩივარი არ შეუტანია.
თეა ხურცილავა
(გამოდის ხუთშაბათობით)