პოლიტოლოგი გია ნოდია დღევანდელ აქციას "ფეისბუქით" ეხმაურება. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღე სამარცხვინოა ქართული ეკლესიის ისტორიაში.
"ეს ის შემთხვევაა, როდესაც მთავრობას ვერ დააკისრებ მთავარ პასუხისმგებლობას მომხდარზე: ზოგადად, ის ყველაფერზე აგებს პასუხს, მაგრამ ამ შემთხვევაში ის ეცადა თავისი ფუნქციის შესრულებას, ოღონდ ძალა და/ან კომპეტენცია არ ეყო (შდრ. 8 თებერვალი, როცა შეგნებულად აცემინა ოპოზიცია). დიდია ცთუნება გავამტყუნოთ ზოგადად საზოგადოება და ვილაპარაკოთ მის „ველურობაზე“. კი, ეს იყო მასობრივი ველურობის დემონსტრაცია, მაგრამ გარკვეულ კონტექსტში ყველა საზოგადოება შეიძლება გაველურდეს. საზოგადოებაზე ლაპარაკი პასუხისმგებლობის გადღაბნაა. დღეს, უპირველეს ყოვლისა, შავი და სამარცხვინო დღეა კონკრეტული ორგანიზაციის - ქართული ეკლესიის ისტორიაში. ის მოგვევლინა, როგორც ველურობის და არა ცივილიზაციის წამხალისებელი ძალა...
ნებისმიერი გამონათქვამი (კერძოდ, წულუკიანის), რომ პოლიციამ შეასრულა თავისი ფუნქცია, რა თქმა უნდა, სამარცხვინოა. ეცადა, კი ბატონო, ესეც დავუფასოთ (სამწუხაროდ, საქართველოში ამასაც არ ველით ხშირად), მაგრამ არ გამოუვიდა. იმდენის შნო უნდა ჰქონდეთ, რომ შავზე თეთრი არ თქვან...
ახლა ამ მთავრობის აპოლოგეტად არ გამომიყვანოთ. ლგბტ უფლებების დაცვა ამ შემთხვაში, პრაქტიკულად, შეტაკების თავიდან აცილებას ნიშნავს, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ შეძლეს, და ამ აშაკარა ფაქტის აღიარებაც კი უნდათ...", - წერს ნოდია.