"მათე მოტორსის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გელა ბარკალაია იმ პრივილეგირებულ ადამიანთა რიცხვში იყო, რომელსაც ბიზნესის წარმოებისთვის ყველა გზა ხსნილი ჰქონდა. ისიც ამაყობდა ნაციონალებთან მეგობრობით, მარშალ გელოვანის გამზირზე, საკუთარ ოფისთან, ყვავილებით ხუთიანიც კი ამოატვიფვრინა. ერთ დღეს მისი და ძველი მეგობრების გზები გაიყარა. ბარკალაია დააკავეს და სოლიდური თანხა გადაახდევინეს.
გელა ბარკალაია: - უცხოეთიდან სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ავტომობილები შემოგვყავდა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გვქონდა ფილიალები და ბიზნესი გამართული იყო. სახელმწიფო მანქანების 99%-ის შეკეთებაც ჩემს ფირმაში ხდებოდა. არც ვანო მერაბიშვილსა და არც ერთ პოლიციელს არასოდეს უთქვამს, საბურავს უფასოდ წავიღებ, ან მანქანა უფასოდ გამირეცხეო. 5 000-მდე მანქანას ვემსახურებოდი, აქედან 50% "პიკაპის" ტიპის მანქანები იყო, რითაც სპეცრაზმი გადაადგილდებოდა.
6 წელი გრძელდებოდა ასე. 2009 წელს კი საგადასახადო ისე შემოვიდა, თითქოს ბინ ლადენთან ვყოფილიყავით შეკრულები.
- არ წახვედით მეგობარ მინისტრთან სიტუაციის გასარკვევად?
- ვანოს მოადგილესთან, შალვა ჯანაშვილთან მივედი და ვუთხარი, გამაგებინე, რა ხდება-მეთქი. დამპირდა, გავარკვევო. მესამე შეხვედრაზე გამომიცხადა, ჩემთან არ მოხვიდეო. ამ დავაში 500 000-ლარიანი ჯარიმა გამომიწერეს, მერე კიდევ დაამატეს და 800 000-მდე ავიდა. სიტუაციის გასარკვევად ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილთან მივედი, მითხრა, წესიერად გემუშავაო. არადა, ამ ფაქტამდე ერთი კვირით ადრე მითხრა, შენნაირი გადამხდელი არ მყავსო. ამ საუბარს მოჰყვა მასთან დაპირისპირება და თანხაც მილიონამდე ავიდა. არ გადავიხადე. ბაინდურაშვილის ხალხი მეუბნებოდა, ხმაური არ ატეხო და ისე მოგიგვარებთ ყველაფერს, ოღონდ ვანომ და ადეიშვილმა არ გაიგონო. მეხუთე დღეს მოვიდა მათი წარმომადგენელი და მითხრა, ყველაფერი მოგვარებულია და სახელმწიფოს მხოლოდ ერთი ცალი "ნისან კაშკაი" საჩუქრად გადაეციო (60 000 ლარის ღირებულების). ჩემი წარმომადგენელი გავუშვი რუსთავში მანქანის გადასაფორმებლად, თურმე მთელი გენინსპექცია იქ დახვდა. უთხრეს, ამ დოკუმენტს მოაწერე ხელიო, ისიც ადგა და მოაწერა, ბეჭედიც დაარტყა. მოკლედ, მოტყუებით მოაწერინეს ხელი. აღმოჩნდა, რომ ამ დოკუმენტით მანქანა კერძო პირს, ფინანსურის ერთ-ერთ თანამშრომელს ვითომ აჩუქა