"კაცმა რომ შენიშვნა მიიღოს, მისი სახელი კობა უნდა იყოს, ხოლო გვარი დავითაშვილი", - გვითხრა "ხალხის პარტიის" თავმჯდომარე კობა დავითაშვილმა.
- კობა, გამუდმებით რატომ ჩხუბობთ?
- მე არ ვჩხუბობ, სიმართლეს ვამბობ. ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული ვარ და მინდა მათი პრობლემები ხელისუფლებამდე მივიტანო, რაც ზოგჯერ ემოციურად გამომდის, ვამლაშებ ხოლმე.
- ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა, რომ მოწოდებით ხართ ოპოზიციონერი.
- ბატონმა ბიძინამ თქვა, გუნდის წევრები მარწმუნებენ ამაშიო და საინტერესოა, ვინ იგულისხმა? თვითმიზნად არასოდეს მქონია ოპოზიციაში ყოფნა და ამიტომაც განვაცხადე, თუკი სადმე რთული უბანია მთავრობაში, მზად ვარ, ავიღო პასუხისმგებლობა და ჩავუდგე იმ სამინისტროს სათავეში.
- ორი თვის წინ ამბობდით, არ მომწონს, სამართლიანობის აღდგენა რომ იგვიანებსო. მას შემდეგ რამე შეიცვალა?
- ჩემი თვითმიზანი არ არის ვინმეს დაჭერა. მთავრობა არ უნდა განსაზღვრავდეს, სამი-ოთხი კაცი უნდა დავიჭიროთ თუ - 400. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, ვის მიმართაც არსებობს ბრალდება და მტკიცებულება. პოლიტიკური ამნისტიის იდეის მოწინააღმდეგე არა ვარ, მაგრამ ის ისე უნდა ჩატარდეს, როგორც ფინანსური ამნისტია. ფინანსური ამნისტიის დროს მოქალაქე აცხადებს, რომ კანონი დაარღვია. რადგან ის დანაშაულს აღიარებს, სახელმწიფო აპატიებს. პოლიტიკურ ამნისტიასაც წინ აღიარებები უნდა უძღოდეს.
- ეს იდეა რამდენიმე თვის წინ გაახმაურა ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ დანაშაული არავის უღიარებია.
- პოლიტიკური ამნისტია როგორ უნდა გამოვუცხადოთ ხალხს, რომელიც ამბობს, ძალიანაც კარგად ვიქცეოდით ხელისუფლებაში ყოფნისას და გული იმაზე გვწყდება, რომ უფრო კარგად ვერ გჟეჟეთო? თუ ადამიანი იტყვის, ვწუხვარ, რომ იმ რეჟიმს ვემსახურებოდი, რომელიც ადამიანის უფლებებს თელავდა და ღირსებას ულახავდაო, მას უნდა ეპატიოს, მაგრამ ჩვენი ამოცანა არ უნდა იყოს, "ნაციონალური მოძრაობა" შევინარჩუნოთ როგორც პოლიტიკური ძალა. პოლიტიკურ ასპარეზზე ვინ დარჩება, ხალხი გადაწყვეტს არჩევნებზე. მიმაჩნია, რომ პარლამენტის ახლანდელი შემადგენლობა არ ასახავს საზოგადოების ნება-სურვილს და აუცილებელია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
საპრეზიდენტო არჩევნების მერე, ვგონებ, "ნაციონალური მოძრაობა" გაქრება. "ქართულ ოცნებაში" ჩანს ტენდენცია, რომ მისთვის მისაღებია ოპოზიციად "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც, როგორც კი ხმას ამოიღებს, თავში ჩაარტყამენ, 9 წლის განმავლობაში რას აკეთებდითო. უკმაყოფილო ვარ იმ კომპრომისით, რაც "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის იქნა მიღწეული.
- რა საკითხზე შედგა ეს კომპრომისი?
- პარლამენტმა მიიღო კანონი "საერთო სასამართლოების შესახებ" და ნაფიც მსაჯულებზე. პრეზიდენტმა ორივეს ვეტო დაადო, მაგრამ მას მერე, რაც შედგა შეთანხმება, უმრავლესობამ უარი თქვა ნაფიცი მსაჯულების კანონზე დადებული ვეტოს დაძლევაზე. "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონი უკვე შევიდა ძალაში და როგორც ჩემი კოლეგები ფიქრობენ, აღარ არსებობს მართლმსაჯულების შეფერხების საფუძველი. ამიტომაც მივმართავ მთავარ პროკურორს: რა ხდება ჩემს საქმეზე, რა ხდება გახმაურებულ მკვლელობებზე?