ფაიფურის ფინჯანს ქართული ხელრთვით აწერია: "რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემის". ყვავილებით მოხატული ლამბაქიც წარწერიანია: "ეყავნ ობოლთა, ვითარცა მამა"... ცოტა დაუჯერებელიც კი არის, რომ ამ ფინჯნით ვსვამ ყავას, რომელიც ყველასთვის საყვარელმა მსახიობმა რუსუდან ბოლქვაძემ მომიდუღა. ჩემ წინ, ნამცხვრის თეფშზეც წარწერაა - "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი".
ამ სერვიზით ალბათ იშვიათად სარგებლობენ ოჯახში, რადგან ეს ძვირფასი რელიკვიაა, რომელიც ბებიისგან (დედის დეიდისგან) - შუშანიკ ასათიანისგან დარჩათ როგორც მოგონება ან ანდერძი და შეგონება... თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი თავისუფალ დროს ქათქათა ფაიფურის ჭურჭელს ამ შეგონებებს აწერდა და ხატავდა.
ყველა ჭურჭელი განსაკუთრებულია, დროში განფენილი ფუნქცია აქვს. ცხადია, უბრალოდ არ გამოუღიათ განჯინიდან ეს სერვიზი. სწორედ იმაზე ვლაპარაკობთ, "რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების"...
რუსუდან ბოლქვაძის პატარა, ლამაზ ბინაში კედლებზე ძველ ფოტოებს ვუყურებდი... ადრეც ვკითხე ერთ-ერთი ფოტოს შესახებ, რომელზეც სასულიერო პირი იყო გამოსახული, - ვინ არის-მეთქი? ჩემი დიდი პაპა, დეკანოზი გიორგი ასათიანიაო... ახლა, როცა გიორგი ასათიანის ქალიშვილის, რუსუდანის მიერ შემკული ფინჯნებით ხელში ვსაუბრობთ, წარსული მეტად გვიახლოვდება და მასპინძელიც ხალისით მიამბობს:
- დეკანოზი გიორგი ასათიანი ბებიაჩემის მამა იყო, 1931 წელს 84 წლისა გარდაიცვალა ლოცვისას. წინამძღვრიანთკარში მსახურებდა მოძღვრად. თავად სოფელ გალავნიდან იყო, იქ ჰყავდა ოჯახი.
ერთ კვირადღეს ილია წინამძღვრიშვილი და ილია ჭავჭავაძე დასწრებიან წინამძღვრიანთკარში წირვას. ახალგაზრდა მოძღვრის ქადაგებამ საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე და ილიას ქვისლის, დიმიტრი სტაროსელსკის დახმარებით თბილისში გადმოიყვანეს.
შემდეგში თბილისის ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობდა... თითქმის ყველა ჯგუფურ ფოტოზე, რომელზეც ილია ჭავჭავაძეა ასახული, ისიც არის.
როცა დღევანდელ პეტრიაშვილის ქუჩაზე ცნობილი ღვინის ქარხანა გაიხსნა, დეკანოზმა გიორგიმ აკურთხა, მანვე აკურთხა მუხრანის ხიდი, რომელიც საოცარი არქიტექტურული ნიმუში იყო.
ბევრი სიტყვა და ქადაგება გვაქვს შენახული, რომელსაც პაპა ფანქრით წერდა. მაგალითად, გვაქვს ალექსანდრე ყაზბეგის გასვენებისას წარმოთქმული მისი სიტყვა.
დიდ საზოგადო მოღვაწე და მეცენატ დავით სარაჯიშვილს მან აუგო წესი...
ჩვენს ოჯახს ილიასთან ნათელ-მირონიც აკავშირებდა. გიორგი ასათიანის ვაჟი, ლავრენტი, მისი ნათლული გახლდათ. 1937 წელს დახვრიტეს. ლავრენტი ასათიანი სოციალ-დემოკრატი იყო... ბებიას ერთ-ერთი და იხსენებდა: ერთხელ მოვიდა ლავრენტი აღელვებული შინ. დაგვისვა უმცროსები (ცხრა დედმამიშვილი იყვნენ) და გვითხრა, - დუქანში ვისხედით, მთვრალი კაცი შემოვიდა და თქვა, ილიას მკვლელობაზე ბევრი რამ ვიციო... დები პატარები იყვნენ და ვერ დაიმახსოვრეს მისი მოყოლილი დეტალები...
ლავრენტისაგან განსხვავებით, მამამისი, დეკანოზი გიორგი, საბჭოთა ხელისუფლების რისხვას გადაურჩა... ლავრენტის ერთ-ერთი ძმა, მამის სეხნია გიორგი, პოლონეთში ცხოვრობდა. რევოლუციის შემდეგ საზღვარი ჩაიკეტა და ვეღარ ჩამოვიდა... ომის დროს სასწაულებრივად გადარჩა. შავგვრემანი შეიძლებოდა ებრაელში არეოდათ. გერმანიის საზღვრის ახლოს, პატარა ქალაქ ზელიონაგურაში ცხოვრობდა, მეზობლად ებრაელები სახლობდნენ. მათ წასაყვანად მოსულან... გიორგისთანაც შესულან - ვინ ხართო. კავკასიელი ქართველიო. რითი დაგვიმტკიცებთო. რითი უნდა დამემტკიცებინა, ბანტიანი გიტარა მქონდა, ჩამოვიღე და "სულიკო" ვიმღერეო... გადარჩა.