საჩხერის რაიონის მკვიდრთ სიმშვიდე აქვთ დაკარგული - ადამიანების მოტაცება, რასაც ჩვენმა წინაპარმა ლეკიანობა უწოდა, XXI საუკუნეშიც გრძელდება. ქართველ კაცს თავისი მიწა-წყლიდან ლეკის ნაცვლად დღეს ოსი იტაცებს. რამდენიმე დღის წინ ოსებმა საჩხერის რაიონის სოფელ ხვანის 4 მცხოვრები ტყიდან გაიტაცეს. "კვირის პალიტრა" ხვანში პეტრე რიკაძეს ესტუმრა, რომლის შვილი, შვილიშვილი და ძმისშვილი ოსებს ჰყავდათ დატყვევებული.
პეტრე რიკაძის შვილიშვილი, 22 წლის თორნიკე რიკაძე, საწოლში დაგვიხვდა. თორნიკეს დედამ გვითხრა, - ძალიან განერვიულებულია. დაკავებისას ბიჭს სამხედრო ფორმა ეცვა და ამის გამო გააწამეს. ჯარში ყოფილხარ და ცხინვალი შენი დანგრეულიაო. არადა, ომის დროს სკოლის მოსწავლე იყო.
თორნიკე დილით წაუყვანიათ ოსებს. მე საღამოს მითხრეს, იარაღიანმა ხალხმა ტყიდან წაიყვანაო. დედა რომ ასეთ ამბავს გაიგებს, როგორ უნდა იყოს? ვნერვიულობდი, არ მომიკლან-მეთქი. მეექვსე დღეს დაბრუნდა ტყვეობიდან - გამხდარი, განაწამები. რადგან ცოცხალი დამიბრუნდა, აღარაფერს ვჩივი.
თემურ რიკაძე, თორნიკე რიკაძის მამა: "ჩვენი სოფლიდან 20 კმ-ის მოშორებითაა ის ადგილი, სადაც ჯონჯოლს ვკრეფთ. თორნიკე რომ დაატყვევეს, ცოტა მოშორებით ვიყავი და ვერ დავინახე. ვითომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო დააპატიმრეს, ჩვენსა და ოსურ მხარეს სამანქანო გზა ყოფს. გზის ზემოთ ოსების ტერიტორიაა, ქვემოთ - ჩვენი. პირიქით, ოსები გადმოვიდნენ ჩვენკენ და გზიდან ასი მეტრის მოშორებით დაატყვევეს ბიჭები. რომ მითხრეს, თორნიკე წაიყვანესო, მაშინვე მობილურზე დავურეკე. ზარი გავიდა, მაგრამ გათიშეს, ოსებს წაურთმევიათ.
თორნიკემ გვიამბო, ტყეში მეგობართან ერთად ვიყავი, როდესაც იარაღიანი კაცი დაგვადგა თავზეო. მოშორებით კიდევ 6 ფორმიანი მდგარა. წინააღმდეგობა არ გაუწიეს, რადგან შარშან ორი ჩვენი თანასოფლელი ოსებმა იმის გამო ჩაცხრილეს, რომ გაქცევა სცადეს. თორნიკე და მისი მეგობარი ჯავაში რომ ჩაიყვანეს, დაარეკვინეს, არ იდარდოთ, ოსებს მივყავართ ცხინვალშიო. ამის მერე ბიჭის არაფერი ვიცოდით. ისე გავმწარდი, 10 წლის სიცოცხლე მომაკლდა. აღდგომა და გიორგობა იყო, მაგრამ ჩვენ რა გვედღესასწაულებოდა. კვერცხი შევღებეთ, მაგრამ პირში ლუკმა არ ჩაგვიდვია. თორნიკემ გატაცებიდან მეექვსე დღეს დარეკა, გორის ტეკთან ვარ და სახლში მოვდივართო. შვილის ხმა რომ გავიგონე, სიხარულისაგან ავტირდი... ომის მერე დაიწყო გატაცებები, თორემ 2008 წლამდე ჯონჯოლის საკრეფად რომ მივდიოდით, ღამით კარავში ვრჩებოდით და კაციშვილი ხმას არ გვცემდა. ახლა მეშინია, ოჯახში არ შემომიცვივდნენ, რადგან აქვეა ოსების მიერ გავლებული საზღვარი.
ისინი თუ აკონტროლებენ თავიანთ მხარეს, ჩვენებმაც გააკონტროლონ, გვაჩვენონ, სად არის საზღვარი და არ გადავალთ. ტყეში თუ ვერ შევედით, როგორ ვიცხოვროთ?
ჩვენი შემოსავლის წყარო მაყვალი, სოკო და ჯონჯოლია".
პეტრე რიკაძე, თორნიკე რიკაძის ბაბუა, 83 წლის: "ჯერ ჩემი შვილიშვილი თორნიკე წაიყვანეს ოსებმა, სამი დღის მერე ჩემი შვილი თენგიზი და ძმისშვილი. რომელი ერთი მედარდა? ადამიანები ასე როგორ უნდა გაირეკონ, პირუტყვი ხომ არ არის, ადამიანია? თემური რომ გამშრალი მოვიდა სახლში, თორნიკე წაიყვანესო, ვიღრიალე, სად დაკარგე, შვილო, ბიჭი-მეთქი. თავში ხელს ვირტყამდი. თორნიკე რომ სახლში არ მყავდა, წყალსაც ვერ ვსვამდი. ვფიქრობდი, რომ წავიდე, სად წავიდე-მეთქი. ძალა მაქვს თუ რა? საცოდავად ჯოხით დავდივარ. მინდოდა, მთელი ხმით მეყვირა, თორნიკე, ბაბუა, სად ხარ-მეთქი, მაგრამ გამაგონებდა? დამიძახებდა, აქ ვარო? (ტირის). როგორც ქორმა წიწილი, ისე წაიყვანეს ჩემი გაზრდილები. ჩემს შვილსა და რძლებს თვალებში ვეღარ ვუყურებდი. რა მეთქვა, რით მენუგეშებინა, ავტომატი და სასროლი რომ აქვს კაცს ხელში, რა იცი, რა მოუვა თავში".
არჩილ რიკაძე, ერთ-ერთი დატყვევებული, 60 წლის: "ტყეში ჯონჯოლი მოვკრიფე და გზაზე რომ მოვდიოდი, შევამჩნიე, ჩირგვებში ვიღაც იმალებოდა. ჩემი თანასოფლელები მეგონა და თავზე დავადექი, აქ რას იმალებით-მეთქი და უცებ 7 ავტომატიანი კაცი გამოვარდა ჩირგვებიდან. ერთი ოსი იყო, დანარჩენი რუსები. შიშისაგან ავკანკალდი.