ავიაკომპანია Virgin Airlines-ის დამფუძნებელმა, ბრიტანელმა მილიარდერმა რიჩარს ბრენსონმა წაგებული ნიძლავის შემდეგ კონკურენტის რეისზე ბორტგამცილებლად იმუშავა.
მილიარდერმა ბორტგამცილებლის მოვალეობები ავიაკომპანია AirAsia-ს რეისზე შეასრულა. AirAsia მალაიზიელ ბიზნესმენ ტონი ფერნანდესს ეკუთვნის. ექვსი საათის განმავლობაში, ავსტრალიიდან მალაიზიამდე, ბრენსონი მგზავრებს ემსახურებოდა და მათთვის საჭმელი და სასმელი დაჰქონდა. მოვალეობის შესასრულებლად მაგნატს ქვედაბოლოსა და ზედატანის ჩაცმა, ფეხების გაპარსვა და ტუჩების შეღებვა მოუწია.
ფერნანდესმა, რომელთანაც ბრენსონმა ნიძლავი წააგო, იმავე რეისით იმგზავრა. მან ბრენსონის შესრულებული სამუშაო უარყოფითად შეაფასა, რადგან ბრენსონმა მას წვენი განზრახ გადაასხა. ამის გამო AirAsia-ს მფლობელს შარვლის გამოცვლა მოუწია. დაშვების შემდეგ ფერნანდესმა და ბრენსონმა ერთად ფოტო გადაიღეს.
ბრენსონმა ნიძლავი 2010 წელს წააგო. ბიზნესმენები "ფორმულა -1"-ზე დანიძლავდნენ. ბრიტანელი მილიარდერის გუნდმა Virgin-მა 12-ე ადგილი დაიკავა და ადგილი ჯგუფ Team Lotus-ს დაუთმო, რომელიც ფერნანდესს ეკუთვნის. ბრენსონი ნაძლევის შესრულებას 2011 წელს აპირებდა, მაგრამ ხელი ტრამვამ შეუშალა, რომელიც მაგნატმა თხილამურებით სრიალისას მიიღო.
მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.