ის, რაც არ ძალუძს ჩვეულებრივ ადამიანს, ხელეწიფება უმაღლეს სასულიერო პირს... დიახ, უდიდესი ძალა აქვს სამღვდელოების კურთხევას, მით უფრო - ეპისკოპოსისას, რომელიც ამქვეყნად სამოციქულო საქმიანობის აღმსრულებელი, რაც მთავარია, მქადაგებელია ქრისტეს სიტყვისა... ამის საილუსტრაციოდ მინდა, შეგახვედროთ იმ ადამიანებს, ვინც პატრიარქების კურთხევითა და დალოცვით ისეთ საქმიანობას შეუდგნენ, რომელზეც მანამდე არც უფიქრიათ, უფრო მეტიც - ვერც კი წარმოიდგენდნენ, თუკი ოდესმე შეძლებდნენ...
მომღერალმა თამარ ჭოხონელიძემ სამი წელია, ბისერებით ხატების შემკობა დაიწყო:
- 2008 წლის 5 აგვისტოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან გახლდით მისული. მე და მარიამმა პატარა კონცერტიც ჩავუტარეთ. თან გვახლდა დათუნა ალადაშვილი (მარიამის მეგობარი) - უნიჭიერესი ბიჭი, რომელიც ამერიკაში სწავლობს. მინდოდა, ამერიკაში გამგზავრების წინ პატრიარქს დათუნა დაელოცა და ამის შესახებ ვუთხარი კიდეც. უეცრად მომიბრუნდა უწმინდესი და მკითხა: თამრიკო, შენ არ ხატავ? - არ ვხატავ-მეთქი, - მივუგე, თან, გამეცინა. - რატომ გაგეცინაო? - მაგ საქმეში უნიჭო ვარ-მეთქი, - ვუპასუხე. - არა ხარ უნიჭოო, - და ხანმოკლე პაუზის შემდეგ ხაზგასმით აღნიშნა: - უნდა ხატო! - ცოტა კატეგორიულადაც კი მითხრა... გარკვეული დროის შემდეგ, ერთ-ერთმა უცნობმა ქალბატონმა დიდი სიყვარულით, საჩუქრად ბისერებით გაწყობილი ხატი გამომიგზავნა. იმ პერიოდში ავად ვიყავი, ამ ხატის ჩემს ოჯახში შემობრძანებამ გამოჯანმრთელებაში შემიწყო ხელი... იმ ქალბატონის მიმართ მადლობის მეტი რა მეთქმის?!. გარკვეული ხნის შემდეგ მეც გამიჩნდა სურვილი, ხატები ბისერებით შემემკო და გამეწყო, მაგრამ სრულიად განსხვავებული ტექნოლოგიით დავიწყე შემოსვა, ვიდრე ნაჩუქარი ხატი იყო დამუშავებული: ნამუშევრებს მეტი სიღრმე მივეცი, გამოსახულებების მეტად გამოკვეთა მომინდა... პირველი, რასაც ხელი მოვკიდე, ანჩისხატის მაცხოვრის ხატის რეპროდუქცია გახლდათ, რომელიც სახლში მქონდა. ცუდად იყო დაკეცილი და მისი გაახლება გადავწყვიტე... ჩემი პირველი ნამუშევარი საირმის ქუჩაზე მდებარე ეკლესიას შევწირე...
მე მყავდა საოცარი მოძღვარი - დეკანოზი გრიგოლი, რომელიც "ლურჯ მონასტერში" მსახურობდა, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. მანამდე ცოტა ხნით ადრე მასთან მივედი და ვუთხარი: მამაო, ასეთი საქმიანობა დავიწყე და თქვენი კურთხევის გარეშე ალბათ ნაბიჯს ვერ გადავდგამ-მეთქი. - დარწმუნებული ვარ, უგუნურ ნაბიჯს არ გადადგამ, უბრალოდ, ფრთხილად იყავი, კანონიკურობა არ დაარღვიო, ამას ყურადღება მიაქციეო... ისე მოხდა, რომ იმ საუბრიდან ძალიან ცოტა ხანში მამა გრიგოლი გარდაიცვალა... დღე-ნახევარში, მის სახელზე ივერიის ღვთისმშობლის ხატი შევმოსე, რომელიც "ლურჯ მონასტერში" საკურთხეველში დააბრძანეს...
- ე.ი. უკვე დაწერილ ხატს ბისერებით ამკობთ?
- დიახ, ხატისთვის, რომელიც ჩემს სულთან "მეტად მოვა", ლოცვას ვკითხულობ და მუშაობას ისე ვიწყებ... არ მიყვარს მყვირალა ფერები, მით უმეტეს, ეს ქართულ კანონიკურობაშიც არ ჯდება... ჩემი ერთ-ერთი ნამუშევარი - წმინდა ნინოს ხატი მაყვლოვანში - დედათა მონასტერში არის დაბრძანებული... მოკლედ, შევმოსავ ხატს და მერე ტაძარს შევწირავ ხოლმე.
- უკვე ყველა წმინდანი გყავთ შემკული?
- მაცხოვარი, ღვთისმშობელი, წმინდა ნინო, წმინდა ბარბარე, წმინდა გიორგი. ჩემი შემკული ხატებით "მზიურის" გოგოებიც დავასაჩუქრე: მაია ჯაბუას წმინდა მაიას ხატი გადავეცი, ქეთი ფირცხალავას - წმინდა ქეთევანის. შეკვეთით არ შემიძლია მუშაობა. უეცრად უნდა მომინდეს ამ საქმის გაკეთება და შემდეგ შეიძლება, რამდენიმე დღე გადაბმით ვიმუშაო. ხშირად ეს მარხვაში ხდება ხოლმე.
- ყველაფერი მაინც პატრიარქის სიტყვებმა განსაზღვრა, არა?
- ფაქტია, რომ ამ ყველაფრის დასაწყებად პატრიარქმა გამიხსნა გზა. დღესდღეობით ეს საქმიანობა ჩემი სულიერი საზრდოა... როდესაც ვგრძნობ, რომ ჩემს სულს რაღაცნაირად შველა სჭირდება, ვიწყებ მუშაობას... როდესაც მარიამს უნდა ემშობიარა, წავედი და ორსულებისა და მშობიარეების შემწე, ყაზანის ღვთისმშობლის ხატის რეპროდუქცია შევიძინე. აგვისტოს მწველ დღეში დავჯექი და ხატი შევამკე. მუშაობის პროცესს სიცხე ართულებდა, მაგრამ ჩავუთქვი, თუ ამას გავუძლებ, ხვალ დილამდე მარიამი მშვიდობიანად იმშობიარებს-მეთქი. ნეტავ, ღმერთმა ყველა დედას აუხდინოს ისე სურვილი, როგორც მე ამიხდინა! მეორე დღეს წავიყვანეთ მარიამი სამშობიაროში და გაჩნდა ელენე... იმ მუშაობამ საოცარი ძალა მომცა.
- თქვენი ამ საქმიანობის შესახებ თუ იცის პატრიარქმა?
- კი და "იერუსალიმის ღვთისმშობელი" სპეციალურად პატრიარქისთვის შევმოსე. მითხრა, ხატმწერებს დაგაკავშირებ, მათთან თანამშრომლობა ამ საქმიანობაში დაგეხმარება და ბევრ რამეს შეგძენსო, რაც ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ალბათ როცა ამის აუცილებლობა იქნება, უფალი მათ შემახვედრებს.
დალი მხეიძე ის ხელოვანია, ვის მომინანქრებულ ნამუშევრებს არა მარტო ქართველები, არამედ უცხოელებიც უდიდესი ინტერესით ეცნობიან და ამასთან, სიამოვნებით იძენენ კიდეც.
- როგორც ვიცი, პროფესიით ფილოლოგი ხართ. რამ განაპირობა ის, რომ მინანქარზე მუშაობა დაიწყეთ?
- დედამ "ლურჯ მონასტერში" წილკნის ღვთისმშობლის ხატი შეიძინა, რომელიც იქვე მოძღვარს აკურთხებინა. ერთ მშვენიერ დღეს კი ხატს მტვრის გადასაწმენდად მივეახლე და ხელზე მირონი წამეცხო. მირონი ორი დღის განმავლობაში ხელიდან არ მომიშორებია... დედას ერთი ახლობელი ჰყავს, ქალბატონი მედიკო, რომელიც მინანქარზე მუშაობს, მან ურჩია: დალის ხომ უყვარს ხატვა - მინანქარზე მუშაობა მოსინჯოს, ვფიქრობ, ეს საქმე გამოუვაო. ამის შემდეგ, შარდენის ქუჩაზე წავედი, შევუერთდი ჯგუფს და ამ ძალზე საინტერესო საქმის შესწავლა დავიწყე. როდესაც უკვე ავითვისე, ჩემი მასწავლებლის - გიორგი ლომიძის რეკომენდაციით, გვერდით სალონში, იუველირებთან გადავინაცვლე. ვერცხლის სპეციალისტ კოსტია პეტრიაშვილთან რომ მივედი, სალონში შესვლისთანავე, წილკნის ღვთისმშობლის ხატს მოვკარი თვალი. კოსტიას ის სამუშაო მაგიდაზე ჰქონდა დაბრძანებული (მისი მფარველი ყოფილა)... საოცარი დამთხვევა მოხდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს შემთხვევითობა არ ყოფილა... შემდეგ საქმეს შევუდექი, რითაც ჩემი, როგორც შემოქმედის რეალიზება მოვახდინე და შვებაც ვიგრძენი. გარდა ამისა, შემოსავალიც გამიჩნდა... მერე ჩვენმა სალონმა "თბილისი-მერიოტში" გადაინაცვლა... 2008 წლის აგვისტოში იქ ალექსანდრიისა და აფრიკის პატრიარქს - თეოდორ II-ს შევხვდი, რომელიც საქართველოში ჩამოსულიყო და ამ სასტუმროში დაბინავებულიყო. მოულოდნელად, არსებული სივრცე ანაფორიანი ადამიანებით გაივსო, - ისინი მისი თანმხლები პირები გახლდნენ. მაიკო ლაბაძე, რომელიც იქ მუშაობდა, საოცრად აფორიაქდა და ინიციატივა გამოიჩინა, რომ პატრიარქს დაველოცეთ. მასთან ორივე მივედით. დაგვლოცა. მერე გადავწყვიტე, მისთვის სოლიდური ფასის მქონე, ჩემ მიერ გაკეთებული ზარდახშა მეჩუქებინა, რომელიც იმ გალერეაში გასაყიდად იდო. ავდექი და ჩემგან სამახსოვროდ გადავეცი. როდესაც პატრიარქს ზარდახშა ვაჩუქე, უნებლიეთ, ასეთი სიტყვები ვუთხარი: ილოცეთ ჩემზე და საქართველოზე, რომ გადავრჩეთ-მეთქი. არც კი ვიცოდი, რომ საქართველოში სულ რაღაც ოთხ დღეში ომი დაიწყებოდა... პატრიარქი ჩვენი შეხვედრიდან მესამე დღეს გაემგზავრა... სხვათა შორის, ომის დღეებში ტელევიზიით მოვისმინე ინფორმაცია, რომ ალექსანდრიის პატრიარქი საქართველოში მშვიდობისთვის განუწყვეტლივ ლოცულობდა...
- როგორც ვიცი, მან საკუთარი სამოსისთვის, მინანქარში შესრულებული 12 მოციქულის გამოსახულება შეგიკვეთათ...
- ჩვენ შორის თარჯიმანი და შუამავალი - ტარიელ ბიბილაშვილი გახლდათ - ადამიანი, რომელსაც ათენში აქვს სასულიერო სასწავლებელი დამთავრებული და იქვე 20-მდე ეკლესია აქვს მოხატული. კარგად იცნობს ალექსანდრიის პატრიარქს და სწორედ ის გახლდათ მისი მეგზური საქართველოში. ბატონი ტარიელი ჩემთან მოვიდა და მკითხა: - მუშაობთ ხატებზეო? - არა, - ვუპასუხე, - ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა; არასდროს დამიმზადებია ხატები-მეთქი. - პატრიარქი დაგლოცავთ და თქვენ შეძლებთ, იმუშაოთო... სანამ გავერკვეოდი, რა ხდებოდა, სასულიერო პირებმა (6 მამა იყო) ნახევარწრეში მომაქციეს. თურმე იმ დროს პატრიარქი ჩემთვის ლოცვას კითხულობდა, რომ მოციქულების შესაქმნელად მუშაობა დამეწყო. მაკურთხა... თეოდორ II-მ მომცა შეკვეთა - მინანქარში დამემზადებინა 12 მოციქულის გამოსახულება (თურმე მხოლოდ მას აქვს უფლება, 12 მოციქულის გამოსახულებიანი შესამოსელი - ოლარი ატაროს. მას მსოფლიო მოსამართლეს, დედამიწაზე გამოგზავნილ XIII მოციქულს უწოდებენ). ძალიან საპასუხისმგებლო რამ დამაკისრა... მითხრეს, რომ პატრიარქი იმ სამოსს დიდ ქრისტიანულ დღესასწაულებზე ჩაიცვამდა, რომელზეც ქვემოთ ოქროს ასოებით ჩემი გვარი და სახელი ამოიქარგებოდა.
- მაინც რა განცდა იყო, როდესაც მოულოდნელად, ასეთი რანგის სასულიერო პირისგან საპასუხისმგებლო დავალება მიიღეთ? მით უმეტეს, რომ ხატებზე, როგორც აღნიშნეთ, მანამდე არ გიმუშავიათ.
- სანამ მაკურთხებდა, მეგონა, რომ ეს საქმე არ გამოვიდოდა... მაგრამ ღვთის შეწევნით, ყველაფერი შევძელი. ნამუშევრებს ქართული წარწერები გავუკეთე, რადგანაც ასეთი იყო კურთხევა. ისიც სიმბოლურია, რომ 12 მოციქულზე 12 თვის განმავლობაში ვმუშაობდი...
- როგორც გატყობთ, თქვენს ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება...
- დავიბადე 7 დეკემბერს და ამიტომ ჩემი მფარველი - წმინდანი ეკატერინე ალექსანდრიელი გახლავთ. ვინაიდან პატრიარქი ალექსანდრიიდანაა, ვფიქრობ, წმინდა ეკატერინემ ასე ინება, რომ ალექსანდრიის პატრიარქი გამეცნო... თავს არ ვიქებ, მაგრამ საკმაოდ შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმე შევასრულე... ამასთან, ხატებზე მუშაობა მეტისმეტად რთულია, საოცარი ნიუანსების ცოდნას მოითხოვს. ბევრი დროც სჭირდება. ასევე, ძალიან ხშირად ვლოცულობდი. გიმეორებთ, ხატწერით არასდროს ვყოფილვარ დაკავებული, შესაბამისად, მანამდე არც ვიცოდი ეს საქმე...
ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში უზარმაზარი მადლი და ამავე დროს, ღვთის საჩუქარი გახლდათ. უდიდესი იმედი და სიხარული მომეცა... დედაეკლესიაში ყველანაირი სასწაული და სათნოებაა. უპირველესად, დიდი სიყვარულია!
ვლადიმერ ვახტანგაძე, წმინდა ნინოს ტაძრის მღვდელი:
- უდიდესი ძალა აქვს სამღვდელო პირის კურთხევას, მით უფრო - ეპისკოპოსისას, რომელიც თავის თავში დამტევია ეკლესიისა. ის არის სამოციქულო ღვაწლის მემკვიდრე, მემკვიდრე ქრისტეს სიტყვისა და აღმასრულებელი სამოციქულო საქმიანობისა. ალბათ ყველა ქრისტიანისათვის, ვინც იცნობს ქრისტეს სჯულსა და მოძღვრებას, ნათელი ხდება იმ სიტყვის ძალა, რომელიც ეპისკოპოსის ბაგიდან ამოდის. განსაკუთრებით, თუ ეპისკოპოსი ამას დაურთავს სიწმინდით ცხოვრებას და ისეთი სიწმინდით ცხოვრებას, როგორითაც ჩვენი პატრიარქი ცხოვრობს... მღვდლის პირი არის სამართლის ბაგე და სულიწმიდის მეტყველი. ამის ნათელი დასტური გახლავთ 20-საუკუნოვანი ისტორია ქრისტეს წმინდა ეკლესიისა. როდესაც ეკლესიის წმინდა წიაღში ქრისტოლოგიური დავები და კამათები იმართებოდა, სამართალი ყოველთვის წმინდად მცხოვრები მღვდელმთავრებისა თუ მონაზვნების პირით დაემტკიცებოდა.
- რას ნიშნავს, როდესაც ადამიანი ლოცვა-კურთხევას ითხოვს სასულიერო პირისგან?
- განჭვრეტ და გწამს რა, რომ მასზე არის მაკურთხებელი ცეცხლი სულიწმიდისა, მისგან ყოველი ბოროტების შემწველი ცეცხლის მეწინამძღვრეობას ითხოვ, რათა მან იმ მადლით, რომელიც სამოციქულო მემკვიდრეობით ერგო, გიწინამძღვროს იმ გზაზე, რომლითაც აპირებ სვლას ან აღსრულებას ამა თუ იმ საქმისა... რაც შეეხება იმ კონკრეტულ მაგალითებს, რაზეც ვისაუბრეთ, არც აქ არის რაიმე გასაკვირი. მორწმუნე ადამიანს თავისი რწმენის კვალდაკვალ, ყველაფერი შეუძლია. თუკი ადამიანი ირწმუნებს იმას, რომ მას ღმერთი შეეწევა, აუცილებლად შეეწევა! მახსენდება ანტონი დიდის საუბარი თავის მოწაფეებთან, როდესაც ის სხვადასხვა ბრძოლის შესახებ უყვება, რომელიც ეშმაკისგან შეხვდა. მოძღვარი ეუბნება თავის სულიერ შვილებს: ხშირ შემთხვევაში ეშმაკი უხსენებელი ცხოველის სახით მეცხადებოდა; ის თვალნათლივ შემოდიოდა ჩემს სენაკში და მისი არ მეშინოდაო. მოწაფეები გაკვირვებულები არიან და ეკითხებიან მოძღვარს: - ნუთუ, მამაო, ის საშიში არ არის? ანტონი პასუხობს, - რა თქმა უნდა, არა, რადგანაც ჩვენთან არს ღმერთი! გავიხსენოთ ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები, რითაც ის მთელ წარმართულ სამყაროს ამხელდა: "სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!" არაერთი მაგალითი შეიძლება გავიხსენოთ რწმენით ყოვლისშემძლეობისა... სადაც ღმერთია, იქ არის ძლიერება. სადაც არის რწმენა იმისა, რომ საღმრთო კურთხევა ყველაფერს შეგაძლებინებს, ამ მადლის მისაღებად საკუთარ გულს გაუხსნი ღმერთს, მაშინ ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია. პავლე მოციქული ამბობს: "ღვთის მოყვარეთა ყოველი განემარჯვების კეთილად". ვისაც ღმერთი უყვარს, მას ღმერთი სწამს. ვისაც ღმერთი სწამს, ის ძლიერია ყველაფერში და ყოველთვის! რწმენაა საფუძველთა საფუძველი. იმ ჟამს, როდესაც ადამიანი აპირებ კონკრეტულ საქმეს, გამოითხოვ რა ღმერთისგან, მღვდლის ან ეპისკოპოსის მიერ კურთხევას, მეწინამძღვრეობას საღმრთო მადლისა, ეს მადლი ყოველთვის გიწინამძღვრებს.
- როდესაც პატრიარქი თავად გამოგარჩევს, გაკურთხებს და დაგლოცავს...
- ვიცით, რომ წმინდა ადამიანებს ღმერთი სხვადასხვა მადლსა და ნიჭს მისცემდა: ზოგს - მქადაგებლობის, ზოგს - წინასწარმჭვრეტელობის, სასწაულთმოქმედების... ის პატრიარქები, რომელთა შესახებაც ვსაუბრობთ, რეალურად არიან წმინდად მცხოვრებნი; ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ ღმერთისაგან სხვადასხვა საღმრთო ნიჭი აქვთ მიცემული. ვინ იცის, ეს იქნებ წინასწარმჭვრეტელობის ნიჭიც არის ჩვენი პატრიარქის შემთხვევაში. არ ვიცი, მაგრამ შესაძლებელია, ეს ასე იყოს, თუ მან თავისი ყოვლისმჭვრეტელი თვალით განჭვრიტა ის, რომ ამა თუ იმ პიროვნებას შეეძლო აღესრულებინა ესა თუ ის საქმე, რისი ნათელი დადასტურებაც ეს ორი შემთხვევა გახლავთ. დაე, ვირწმუნოთ! და თუ ეს ასე არ არის, მაშინ გვითხრან მოპაექრეებმა, რას ნიშნავს ეს ყოველივე? ღმერთის მადლით, მამამთავრული მადლმოსილებით მან განჭვრიტა და ღმერთმა მისცა ძალა და ნიჭი, უნარი, სულიწმიდისეული მადლით დაენახა პიროვნებებში ნიჭი, რაც ღმერთისგან ჰქონდათ მინიჭებული, და ფაქტები ამას მეტყველებს. გასაკვირი არაფერია, ყველაფერი ღვთის ხელშია. ღმერთმა სიტყვით შექმნა მთელი სამყარო და რა გასაკვირია, მისი მეტყველი ბაგე - მღვდელი თუ მღვდელმთავარი გახდეს მჭვრეტელი იმისა, ამა თუ იმ ადამიანს რა ნიჭი აქვს ღვთისაგან მიცემული.
ლალი ფაცია
(გამოდის ხუთშაბათობით)
იმ პერიოდში ავად ვიყავი, ამ ხატის ჩემს ოჯახში შემობრძანებამ გამოჯანმრთელებაში შემიწყო ხელი