შსს - ვიდეოკამერები გამოიყენება საპატრულო პოლიციის მუშაობის მონიტორინგისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისთვის

 შსს - ვიდეოკამერები გამოიყენება საპატრულო პოლიციის მუშაობის მონიტორინგისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტრო უნიფორმაზე სატარებელი სამეთვალყურეო ვიდეოკამერების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვიდეოკამერები გამოიყენება საპატრულო პოლიციის მუშაობის მონიტორინგისთვის.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2900 ცალი უნიფორმაზე სატარებელი სამეთვალყურეო ვიდეოკამერის შეძენის შესახებ ტენდერი 7 მაისს გამოაცხადა. აღნიშნული ვიდეოკამერები გათვალისწინებულია საპატრულო ეკიპაჟებისა და პატრულ-ინსპექტორებისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ვიდეოკამერების შეძენის ტენდერი ღიად და გამჭვირვალედ ტარდება. პატრულ- ინსპექტორების კამერებით აღჭურვის შესახებ საზოგადოებას წინასწარ ეცნობება, ხოლო მედიისთვის პრეზენტაცია ჩატარდება. ვიდეოკამერები გამოიყენება საპატრულო პოლიციის მუშაობის მონიტორინგისათვის, ადამიანის უფლებების დაცვის საიმედოობის ამაღლებისათვის, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისთვის, კონკრეტულ შემთხვევაში პატრულის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისწორის შეფასებისთვის", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის უწყების ცნობით, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვიდეოკამერების გამოყენებისას, მოქალაქე დაუყოვნებლივ იქნება გაფრთხილებული პატრულ-ინსპექტორის მიერ. "მუშაობის ეს მეთოდი წლების განმავლობაში აპრობირებულია აშშ-ში, დიდი ბრიტანეთსა და ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში. აღნიშნული სიახლე ხარისხობრივად ახალ დონეზე აიყვანს მოქალაქისა და პატრულის ურთიერთობას, ვინაიდან კამერების ჩანაწერების გამოყენება შესაძლებელი იქნება ორივე მხარისთვის საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ