2013 წლის "ევროვიზიის" ქართველმა კონკურსანტებმა სოფო გელოვანმა და ნოდიკო ტატიშვილმა მალმეს არენაზე პირველი რეპეტიცია გაიარეს.
ბუკმეკერების პროგნოზით, საქართველო 2013 წლის ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალის ფავორიტია. მეორე ნახევარფინალურ ტურში პირველი და მეორე ადგილების მოპოვებას ნორვეგიის წარმომადგენელ მარგარეტ ბერგერს და ქართველ კონკურსანტებს უწინასწარმეტყველებენ.
ქართველი მონაწილეების სასცენო დადგმა ცნობილ რეჟისორ ლაშა ონიანს ეკუთვნის. საკონკურსო სიმღერა "Waterfall" ქართველებისთვის შვედმა კომპოზიტორმა ტომას ჯეისონმა (Thomas G:son) შექმნა. ტომას ჯეისონი 2012 ევროფესტივალის გამარჯვებული სიმღერის "Euphoria" ავტორია.
ევროვიზიის ქართველი კონკურსანტები სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი, სიმღერით "Waterfall" მაყურებლის წინაშე ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 16 მაისს წარდგებიან. ისინი შვედი ბექ-ვოკალისტების იოჰანა ბეიბომის, ჰანს მარტინ კაგემარკის და ლიზეტე ვარეს იუჰლმენის თანხლებით გამოვლენ. რიგით 58-ე "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსის ნახევარფინალებსა და ფინალს შვედეთის ქალაქი მალმე 14, 16 და 18 მაისს უმასპინძლებს. წელს კონკურსში 39 ქვეყანა მონაწილეობს.