"ჩემთვის ყველაზე მთავარია, რომ საზოგადოებას იმედი მიეცა, ამას ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ... ახლა მნიშვნელოვანია, ქვეყანა როგორმე იმ ტოტალური აზროვნებიდან გამოვიდეს და თავისუფლად ფიქრი ისწავლოს. ამას დრო სჭირდება და ერთი ხელის მოსმით არ ხდება, ამიტომ არც იმის იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ერთბაშად შეიცვლება, თუმცა უნდა შეიცვალოს", - ამბობს რეჟისორი გოგა ხაინდრავა.
- როგორც იქნა, დავინახეთ და ხალხმა გაიაზრა, რომ სახელმწიფო არის ადამიანისთვის და არა ადამიანი სახელმწიფოსთვის. 70-წლიანი მონობის შემდეგ, მომდევნო ხელისუფლებებსაც, მათ შორის პირველ ხელისუფლებასაც, ისეთივე იდეოლოგია ჰქონდა, როგორიც კომუნისტებს, ტოტალურ მმართველობას ვგულისხმობ. იმ წლებში ადამიანი ჩაგრულის როლში იყო, სახელმწიფო კი - მონსტრის. ახლა თანდათან მივდივართ იმ პროცესისკენ, როდესაც ხელისუფლება ხალხის სამსახურში იქნება. ამას მაშინ მივხვდი, როდესაც ევროსაბჭოს ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლას ვუსმინე. ამ ადამიანს სახელმწიფოებრიობის განცდა აქვს. ერთადერთი, რაც ახლა ევროპას გვაშორებს, სიდუხჭირეა.
- წინ გვაქვს საპრეზიდენტო არჩევნები, რომელში მონაწილეობას გეგმავს ნინო ბურჯანაძე; "ნაციონალური მოძრაობა" რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს, არც კოალიციას ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი...
- წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ნინო ბურჯანაძეს გამარჯვების არავითარი შანსი არ აქვს. არც "ნაციონალების" მედროშე გიორგი ვაშაძეს აქვს რაიმე შანსი, რომელიც ვითომ ახალ პოლიტიკურ სახედ წარმოჩენას ცდილობს და არც ვანო მერაბიშვილს. საერთოდ გაუგებარია, რა სინდისით აყენებს კანდიდატურას გია ბარამიძე. მე ერთ-ერთი ვარ, რომელმაც მისი "გმირობების" შესახებაც კარგად ვიცი და ნებისმიერ დროს შემიძლია ავუხსნა, რატომ არ იმსახურებს საქართველოს პრეზიდენტობას... არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ უახლოეს მომავალში პროკურატურას მათ მიმართ კითხვები ექნება. ვინც უნდა წამოაყენონ ნაციონალებმა, "ქართული ოცნების" კანდიდატურა, ვინც უნდა იყოს ის, სრულიად უალტერნატივოა.
- ასეთი პოლიტიკური რეალობა, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელოა...
- ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ ეს ნორმალურია, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთია დღევანდელი რეალობა. ერთპარტიული სისტემა დაუშვებელია, მით უმეტეს, როდესაც ქვეყანას ერთპიროვნული ლიდერი მართავს, მაგრამ იმედი მაქვს, ბიძინა ივანიშვილი ამას სათავისოდ არ გამოიყენებს, ის არ მიეკუთვნება ამ კატეგორიას. და კიდევ, იმის იმედიც მაქვს, რომ კოალიციის შიგნით სრულიად სხვადასხვა მსოფლმხედველობის სუბიექტები არიან გაერთიანებული, დადგება დრო და ისინი ერთმანეთთან პაექრობას დაიწყებენ.
- შეიძლება, დავითაშვილის აქტიურობა ამის დასაწყისად ჩაითვალოს?
- არა მგონია, დავითაშვილი სუბიექტი არ არის, ის ერთი მოთამაშეა, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებისთვის საჭირო ხდება. მის უკან არასდროს მდგარა რომელიმე პოლიტიკური პარტია და არც ახლა დგას. ასევე აბსურდია ვითომ "ეროვნული ფორუმის" ცალკე პოლიტიკურ სუბიექტად არსებობა. ვერ ვხვდები, სად და რა ფორმით არსებობს "ფორუმის" ვითომ გაერთიანება. უბრალოდ, მისი წარმოჩენა ხდებოდა იმ მასშტაბით, როგორიც არასდროს ყოფილა და ამან გარკვეული შთაბეჭდილება შექმნა. ნორმალური პოლიტიკური განვითარებისთვის აუცილებელია ორი-სამი პოლიტიკური პარტია, რომელიც ერთმანეთს გააკრიტიკებს. ბოლო დროს საინტერესო გახდა კახა კუკავას პოლიტიკური პერსონა, მან ნაძალადევში თვითმმართველობის არჩევნებში საკმაოდ ნორმალური შედეგი მიიღო. მე ვეთანხმები კახას, როდესაც სრულიად საფუძვლიანად ამბობს, პოლიტიკური ოპოზიცია "ნაციონალური მოძრაობა" არ არისო. ის ჯერჯერობით სუსტია, პირველ ნაბიჯებს დგამს, მაგრამ წარმატებისკენ სწორად მიიწევს. "ნაციონალებს" ერთადერთი სახელისუფლებო ბერკეტი შემორჩათ, რადგან რეგიონების გუბერნატორები ჯერ მათი თანაპარტიელები არიან, "ნაციონალია" ქალაქის მერი და მისი გავლენის ქვეშ არის უამრავი გამგეობა და საკრებულო. ისე კი, "ნაციონალების" ლიდერებსა და მათთან დაახლოებულ სხვა პირებზე გამოქვეყნებულმა მასალებმა დაგვანახვა, თუ როგორ, უკაცრავად ჟარგონისთვის, მაგრამ "გულაობდნენ" ბიუჯეტის ხარჯზე. ვიცი, ამის გამო ჩემზე იტყვიან, ხაინდრავა აგრესიულია და ადამიანები არ უყვარსო, მაგრამ მაინც ვიტყვი, იმ კადრების შემდეგ თავმოყვარე საზოგადოება და მასმედიაც მათ ოპოზიციად კი არ მოიხსენიებდა, უბრალოდ, დაივიწყებდა.
- გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, ერთ-ერთ მინისტრთან კითხვები არსებობსო, სოფლის მეურნეობის მინისტრის გადადგომა მოჰყვა... თქვენი აზრით, რა გახდა ამის მიზეზი და დანარჩენი მინისტრების მუშაობას როგორ შეაფასებდით?
- ჩვენ ძალიან დიდ დროს ვხარჯავთ პოლიტიკურ თემებზე მარჩიელობაზე; ვინ აითვალწუნა ბიძინა ივანიშვილმა და ვისი მოხსნა გადაწყვიტა... რაც მალე დავივიწყებთ მინისტრების გვარებს, უკეთესი იქნება ჩვენთვის. ისინიც უფრო ხარისხიანად იმუშავებენ და იქნებ, ჩვენც ვისწავლოთ ისე ცხოვრება, რომ ვიღაცების პირადი ამბები არ გვაინტერესებდეს...