ხალხურ სიმღერას გურამ ურჩუხიშვილი ბავშვობაში ეზიარა და მისი პროფესიულ სცენაზე შესრულების სურვილი ანსამბლ "წინანდალში" აისრულა. 25 წლის განმავლობაში თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა მოიარა. კახეთში ხალხური სიმღერის უბადლო შემსრულებელი გამორჩეული თამადაცაა და სუფრასთან პოლონეთის ექსპრეზიდენტისა და ამერიკელი კონგრესმენის დათრობა ღვინით თუ ვერა, სიმღერით მაინც შეძლო...
- სიმღერის ნიჭი ჯიშად გამოგვყვა - ზაქარა პაპა "ოროველას" რომ შემოსძახებდა, მთელი სოფელი გატრუნული უსმენდა. რადიოთი ცნობილი თელაველი ლოტბარის, ფირუზ მახათელაშვილის შესრულებით "ურმულსა" და "წინწყაროს" რომ ვუსმენდი, მეც მინდოდა მემღერა. ეს სურვილი ლევან აბაშიძემ ამისრულა - 80-იან წლებში წინანდალში ხალხური სიმღერის ანსამბლი "წინანდალი" ჩამოაყალიბა. მახსოვს, მე და ახლა უკვე ანსამბლის სოლისტ დათო გაგანაშვილს გვკითხა, "შემოძახილს" თუ იმღერებთო... მას შემდეგ 25 წელია, ჩოხა არ გაგვიხდია.
80-იან წლებში პროფკავშირმა კუბაში გაგვგზავნა. კონცერტები ღია ცის ქვეშ, სანაპიროზეც კი გვქონდა. ცნობილ ვარადეროზეც მოვხვდით. კარიბის ზღვის ლილასავით ლურჯი წყალი, თეთრი ქვიშა და სამეფო პალმები საოცარ ფონს ქმნიდა. ანსამბლში კონდოლელი ჯემალ მამუკელაშვილი გვყავდა. კონცერტის დაწყებამდე ვარადეროს პლაჟზე ვართ წამოწოლილი, თავი სამოთხეში გვგონია და უცებ ტოტებიანი ტრუსით წამომადგა თავზე და როხროხა ხმით დამძახა, - ჯო, აქ მთელი წელი ეგრე ცხელა? წამოვიწიე და - ეგრეა, ნოემბერში თითქმის 30 გრადუსია, იანვარში კი 20-25 მაინც-მეთქი. მა ეს შობელძაღლები ღორებს როდისღა კლავენო, - მხრები აიჩეჩა და გამშორდა.
ჰავანაში საბჭოთა ჯარისკაცების საფლავის გვირგვინით შემკობის ცერემონიალს დავესწარით. მწყობრი ნაბიჯით მიდიოდნენ, მათში რამდენიმე შავგვრემანი გამოვარჩიეთ. ქართველები აღმოჩნდნენ. ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა, დედამიწის მეორე ნახევარსფეროზე შენს თანამემამულეს რომ შეხვდები... ჩვენი იქ ყოფნის მიზეზი რომ გაიგეს, გვთხოვეს, იმღერეთ, ჩვენი ქართული გაგვაგებინეთო. მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და დიდიან-პატარიანად ყველა ერთი ადგილისკენ დაიძრა - ფიდელ კასტროს სანახავად მირბოდნენ. თურმე კასტრო ყოველი წლის 7 ნოემბერს საბჭოთა ჯარისკაცების საფლავს გვირგვინით ამკობდა...
ერთხელ გერმანიის ქალაქ ბიბერახში დიდხანს მოგვიწია დარჩენამ. მე და ჩვენი ანსამბლის წევრი ლევან ლაშხი მასპინძელ ოჯახში, ფანჯარასთან ვიდექით და წვიმიან ქუჩას გავყურებდით, რომ ჩვენი მასპინძელი გერჰარდი შემოვიდა ლამაზად შეფუთული ორი პარკითა და დამტვრეული ქართულით გვითხრა, - შენი ცოლი, შენი დედაო. ერთმანეთს გადავხედეთ და სიცილი აგვიტყდა. თურმე, მის ქართველ მეუღლეს დაუბარებია, - ეს საჩუქრები სათითაოდ გადაეცი და უთხარი, ერთი ლევანის მეუღლისთვის არის, მეორე - გურამის დედისთვისო...