საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კობა დავითაშვილი მისი მისამართით პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, "ძალიან სამწუხაროსა" და "გულსატკენს" უწოდებს.
ამის შესახებ კობა დავითაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრმა მისი განცხადებებით დავითაშვილის ცხოვრებას ერთი დიდი წითელი ხაზი გადაუსვა.
"ძალიან სამწუხარო და გულსატკენი განცხადებები გააკეთა პრემიერმა. მან თქვა, "სერგეენკო აკეთებს უფრო მეტს, ვიდრე აკეთებს კობა დავითაშვილი, ან ოდესმე გაუკეთებია", ეს იყო მთელი ჩემი ცხოვრების ერთი დიდი წითელი ხაზით გადახაზვა. მსგავსი შეურაცხყოფა არც ერთი მკაცრი ოპონენტისგან არ მიმიღია. ჩემს ცხოვრებაში იყო საკამათო ეპიზოდები, ამას მუდმივად მახსენებენ და მიმითითებენ, მაგალითად "ნავერტილეს" და იმას, რომ ჟირინოვსკიმ ხელი არ ჩამომართვა, მაგრამ არავის უთქვამს, რომ კობა დავითაშვილს ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებია. პრემიერმა ასევე განაცხადა: "საკითხში არ ჩამიხედავს, მაგრამ ვენდობი სერგეენკოს", ეს ძალიან სამწუხარო განცხადებებია", - აღნიშნა კობა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, გულწრფელად წყინს, როდესაც ბიძინა ივანიშვილისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი როგორც წყარო უფრო სანდოა, ვიდრე თავად კობა დავითაშვილი.
"რაც შეეხება ჩემი თავდაცვის მინისტრობის პერიპეტიებს, მე თავდაცვის მინისტრობაზე ვთქვი უარი არა იმიტომ, რომ შემეშინდა, თავდაცვის მინისტრობა ვითხოვე. ჩემთან სახლში იყო ვანო მერაბიშვილი და მთხოვა, რა გინდა და მე მინდოდა თავდაცვის მინისტრობა; თუ მეშინოდა უბრალოდ არ მოვითხოვდი. უარი ვთქვი იმიტომ, რომ მაშინ შემოდიოდა საკონსტიტუციო ცვცლილებები და მთელმა საქართველომ იცის, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ მივეცი ხმა და გადავედი ოპოზიციაში. ეს არის ფაქტები.
რაც შეეხება მოსაზრებას, რომ მეშინია ხელისუფლებაში ყოფნის და ოპოზიცია უფრო ბუნებრივი მდგომარეობაა, მაშინ მე გავაკეთებ ასეთ განცხადებას, ხელი დაადოს ბატონმა ბიძინამ ყველაზე რთულ უბანს, რომელიც მას ყველაზე მეტად უჭირს და მე მზად ვარ ამ უბანს ჩავუდგე სათავეში. მერე შევადაროთ ერთმანეთს არაპოლიტიკოს ექსპერტ მინისტრისა და ჩემი საქმიანობა ნახევარი წლის შემდეგ", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, დათანხმდება თუ არა იგი შეთავაზებას მაგალითად სოფლის მეურნეობის მინისტრად დანიშვნის თაობაზე, დავითაშვილმა უპასუხა, რომ ასეთ შეთავაზებას დათანხმდება. მისივე თქმით, ღრმად არის დარწმუნებული, რომ მინისტრობა პოლიტიკოსის პროფესიაა და არა ექსპერტისა და სპეციალისტის.
ამასთან, კობა დავითაშვილი ქუთაისში მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას დაუკავშირდა შს მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ამცნო, რომ აღნიშნული ინციდენტის თაობაზე ინფორმირებული არ იყო. დავითაშვილის განცხადებით, მას არ აქვს საფუძველი, რომ ღაირბაშვილს არ დაუჯეროს, თუმცა კობა დავითაშვილი კანონის წინაშე ყველას თანასწორობას ითხოვს, მისი განცხადებით ერთსა და იმავე დღეს ორი აქცია გაიმართა, რომელთაგან ერთი იქნა დარბეული. მისივე განმარტებით, იგი არ მოითხოვს, რომ აქცია ყოფილიყო დარბეული, თუმცა, დავითაშვილის განცხადებით, არსებობს მიტინგებისა და დემონსტრაციების შესახებ კანონი, რომლის წინაშეც ყველა თანასწორი უნდა იყოს.