მიხეილ ჯოჯუას ცხოვრება სპორტსა და კულტურის სფეროში, კერძოდ ფეხბურთსა და ესტრადაზე მოღვაწეობისგან შედგება. ის ოცი წელი თამაშობდა ფეხბურთს, ხოლო ხელოვნებას ნახევარი საუკუნე ემსახურა. არაერთ ადამიანს უკვირდა, როგორ დაუკავშირა სპორტსმენმა თავისი გზა ხელოვნებას, რასაც დღეს თავად გვიხსნის. ორივე სფეროზე ერთნაირი სიყვარულით ლაპარაკობს და ამბობს, რომ სპორტისა და ხელოვნების სიყვარულს მასში თანაბარი სიმაღლეები უკავია.
"დინამოს" პირველი თაობიდან მარტო მე ვარ დარჩენილი. 88-ე წელში ვარ. ჩემ მერე "დინამოში" მოსული თაობებიდან იმ ქვეყნად უკვე არაერთია წასული", - გულისტკივილით აღნიშნა საუბრის დასაწყისში მიხეილ ჯოჯუამ, რომელსაც დღესდღეობით მშობლები, ძმები და არაერთი კოლეგა გვერდით აღარ ჰყავს. გარდაცვლილები არიან მისი შვილი და მეუღლეც... ეს გახლავთ 88 წელს მიტანებული მიხეილ ჯოჯუა, თავისი ცხოვრების ტკივილითა და სიხარულით...
- თბილისში, გორის ქუჩაზე დავიბადე. როცა პირველად "დინამოს" სტადიონი შენდებოდა, იქ 36 ათასი კაცი ეტეოდა, მეორედ რეკონსტრუქციისას სტადიონი 50-ათასიანი გახდა, ახლა კი 90 ათას მაყურებელს იტევს. სამი ძმა ვიყავით. ერთი ფეხბურთელი და კომპოზიტორი იყო, მეორემ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი დაამთავრა.
1944 წელს, სტალინის ბრძანებით, შეიქმნა ე. წ. "შრომითი რეზერვები", სადაც ომის დროს ობლად დარჩენილ ბავშვებს სხვადასხვა ხელობას ასწავლიდნენ. ფეხბურთელთა გუნდის კაპიტანი მე ვიყავი. იმავე წელს მოსკოვში "შრომითი რეზერვების" პირველობაზე მიგვიწვიეს. პირველი ადგილი დავიკავეთ და იქვე დამტოვეს. ფეხბურთს ვთამაშობდი და მოსკოვშივე მუსიკალური ტექნიკუმი დავამთავრე, 1945 წლიდან კი მოსკოვის "კრილია სოვეტოვში" დავიწყე თამაში, შემდეგ მოვხვდი "დინამოში", მაგრამ ამაზე მოგვიანებით...
ფეხბურთელი კი ვიყავი, მაგრამ ვმღეროდი, ვცეკვავდი. მრავალწლიანი ურთიერთობა მაკავშირებდა და ჩემი მეგობრები იყვნენ რეზო ლაღიძე, შოთა მილორავა, გოგი ცაბაძე, არჩილ ჩხარტიშვილი, არჩილ კერესელიძე. "დინამოში" რომ ვთამაშობდი, ბილეთები ძნელად იშოვებოდა და ვარიგებდი. ეს კომპოზიტორები მუსიკას და სიმღერებს რომ წერდნენ, მე მამღერებდნენ ხოლმე. დრამატული ტენორი მქონდა. ფილმში "საბუდარელი ჭაბუკი" მე ვმღეროდი. 1951 წელს თბილისის "დინამო" პოლონეთში ჩავედით. სტალინის პატივსაცემად გამართულ ერთ-ერთ შეხვედრა-ბანკეტზე სიმფონიურ ორკესტრთან ერთად "ტოსკას" არია ვიმღერე. ტაშით დაინგრა დარბაზი.
ბოლოს ესტრადაზეც აღმოვჩნდი. ამისკენ ჩემმა ძმაკაცებმა მიბიძგეს. არჩილ ჩხარტიშვილის მეთაურობით მინიატურების თეატრი - "მოვდივართ, მოგვიხარია" შევქმენით, შემდეგ - "მეგობრობის თეატრი". ხალხი მოდიოდა და გაკვირვებული ამბობდა, ფეხბურთელი იყო, "ტრუსიკში" ვხედავდით და ახლა კოსტიუმი აცვია და ვარსკვლავებს წყვეტსო.
ესტრადის მსახიობობის შემდეგ, მუსიკალური თეატრისა და თუმანიშვილის თეატრის დირექტორი ვიყავი. ეს იმ დროს, როცა მუსკომედიის თეატრში გიგა ლორთქიფანიძე მუშაობდა, ხოლო კინომსახიობთა თეატრის რეჟისორი მიშა თუმანიშვილი იყო. რამდენიმე წელი "ფუნიკულიორის" დირექტორიც გახლდით. წლების განმავლობაში იმ დროის უამრავი ცნობილი მომღერალი, მსახიობი და თეატრალური დასი ჩამომყავდა. ლამაზი და დასამახსოვრებელი დღეები გავიარე...
რაც შეეხება "მეგობრობის თეატრს", ის 1974 წელს თეატრალურ საზოგადოებასთან შეიქმნა. ბილეთებზე გრძელი რიგები იდგა. "მეგობრობის თეატრის" დირექტორად რომ დამნიშნეს, შენობაში არსებული მცირე სცენა გავადიდე, რადგან ძალიან ბევრი მაყურებელი გვყავდა. მეორე სართულზე დოდო ალექსიძის კაბინეტი იყო, პირველზე - სალარო. დოდოს ხალხი უყვიროდა, დოდო, გახსენი სალარო! დოდო კი მე მეძახდა, რა ხდება, რა გააკეთე ასეთი, რომ ხალხის ნაკადი არ წყდებაო. ჩვენი თეატრის სტუმრები იყვნენ ალისა ფრეინდლიხი, ლუბოვ ორლოვა და სხვა მომღერლები და მსახიობები. იმ ხანად ავტომობილი "პობედა" მხოლოდ მე მყავდა და ერთი კვირის განმავლობაში ორლოვას თბილისის ქუჩებში დავასეირნებდი.
იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია