"ღმერთია სულში, ორი მხარე მაჩუქა მედლის,/ ფეხების ნაცვლად დამატარებს ამქვეყნად ეტლი,/ ვაცეცებ ფიქრებს, გულთანაც თუ ქვების ყორეა,/ ფეხიც ვერ შევა, სულერთობა თან დაჰყოლია.../ პლანეტისხელა სიყვარულით ატოკდა მკერდი,/ უკიბეებო გულით დამხვდი, შემოვალ ეტლით", - ამ სიტყვების ავტორი 34 წლის შორენა ხუხუა გახლავთ. სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული, ენერგიული და ღიმილიანი ქალბატონის ამბავს დიდი ემოცია ახლავს. ეს ემოცია ხელახლა დაბადების, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების ტოლფასია.
შორენა ხუხუა 4 წლის წინ ავარიაში მოყვა. იმდენად მძიმედ იყო დაშავებული, ექიმებს მისი გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ. რამდენიმე ოპერაცია, ყავარჯნები, ეტლი, ტკივილი და ბევრი მძიმე წუთი - ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. შორენას ცხოვრებაზე ერთხელაც არ ჩაუქნევია ხელი, საყვედური არ დასცდენია და სასწაულიც მოხდა...
- მარტვილის რაიონში მრავალშვილიანი ოჯახში დავიბადე და გავიზარდე - 1 და და 3 ძმა მყავს. ბავშვობიდან აქტიური გოგო ვიყავი, ფეხბურთს ვთამაშობდი. მაშინ ვერც კი წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა, დამდგარიყო დრო, ფეხზე ვერ გამევლო და აპარატის გარეშე ვერ მესუნთქა... პროფესიით ფილოლოგი ვარ, 2004 წლიდან პროექტის - "ასწავლე ქართული, როგორც მეორე ენა" ფარგლებში სოფელ სადახლოში დავიწყე მუშაობა. 2009 წლის 9 თებერვალს კი ავარიაში მოვყევი...
- სოციალურ ქსელში შენი ნაავარიები მანქანის ფოტოები გაქვს განთავსებული...
- იმ დღეს უბედურს არ ვუწოდებ: უფლის წყალობით, ცოცხალი ვარ და სიცოცხლე იმაზე მეტად დავაფასე და შევიყვარე, ვიდრე მანამდე მიყვარდა.
- ავარიამდე რაიმე წინათგრძნობა ხომ არ გქონდა?
- იმ პერიოდისთვის დედა 7 თვის გარდაცვლილი მყავდა. სიკვდილის წინ მითხრა, - ისეთი განცდა მაქვს, რაღაც საფრთხე გემუქრებაო...
- რატომ?
- მძიმე მშობიარობა მქონდა, თრომბოფლებიტი გადავიტანე. მეორე ბავშვის გაჩენა დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. ამის გამო დედა ნერვიულობდა. მაშინ მისი სიტყვებისთვის ყურადღება დიდად არ მიმიქცევია... მერე გარდაიცვალა... სანამ ავარიაში მოვყვებოდი, გამუდმებით მესიზმრებოდა და რაღაცას მთხოვდა, მაგრამ - რას, აზრი ვერ გამომქონდა. წინა საღამოსაც და მესიზმრა... სკოლის დირექტორს 2 დღით გათავისუფლება ვთხოვე, სოფელში, მის საფლავზე წასვლა მინდოდა. იმავე საღამოს, როცა სადახლოდან შინ ვბრუნდებოდი, ავარიაში მოვყევი. საჭესთან თავად ვიჯექი, არავინ მახლდა. საწინააღმდეგო მიმართულებიდან, დიდი სისწრაფით "ბეემვე" მოდიოდა. უნდოდა, სამარშრუტო ტაქსისთვის გაესწრო, მაგრამ დაეჯახა, ჰაერში ამოტრიალდა, მერე მე დამეცა და 8 მეტრის მანძილზე მათრია. შეჯახების მომენტი არ მახსოვს, მაგრამ მუხრუჭების ხმაზე დღემდე ჟრუანტელი მივლის. მკაფიოდ მახსოვს მანქანა, რომელიც ზემოდან მეცემოდა და დედაჩემის სახე, რომელიც საქარე მინაზე გამოისახა. მეგონა, რომ ყველაფერი დასრულდა.
შორენას გონება არ დაუკარგავს. ორივე ფეხი მოტეხილი ჰქონდა, ელენთა, ღვიძლი, ფილტვი - დაზიანებული, ყველა ნეკნი ჩამტვრეული, ყბა ტრავმირებული... ძალზე მცირე იყო მისი გადარჩენის შანსი. პაციენტის სამედიცინო ისტორიაში, ყველა დაზიანებული ორგანოს გასწვრივ ეწერა - "სიცოცხლესთან შეუთავსებელი". 45 დღე სასუნთქ აპარატზე იყო მიერთებული,
4 თვე გაუნძრევლად იწვა.
- დედის გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლის ხალისი მქონდა დაკარგული. მის საფლავზეც კი არ მივდიოდი. დედას ნებისმიერი შვილი გლოვობს, მაგრამ ჩემი მწუხარება გადამეტებულიც კი იყო... იმ დღეს ღმერთმა მიმანიშნა, რომ ამაზე დიდი უბედურებაც არსებობს, მაგალითად - პატარა შვილების დაობლება. მაშინ ჩემი შვილი 9 წლის იყო. ჩემმა ტრაგედიამ ბევრ რამეზეც დამაფიქრა, ამასთან, საოცრად გამაძლიერა...
ოჯახის წევრებს მაშინაც კი ამხნევებდა, როცა ძალიან ცუდად იყო. მისი ყოველი დღე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გადიოდა. მამას უფრთხილდებოდნენ, შვილის ამბავი რამდენიმე დღის შემდეგ გააგებინეს.
- მამა ჩემს სანახავად რომ მოვიდა, შეშინებული და დაბნეული იყო. ისეთი "გატეხილი", დედის სიკვდილის დროსაც კი არ ყოფილა. აღარ იცოდა, რა ეთქვა და თავისდა უნებურად აღმოხდა, - რა გაგიკეთოო? - მიმღერე-მეთქი (მამა კარგად მღერის, ჩემი ბაბუაც, ტრიფონ ხუხუა ცნობილი ლოტბარი იყო). - აქო? - გაუკვირდა. ექიმებმაც სთხოვეს, უმღერეთო, და... ეს იყო მამას ცრემლნარევი სიმღერა. ფურცელზე დავუწერე: "ნუ გეშინია, არ მოვკვდები". ექიმები ამბობდნენ, დერეფანში იჯდა, ხელში ეს ფურცელი ეჭირა და ბუტბუტებდა, - დამპირდა, არ მოვკვდებიო.
- შვილი როდის ნახე?
- ჩემებს ვეუბნებოდი, სანახავად ნუ მოიყვანთ, არ მინდა, ასეთი დალეწილი მნახოს-მეთქი. ავარიის დღეს სადახლოში წითელი მაისური და ქუდი ვუყიდე. ის ნივთები შემდეგ ჩანთაში იპოვეს და მისცეს. შეიძლებოდა, ეს მისთვის დედის უკანასკნელი საჩუქარიც კი ყოფილიყო... მითხრეს, - შენს ნახვას დაჟინებით ითხოვსო და მომიყვანეს. ოთახში რომ შემოვიდა, თვალებზე ცრემლი ჰქონდა. ბავშვს რომ შევხედე, სიკვდილის პირველად მაშინ შემეშინდა. შემეშინდა, მარტო არ დარჩენილიყო. მერე მეუღლეს ვთხოვე, სანამ არ გამოვკეთდებოდი, აღარ მოეყვანა.
შორენას მას შემდეგ არაერთი ოპერაცია გაუკეთდა. ჰქონდა გართულებებიც, მაგრამ ექიმების პროფესიონალიზმმა შედეგი გამოიღო. ის მედიკოსების მადლიერია.
- რეანიმატოლოგი ნინო როგორც კი მოვიდოდა, სულ რომ არაფერი გაეკეთებინა, მის დანახვაზე კარგად ვხდებოდი. როცა მორიგეობის საათები უმთავრდებოდა და იცოდა, მძიმედ ვიყავი, სახლში არ მიდიოდა. ექიმები მეუბნებოდნენ, - შენ რომ ცოცხალს გხედავთ, ვრწმუნდებით, სასწაულები ხდებაო. ტრავმატოლოგები მიფრთხილდებოდნენ, რომ არაფერი მტკენოდა, თეთრეულსაც კი თავად მიცვლიდნენ. მათთან დღემდე ვმეგობრობ...
8 თვის მანძილზე ეტლში იჯდა. როგორც კი საწოლიდან წამოდგა, ისევ კონკურსში "ასწავლე ქართული, როგორც მეორე ენა" ჩაერთო. გასაუბრებაზე ხელით მიიყვანეს. საუკეთესო შედეგი აჩვენა, საჭესთან დაჯდომის შიშიც დასძლია და სადახლოში ისევ სკოლაში დაბრუნდა.
- ეს მატერიალური მდგომარეობის გამო არ გავაკეთე. მინდოდა, სრულფასოვანი ცხოვრება გამეგრძელებინა. ისე მეცხოვრა, როგორც - ავარიამდე. სადახლოელი ბავშვები მანქანიდან გადმოსვლაში მეხმარებოდნენ. მათ ქართულ ენასთან ერთად ვასწავლე, როგორ უნდა დაეხმარონ ადამიანს. ის ბავშვები ექსკურსიაზე პირველად მე წავიყვანე. ვუთხარი, ავტობუსში დაგელოდებით და სხვა მასწავლებლები გაგყვებიან-მეთქი. არ დამტოვეს, ყავარჯნები გადააჯვარედინეს, ზედ დამსვეს და მთელი სიღნაღი ხელით შემომატარეს...
ეტლში გატარებული 8 თვე მის ცხოვრებაში ყველაზე აქტიური პერიოდი იყო. ერთ დღეს "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ხელმძღვანელს, რატი იონათამიშვილს დაუკავშირდა...
- რატიმ მკითხა, - საჭესთან ზიხარ? ჩაჯექი მანქანაში და ახლავე წამოდიო. მივედი და აქტიური ცხოვრებაც დაიწყო... ჩემი 2 ექიმი ამაზე გაბრაზდა, ერთს გაუხარდა, კოლეგებს გადაულაპარაკა, - ისეთი მონდომებულია, ფეხზეც გაივლისო. მერე იყო: ავტორალი, ჯომარდობა, მშვილდოსნობა, აფროსნობა... აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა! ყავარჯნებიდან ხელჯოხზე გადავედი. ერთი მეგობარი მეუბნება, - ეგ ხელჯოხი რომ აღარ დაგჭირდება, მაჩუქე, ადამიანის სიძლიერისა და გამძლეობის სიმბოლოდ უნდა შევინახოო.
შორენა კიდევ ერთი ოპერაციისთვის ემზადება, რის შემდეგაც ხელჯოხიც აღარ დასჭირდება. ახლაც შეუძლია, მაგრამ შორ მანძილზე სიარულსა და დაღლას ერიდება... მას მეუღლე, ერთი შვილი - თეკლა ამაშუკელი და 2 შვილობილი ჰყავს.
- იმ მძიმე დღეებში ოჯახისა და მეგობრების მხარში დგომა მნიშვნელოვანი იყო. მეგობრები მივლიდნენ. თეკლამ მითხრა, - ვლოცულობდი, ღმერთს ვთხოვდი, ჩემთვის შენი თავი არ წაერთმიაო. შვილობილებიც მყავს. ერთი გოგონა სამეგრელოდან, ჩემი სოფლიდან წამოვიყვანე, მეორე - სადახლოდან. მარიამ ბარგატია სოფელ კიწიაში გაიზარდა. დედაჩემი პედაგოგი იყო. მახსოვს, ერთ გოგონაზე ხშირად ლაპარაკობდა: ყოჩაღი და მონდომებული ბავშვია; დედით ობოლია; დილით პურისთვის ცომს ზელს, ძროხას წველის, შეშას აგროვებს, რომ სკოლიდან შინ დაბრუნებულმა ის პური გამოაცხოსო. დედა რომ გარდაიცვალა, ვიკითხე, - ის ბავშვი სად წავიდა-მეთქი? თანასოფლელებმა მითხრეს, - უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება უნდოდა და ვერ ჩააბარაო. ჩემთან დავიბარე. მოვიდა. სწავლა გინდა-მეთქი? - ვკითხე. კიო, - დაიმორცხვა. - ჩემთან წამოდი და მოგამზადებ-მეთქი. ძალიან მონდომებული იყო, რომ ცხოვრებაში თავისი ადგილი ეპოვა. დიდი შრომა დაგვჭირდა, მაგრამ მიზანს მაინც მივაღწიეთ. ახლა ბიძაშვილთან ერთად, დამოუკიდებლად ცხოვრობს. როცა რამე სჭირდება, მიკავშირდება. შაბათ-კვირას ყოველთვის მოდის, რომ ჩემგან "სითბო წაიღოს" (ეს მისი სიტყვებია). მეორე გოგონა - ნუნუ ბაირამოვა სადახლოდან წამოვიყვანე. მამით ობოლია. უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა, მაგრამ ოჯახმა თანხის გადახდა ვერ შეძლო. დედას დაველაპარაკე და მისი მეურვეობა საკუთარ თავზე ავიღე. მოვამზადე, ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ხელმეორედ ჩააბარა და დღეს სტიპენდიანტია. ხანდახან ჩემი შვილობილები მეუბნებიან, - სიკეთე როგორ გადაგიხადოთო? - ცხოვრებაში შეგხვდებათ ადამიანი, ვისაც თქვენი დახმარება დასჭირდება და დაეხმარეთ, სიკეთეს მხოლოდ ამით გადამიხდით-მეთქი. თავის დროზე ისტორიის მასწავლებელი მეც უფასოდ მამზადებდა.
- პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების არ შეგეშინდა? ეს შენი მეუღლის მხრიდანაც ღირსეული საქციელია.
- როდესაც ჩემს მეუღლეს პირველად დაველაპარაკე, არ დაზარებია, დამთანხმდა. მინდა, მეგობრებსაც მადლობა გადავუხადო, რომლებიც ბავშვების მომზადებაში დამეხმარნენ.
- შორენა, გავიგე, რომ ლექსებსაც წერ...
- საკუთარ თავს პოეტს ვერ ვუწოდებ. მეუბნებიან, რომ ჩემი ლექსები მოსწონთ. იმედია, ამას მხოლოდ ზრდილობის გამო არ ამბობენ.
- ერთ ლექსში "უკიბეებო გულზე" წერ. ასეთი გულის მქონე ბევრი ადამიანი შეგხვედრია?
- "კიბიანი გულის" მქონე ადამიანია იშვიათობა, თორემ... მაინც მიმაჩნია, რომ იღბლიანი ადამიანი ვარ. გამიმართლა, რომ უღალატო მეგობრები მყავს. კარგი ექიმები შემხვდნენ, რომლებმაც გადამარჩინეს. მაქვს სამსახური, რომელიც ძალიან მიყვარს. თბილისიდან სადახლოში სიარული ადვილი არ არის, მაგრამ ამ პროექტზე მუშაობა მნიშვნელოვანია. იქ მცხოვრები ადამიანებისთვის მხოლოდ გაკვეთილზე მიცემული ცოდნა არ არის საკმარისი, დამატებითი აქტივობებია საჭირო, რომელსაც სახელმწიფო პროგრამები ვერ დააფინანსებს. ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაცია - "კეთილი ნების მისია" ჩამოვაყალიბე. არაქართველი გოგონები გავააქტიურე. ახლა აზერბაიჯანელი და სომეხი ავტორების მხატვრული ნაწარმოებების ქართულად თარგმნას ვგეგმავთ.
- ბოლოს რას გვეტყვი?
- ჩემს ერთ ახლობელს რაღაც პრობლემა ჰქონდა. სახლში ჩაიკეტა, საზოგადოებაში აღარ ჩნდებოდა. მასთან მივედი, ჩემი მანქანის გასაღები მივუტანე (ავარიის დროს ორად გაიღუნა) და ვუთხარი, ადამიანი ფოლადზე ძლიერია-მეთქი. სანამ ეს ამბავი შემემთხვა, სიცოცხლეს სათანადოდ ვერ ვაფასებდი!.. სიცოცხლე ძვირფასია. გაუფრთხილდით და შეიყვარეთ...
თამუნა კვინიკაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)