ამერიკელი გოგონა, მეგან სტარი რამდენიმე კვირის წინ საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოვიდა და აფხაზეთის მონახულებაც გადაწყვიტა. ბუნებრივია, ყველაზე მეტად იქ მიღებული შთაბეჭდილებები მაინტერესებდა, რადგან თავად აფხაზეთში ჩასვლის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ მომცემია...
- ნორვეგიაში ვცხოვრობ და უკვე რამდენიმე წელია, რაც ვმოგზაურობ. ჩემი ვებგვერდი მაქვს, სადაც სამოგზაურო ამბებს დაწვრილებით აღვწერ. მას შემდეგ, რაც აფხაზეთში ვიმოგზაურე, ჩემს ვებგვერდზე არაერთი წერილი მოვიდა, - ხალხი იქ მოგზაურობის შესახებ მეკითხება. როგორც ჩანს, ძალიან აინტერესებთ.
- ამერიკელი ხარ, ნორვეგიაში რატომ ცხოვრობ?
- ჩემი ბოიფრენდი ნორვეგიელია, ამიტომაც საცხოვრებლად მის ქვეყანაში გადავედი. ჩემი სამუშაო განრიგი მაძლევს იმის საშუალებას, რომ ორ თვეში ერთხელ სამოგზაუროდ წავიდე. როგორც წესი, ზამთარში ვმუშაობ, ხოლო მთელი გაზაფხული ვმოგზაურობ. წელსაც ასე დავგეგმე. უმეტესად მარტო ან ჩემს ნორვეგიელ მეგობართან ერთად დავდივარ. ამჯერადაც ერთად წამოვედით სომხეთისა და საქართველოს დასათვალიერებლად. მერე კი მარტო გავემგზავრე აფხაზეთში. მარტო მოგზაურობისას, მაქსიმალურად ვცდილობ, ამა თუ იმ ქვეყნის შესახებ რაც შეიძლება მეტი გავიგო. საქართველოში მოგზაურობის დროს კი თითქოს ეს თვისება დავკარგე. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ძალა აღარ შემომრჩა: თქვენს ქვეყანაში ჩამოსვლამდე ორი კვირა ბელორუსში ვიყავი და იქაურმა ბიუროკრატიამ და კორუფციამ, რომელსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებოდი, გადამღალა და ძალა გამომაცალა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ამ მოგზაურობამ შესანიშნავად ჩაიარა.
- როგორც ვიცი, სომხეთშიც იყავი...
- ბელორუსის შემდეგ სომხეთში ჩავედი. ჩემმა მეგობარმა, რომელიც წარმოშობით სომეხია, მე და ჩემი მეგობარი თავის სახლში მიგვიპატიჟა. ხალხი ძალიან სტუმართმოყვარე და თბილია, არაჩვეულებრივი ეროვნული კერძები აქვთ. მოგზაურობის განმავლობაში ადგილობრივებთან ცხოვრება გაცილებით ჯობს სასტუმროში დაბინავებას. რაც შეეხება საქართველოს, აქაურობით ნამდვილად მოხიბლული ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, ხალხთან ურთიერთობა ვერ მოვახერხე. თბილისი ძალიან ლამაზია, თავი ევროპაში გეგონება. სხვათა შორის, შევამჩნიე, რომ ქალაქში ბევრი ბარია... ერევანშიც უამრავი კაფეა, რაც ძალიან მახარებდა. ნებისმიერ ადგილას შემეძლო დავმჯდარიყავი და ჩემი ვებგვერდი განმეახლებინა... სხვათა შორის, ყაზბეგშიც ვიყავით, სადაც საკმაოდ დიდი თოვლი იდო და მტკივანი მუხლის გამო ტაძრამდე ასვლაზე უარი ვთქვი. საერთოდ, მირჩევია, ერთ ადგილს ვესტუმრო და კარგად შევისწავლო, ვიდრე ყველაფერი ვნახო და მწირი ინფორმაცია დავაგროვო.
- აფხაზეთში მოგზაურობა რატომ გადაწყვიტე?
- ცოტა გასაკვირია, არა? იქ ყოფნისას აღმოვაჩინე, რომ შარშან 187 ამერიკელი ყოფილა აფხაზეთში. როცა მოგზაურობას ვგეგმავდი, ვიკითხე, სად ჯობდა გამგზავრება - ბათუმში თუ სოხუმში? ყველამ სოხუმი მირჩია. გავეცანი იმ მოგზაურთა შთაბეჭდილებებს, რომლებიც აფხაზეთში მოგზაურობდნენ და სიმართლე გითხრა, კარგს არაფერს წერდნენ. რატომღაც ცუდი შთაბეჭდილება შეჰქმნოდათ. ამბობდნენ, რომ ქალაქის ქუჩებში იარაღიანი ხალხი დარბოდა, არასტაბილური სიტუაცია იყო, არ იყო სასტუმრო, ნორმალური რესტორანი, სადაც მოგემსახურებოდნენ... ეს ყველაფერი სიმართლე არ აღმოჩნდა. შესაძლოა, 3 წლის წინ მართლაც ისეთი სიტუაცია იყო, როგორც მოგზაურები წერდნენ, მაგრამ დღეს განსხვავებული სურათი დამხვდა. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ მამაკაცები მოსვენებას არ მაძლევდნენ, ტელეფონის ნომერს მთხოვდნენ, სადღაც მეპატიჟებოდნენ... როგორც ჩანს, ყველა უცხოელი ქალი მსუბუქი ყოფაქცევის ჰგონიათ. თუმცა მსგავსი შემთხვევა რამდენჯერმე თბილისშიც მოხდა. სოხუმში მყავდა მეგობარიც, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში მონაკოში ცხოვრობდა, სწავლობდა და მუშაობდა. ის ეროვნებით აფხაზია და დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს. კარგად იცის, რომ აფხაზეთს ტურისტების მოსაზიდად ჯერ კიდევ ბევრი დრო სჭირდება. არც ჰოსტელია, სადაც ტურისტი ღამეს გაათევს, ინგლისურად არავინ ლაპარაკობს და რესტორანში მენიუსაც კი ვერ ნახავთ ინგლისურად.
- როგორი იყო შენი პირველი შთაბეჭდილება, როცა აფხაზეთში გადახვედი?
- პირველივე შთაბეჭდილება უცნაური იყო - ქუჩაში ძროხები და ღორები დარბოდნენ. როცა იქიდან ვბრუნდებოდი, აქაც ვნახე ქუჩაში მოსეირნე პირუტყვი და მივხვდი, ამაში უცნაური არაფერი ყოფილა (იცინის). აფხაზეთიდან სამი რამ დამამახსოვრდა - არაჩვეულებრივი ხალხი, დანგრეული შენობები და მამაკაცები, რომლებმაც ერთი ინგლისური სიტყვაც არ იცოდნენ და ტელეფონის ნომერსა და ცოლობას ქუჩაშივე მთხოვდნენ.
- როგორც მითხარი, რთულია, მოგზაურმა ღამის გასათევი იპოვოს. თავად სად ათევდი ღამეს?
- მოგზაურებისათვის შექმნილ საიტზე ვიპოვე ოჯახი, სადაც დავბინავდი. სხვათა შორის, რუსები იყვნენ. სოხუმში ძალიან ბევრი სომეხი და რუსი ცხოვრობს.
- წეღან აღნიშნე, სხვა მოგზაურების მსგავსად, აფხაზეთზე ცუდი შთაბეჭდილება არ შემქმნიაო...
- მართალია, ამბობდნენ, რომ ტაქსით საზღვრამდე მგზავრობა ძალიან ძვირია, აფხაზეთის საზღვარს არავინ კვეთს, იარაღიანი ხალხი დადის ქუჩაში... აღმოჩნდა, რომ საზღვრიდან, ტაქსის გარდა, ავტობუსიც დადის უახლოეს ქალაქამდე, სოხუმის ქუჩებში აქა-იქ თუ შეხვდებოდი სამხედროებს და საზღვარიც ძალიან გადატვირთული იყო. აფხაზეთის მიმართულებით უამრავი ქართველი კვეთდა საზღვარს. ერთი ტურისტი წერდა, რომ პასპორტში ქართული შტამპების გამო საზღვარზე პრობლემები შეექმნა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მესაზღვრეებს ქართული შტამპები სულაც არ აღელვებდათ. რაც შეეხება თავად საზოგადოების ქართველებისადმი დამოკიდებულებას, ყველა ამბობდა, რომ მშვიდობა უნდათ და არც ქართველი ხალხისადმი აქვთ აგრესია. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზების უმეტესობას რუსული პასპორტი აქვს, მოგზაურობა ან ევროპის საზღვრის გადაკვეთა არ შეუძლია: ვიზის მისაღებად წარსადგენ დოკუმენტში თუ წერია, რომ აფხაზეთში ცხოვრობს, გამგზავრებაზე უარს ეუბნებიან, რადგან თითქმის მთელი მსოფლიო აფხაზეთს როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, არ აღიარებს. ბოლო პერიოდში რუსეთი აფხაზეთის მოქალაქეებზე, რუსული პასპორტის ნაცვლად, აფხაზურს გასცემს. ჩემი იქაური მეგობრის თქმით, მათ უთხრეს, - იმ რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურობაც გეყოფათ, რომლებმაც თქვენი დამოუკიდებლობა აღიარა; შეუძლიათ, მთიან ყარაბაღში, ნიკარაგუაში წასვლაო, - მაგრამ ყარაბაღში როგორ უნდა წავიდნენ, როცა იქ აეროპორტიც კი არ არის?!
- მეგან, აფხაზები თავიანთი მდგომარეობით თუ არიან კმაყოფილნი?
- როგორც ამიხსნეს, სანამ საბჭოთა კავშირი შეიქმნებოდა, აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკა იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველა ქვეყანამ არჩევანი გააკეთა, საქართველომ დამოუკიდებლობა არჩია, აფხაზეთმა კი - რუსეთის მფარველობის ქვეშ დარჩენა. სწორედ ამას მოჰყვა კონფლიქტიო. სიმართლე გითხრათ, ამ საკითხზე საუბარი არც ისე სასიამოვნოა და ისინიც თავს არიდებენ. ამასთან ერთად, ქართველებისადმი აგრესიულად არ არიან განწყობილნი. სხვათა შორის, ჩემს მეგობარს, რომელიც იტალიაში სწავლობდა, გაუმართლა, რადგან უნივერსიტეტს სპეციალურად აფხაზი სტუდენტებისთვის შექმნილი პროგრამა ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც ის შეძლებდა ქვეყნის ფარგლების დატოვებას.
- როგორია ზოგადად, სოციალური ფონი?
- ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კარგი... სოხუმში რუს ცოლ-ქმარს შევხვდი, რომელიც მოსკოვიდან სოხუმში გადავიდა საცხოვრებლად. ამბობდნენ, - აქ ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს, ჯანსაღი ატმოსფეროა, კარგი ჰაერი და პროდუქტიაო. თუმცა ზოგადად, სოციალურ ფონზე არაფერი უთქვამთ. სოხუმში დღემდე ძალიან ბევრ დამწვარ-გაძარცულ სახლს შეხვდებით. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ თქვენ და აფხაზები სულელური პოლიტიკური მდგომარეობის გამო ხართ დაშორებულნი. პოლიტიკა ხალხის ცხოვრებას არ უნდა წარმართავდეს. ალბათ ურთიერთობის აღდგენა საზოგადოებამ თავად უნდა დაიწყოს. ზოგადად აფხაზები ტურისტებისადმი მეგობრულად არიან განწყობილნი და არა მგონია, მაინცდამაინც ქართველებისადმი ჰქონდეთ აგრესია. ვფიქრობ, ურთიერთობების აღდგენას მალე შეძლებთ.
ელენე ბასილიძე
(გამოდის ხუთშაბათობით)