ახლახან "თავისუფალი თეატრი" 13 წლის გახდა. როგორც თეატრის მეპატრონე და სამხატვრო ხელმძღვანელი - ავთო ვარსიმაშვილი ამბობს, "თავისუფალი თეატრი" ერთადერთია, რომელსაც სახელმწიფო არ აფინანსებს. რა გახდა თავის დროზე ამის მიზეზი და რა არის ამ თეატრის წარმატების საიდუმლო? - ავთო ვარსიმაშვილი თავისი "შვილობილის" შესახებ გვიყვება...
- ამბობთ, რომ პოლიტიკის მიმართ ზიზღი გაქვთ. ბევრს მიაჩნია, რომ ზოგადად, ხელოვანის ვალია, საკუთარი პოზიცია ყოველთვის დააფიქსიროს. თქვენ ასე არ ფიქრობთ თუ ამას სპექტაკლების საშუალებით ახერხებთ?
- ჩემს პოზიციას მხოლოდ სპექტაკლებისა და ფილმების საშუალებით გამოვხატავ. ის ხელოვანი, რომელიც პოლიტიკაზე თავის მოსაზრებას სიტყვიერად გადმოსცემს, ჩამოყალიბებულ ხელოვანად არ მიმაჩნია. ვფიქრობ, მსახიობი, რეჟისორი და ა.შ. არ უნდა იყოს პოლიტიკოსებთან დაახლოებული; ის უნდა იდგეს ცალკე და არ მონაწილეობდეს პოლიტიკურ ღონისძიებებში. ბოლო 30 წლის მანძილზე პირადად ვიცნობდი და მეგობრული დამოკიდებულებაც მქონდა ჩვენი ხელისუფლების პირველ პირებთან, მაგრამ არასოდეს მქონია პოლიტიკური ცხოვრება. ვიცი, დღემდე სააკაშვილის მეგობრის იმიჯი მაქვს, მაგრამ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ინტერვიუს ან სატელევიზიო გადაცემას, სადაც მე პრეზიდენტის გვერდით ვიდექი. ბოლო სახელმწიფო შეკვეთა, რომელიც მე შევასრულე, ინაუგურაცია იყო - მას შემდეგ არ დამიდგამს არც ერთი სახელმწიფო კონცერტი, არასოდეს მისარგებლია სააკაშვილთან მეგობრობით და დღესაც ის თანამდებობა მაქვს, რაც შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში მქონდა. არადა, ძალიან მიმზიდველ პოსტებს მთავაზობდნენ. მგონია, რომ ხელოვანმა პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური მოსაზრებები საკუთარ ნამუშევრებში უნდა ასახოს.
- "თავისუფალი თეატრის" სპექტაკლებზე მუდმივი ანშლაგია. მაინც, რა არის თქვენი თეატრის წარმატების საიდუმლო?
- დღეს საქართველოში "თავისუფალ თეატრს" ყველაზე კარგი დასი ჰყავს არა მხოლოდ "ცნობადობის", არამედ მათი მუშაობის ხარისხის თვალსაზრისით. მე ყველაფერი გავაკეთე საიმისოდ, რომ ისინი პოპულარულები ყოფილიყვნენ და მათი თამაშის ხარისხიც მაღალი ყოფილიყო. ჩვენი ყველა სპექტაკლი გულახდილი დიალოგია მაყურებელთან. ჩვენ მაყურებელს აღვიქვამთ იმ მეგობრებად, რომლებსაც მათთვის მტკივნეულ თემებზე ველაპარაკებით... საერთოდ, მე მიყვარს ნიჭიერი ადამიანები - ეს ეხება არა მხოლოდ მსახიობებს, არამედ რეჟისორებს, გამნათებლებს, ხმის რეჟისორებს...
- ამბობთ, რომ როცა თქვენ და ნიკო გომელაური "სარდაფიდან" წამოხვედით, ერთმანეთს პირობა მიეცით - ყველაზე უინტრიგო თეატრს გააკეთებდით. შეძელით ეს?
- ვფიქრობ, "თავისუფალ თეატრში" ინტრიგა ყველაზე ნაკლებად არის. ჩვენ გვაერთიანებს მხოლოდ საქმე და არა - კულისური ცხოვრება... "თეატრალური სარდაფის" გახსნის პირველსავე დღეს გამოვაცხადე, რომ ამ თეატრის დევიზი იქნებოდა - "დე ცუდი, ოღონდ ბევრი", - ანუ მთავარი იყო დადგმულიყო ბევრი სპექტაკლი, თუნდაც - ზოგიერთი არცთუ ისე კარგი. იმ პერიოდისთვის თეატრები უზურპირებული იყო ხელმძღვანელების მიერ და ახალგაზრდა რეჟისორებს თეატრში არ უშვებდნენ, ამის მიზეზად კი ცუდ სპექტაკლებს ასახელებდნენ. ჩვენმა დევიზმა კარგად იმუშავა და ძალიან ბევრი კარგი სპექტაკლი შეიქმნა, თუმცა, ცოტა ხანში ჩემი დევიზი ცუდად შემომიტრიალდა - იმდენად ბევრ ადამიანს გავუხსენი კარი, მათ შორის - ბევრ უნიჭოს, რომ ბევრი ცუდი და უგემოვნო სპექტაკლი დაგროვდა. ეს პირველი კომერციული თეატრი იყო და მას საკუთარი თავი უნდა ერჩინა. ამის გამო კეთდებოდა კომერციული პროექტები. ჰოდა, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დავტოვე "სარდაფი" და გავხსენი "თავისუფალი თეატრი", რომლის დევიზი უკვე სრულიად საწინააღმდეგო შინაარსისაა: "ცოტა, ოღონდ კარგი". შეიძლება ხშირად არ ვდგამთ სპექტაკლებს, მაგრამ თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი სპექტაკლების 70% მაღალი ხარისხისაა. "თავისუფალმა თეატრმა" შეძლო და პირველივე დღიდან მოიპოვა მაყურებლის სიყვარული და ისინი ჩვენგან ყოველთვის ელიან სიმართლესა და დიდ დღესასწაულს.
- თეატრში ბევრი სოციალური თემატიკის სპექტაკლი იდგმება; პოლიტიკური მესიჯებიც მრავლად არის. ამის გამო პრობლემები არ შეგქმნიათ?
- თეატრის გახსნის წლისთავზე შევარდნაძემ მთავრობის სხდომა მოიწვია "თავისუფალი თეატრის" დახურვასთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა სპექტაკლი - "პროვოკაცია". ამ სპექტაკლის მსვლელობისას თეატრის კარს ვაღებდით და "კანცელარიის შენობას" მივმართავდით: "როდემდე უნდა იჯდე მანდ, დროა წახვიდე!" საბოლოოდ, შევარდნაძეს ეყო გონიერება და სხდომაზე თქვა: მოდი, საკითხი გადავდოთ და კარგად შევისწავლოთო. როგორც მისთვის ჩვეული იყო, გადადო და გადადო... აი, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს კი არაერთხელ უთქვამთ: "თავისუფალი თეატრი" ჩვენი თეატრიაო. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვერ გადავუხვევდით მთავარ პრინციპს, ჩვენ უნდა გვეთქვა სიმართლე მაყურებლისთვის და ამიტომაც გაჩნდა სპექტაკლი - "პროვოკაცია 2", სადაც "ვარდების რევოლუციას" დავცინოდით; მერე გაჩნდა სოციალურად გაშიშვლებული სპექტაკლი "ძმები", რომელმაც მნიშვნელოვანი გარდატეხა შემოიტანა თეატრის ცხოვრებაში. ამ წარმოდგენის წყალობით ჯორჯ ბუშის საქართველოში ვიზიტსაც შევეხეთ და ვთქვით: "რა გვეცეკვებოდა და გვემღერებოდა?" რა თქმა უნდა, ეს სპექტაკლი ვერავის, მით უმეტეს - პოლიტიკოსებს ვერ დატოვებდა გულგრილს, მაგრამ მათ გადაწყვიტეს, პირდაპირ კონფრონტაციაში არ შემოსულიყვნენ, სამაგიეროდ, მოგვიხსნეს დაფინანსება - 60.000 ლარი, რომელიც წლის მანძილზე ბევრ რამეში გვშველოდა (სხვათა შორის, ეს თანხა თავის დროზე საკრებულოს თავმჯდომარე სააკაშვილის ინიციატივით დაგვინიშნეს). ამის შემდეგ თითქოს არც ვარსებობდით მათთვის. დასჯის ასეთივე მეთოდი გამოიყენეს რუსთაველის თეატრის მიმართ, მაგრამ ჩემგან განსხვავებით, რობერტ სტურუას ამან წონასწორობა დააკარგვინა, ჩვენ კი პირიქით, ამ ფაქტმა სტიმულიც მოგვცა და დავდგით "კავკასიური ცარცის წრე", სადაც ვსაუბრობდით იმ ომის იდიოტიზმზე, რომელიც რამდენიმე თვით ადრე დასრულდა. სპექტაკლში - "მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ" ომის თემა გავაგრძელეთ, "მექანიკურ ფორთოხალში" კი ვთქვით, რომ დღევანდელი ხელისუფლება ზომბირებულია... ხელისუფლების წარმომადგენლებმა კარგად იცოდნენ, რომ მარტო არ ვიყავით და რამე რომ მომხდარიყო, ჩვენს დასაცავად ქუჩაში ბევრი ახალგაზრდა გამოვიდოდა...
- და მას შემდეგ "თავისუფალი თეატრი" ერთადერთი თეატრია, რომელსაც დაფინანსება არ აქვს...
- დიახ, ასეა! ჩვენ კვლავ არ გვაქვს სახელმწიფო დაფინანსება. მსახიობებს გვაქვს ფონდის - "ქართუ" გრანტი. მართალია, ეს თანხა სპექტაკლების შესაქმნელად და კომუნალური გადასახადების გადასახდელად საკმარისი არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა, ფონდის მადლობლები ვართ.
- თეატრის დაფინანსებასთან დაკავშირებით, ახალ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას არ აწარმოებთ?
- არ დაგიმალავთ და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს შევხვდი. კულტურის სამინისტროში დამპირდნენ, რომ ამ საკითხს განიხილავენ. რატომღაც, მათი მჯერა...
- შეიძლება ითქვას, რომ ნიკო გომელაური თქვენი აღმოჩენა იყო?
- ნიკო გომელაურს ნათამაშები აქვს 32 როლი, აქედან - 29 ჩემთან. ეს ალბათ, მეტყველებს იმაზე, თუ რა იყო ნიკო ჩემთვის ან მე ვინ ვიყავი მისთვის. თუმცა, ვინმეს "აღმოჩენის" ფორმულირება არასწორად მიმაჩნია. მას სულ ჰქონდა მცდელობა, სხვა რეჟისორებთანაც ემუშავა. მიდიოდა კიდეც რეპეტიციებზე, მაგრამ მერე ისევ უკან ბრუნდებოდა და ამბობდა: არა, არა, სხვასთან მუშაობა არ შემიძლიაო. ნიკოს წასვლა ჩემთვის უდიდესი ტკივილი იყო. სასიამოვნო გახლდათ იმის ყურება, თუ როგორ იზრდებოდა ეს ადამიანი. თავდაპირველად ნიკომ თითქმის არაფერი იცოდა, ჰქონდა მხოლოდ არაჩვეულებრივი ორგანიკა და მომხიბვლელობა სცენაზე, ის ჩემ თვალწინ ჩამოყალიბდა ძალიან დიდ მსახიობად. გული მწყდება, რომ ბევრი რამ ვერ მოვასწარით...
- ბევრს მოგზაურობთ...
- ახლაც, რამდენიმე დღეში სერიოზული მოგზაურობები გველის. შემიძლია, ყოველგვარი ზედმეტი მოკრძალებისა თუ პირფერობის გარეშე გითხრათ, რომ ქართველ მაყურებელზე უფრო მნიშვნელოვანი ჩემთვის არავინ ყოფილა. გარწმუნებთ, ქუთაისში ყოფნისას უფრო მეტად ვღელავ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნის დიდ ქალაქში. ერთხელ, იტალიაში გასტროლისას, როცა სცენაზე გასულები მაყურებელს თავს ვუკრავდით და აპლოდისმენტებისთვის მადლობას ვუხდიდით, კახი კავსაძეს ვუთხარი: კახი, გაიღიმე, რა პირქუშად ხარ-მეთქი. მითხრა: ვის გავუღიმო, ერთი ადამიანიც არ მეგულება ამ დარბაზში, ვისაც ამაზე რეაქცია ექნებაო...
- რამდენად დიდია მეუღლის როლი თქვენს წარმატებაში?
- მას მართლაც, დიდი წვლილი მიუძღვის ამაში. პირველ რიგში, ის ჩემი მეგობარია და მიქმნის ისეთ გარემოს, რომ სახლში შესვლა მიხაროდეს. თუ ადამიანს შინ ყოფნა არ უხარია, ე.ი. ის უბედურია, უბედური ადამიანი კი ვერაფერს შექმნის.
დაბოლოს, მინდა გითხრათ: "თავისუფალი თეატრის" შექმნისას ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი თავისუფლება იყო; თავისუფლება პიროვნების, სოციალური და პოლიტიკური, თეატრალური იდეების... თავისუფლება ყველაზე დიდი ფასეულობა და ფუფუნებაა, რისკენაც ადამიანი უნდა ისწრაფოდეს. ეს თეატრი იქნება კარგი მანამ, ვიდრე ამ სახელს ამართლებს. თუ მომავალში რომელიმე რეჟისორი მოინდომებს, რომ ეს თეატრი არ იყოს თავისუფალი, ის მაშინ სიცოცხლეს დაასრულებს.
შორენა ლაბაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)