"ლაბორატორია 1918"-ის წევრები შსს-ის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას ეხმაურებიან

"ლაბორატორია 1918"-ის წევრები შსს-ის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას ეხმაურებიან

სტუდენტური ორგანიზაცია "ლაბორატორია 1918"-ის წევრები გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-ის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას ეხმაურებიან და სხვადასხვა დაწესებულების შენობაზე წარწერების გაკეთებას ადასტურებენ, თუმცა იქვე განმარტავენ, რომ სამართალდამცველებს ძალის "გადამეტებულად" გამოყენების უფლება არ ჰქონდათ.

"ჩვენ წარწერები გავაკეთეთ იმ შენობებზე, რომლებიც გარკვეულ სოციალურ დონეზე რაღაცეებზე არიან პასუხისმგებელნი, მაგალითად "ქართული მარგანეცის" ოფისის კედლებზე, რომელთა თაოსნობითაც ჭიათურელი მუშები 300 ლარზე მუშაობდნენ 17 საათის განმავლობაში. ასეთივე წარწერები გავაკეთეთ ზოგიერთი აფთიაქის ცენტრალური ოფისების კედლებზე, რადგან ისინი 500 %-იან მოგებაზე მუშაობენ მაშინ, როცა მაღალი საფასურის გამო ჩვენი ოჯახის წევრები, შესაძლოა, ხშირად წამლის გარეშე რჩებოდნენ. სხვათა შორის, შსს-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ისიც კარგად ჩანს, როგორ ძალადობს პოლიცია", - განაცხადა "პალიტრა ტვ"-ის ეთერში, გადაცემა "რეზიუმეში" "ლაბორატორია 1918"-ის წარმომადგენელმა მათე გაბიცინაშვილმა.

რაც შეეხება დემონსტრანტების მიერ დაზიანებულ ავტომანქანას, გაბიცინაშვილი აღნიშნულ ინციდენტს ასე ხსნის: "გზა გადაკეტილი გვქონდა, როცა ჩვენს ტალღაში ეს ავტომანქანა აღმოჩნდა. ჩვენ მძღოლს შევთავაზეთ, გავიწეოდით და გავატარებდით, მაგრამ მან სიჩქარეს უმატა და სცადა გადაევლო მანიფესტანტებისთვის, რამაც მომიტინგეების გაღიაზიანება გამოიწვია".

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1-ელი მაისის აქციასთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის მიერ გამოთქმული მოსაზრების გამო, თითქოს პოლიციამ უფლებამოსილებას გადააჭარბა, გარე სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული კადრები გაავრცელა.

სამინისტროს განცხადებით, აღნიშნულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, თუ როგორ არღვევენ დემონსტრანტები საზოგადოებრივ წესრიგს, რაც გამოიხატა შენობების იერსახის დამახინჯებასა და მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანების დაზიანებაში.

ვიდეომასალა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"