ავიაკომპანია Turkish Airlines-მა თავის კომპანიაში მომუშავე ბორტგამცილებლებს სამსახურის საათებში წითელი ან ვარდისფერი პომადის წასმა აუკრძალა. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ "მგზავრების უკმაყოფილებით" ახსნა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანია უარს ეუბნება სამსახურში მიღებაზე მათ, ვისაც სხეულზე გამოსაჩენ ადგილებზე სვირინგი ან პირსინგი აქვთ.
დაშვებულია მხოლოდ მსუბუქი მაკიაჟი. ბორტგამცილებლებს კომპანიამ ასევე აუკრძალა უჩვეულო ვარცხნილობებისა და პარიკის ტარება. გასულ წელს ავიაკომპანიამ ბორტგამცილებლებს თმების წითლად და ქერად შეღებვა აუკრძალა.
Turkish Airlines-ის ამ გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა სოცქსელებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. თურქეთის "სახალხო რესპუბლიკური პარტიის" ვიცე-პრეზიდენტმა გურსელ თექინმა ავიაკომპანიის ხელმძღვანელობის ამ გადაწყვეტილებას "გარყვნილება" უწოდა, რადგან მისივე თქმით, სხვაგვარად ვერ შეაფასებს იმას, რომ ხელძღვანელობა უთითებს 25-30 წლის თანამშრომლებს, როგორი მაკიაჟი გაიკეთოს და როგორ ჩაიცვას.
თურქმა ქალბატონებმა კი ავიაკომპანიის გადაწყვეტილება სოციალური ქსელების მეშვეობით გააპროტესტეს და თავიანთი სურათები გამოაქვეყნეს, სადაც მკვეთრი წითელი ფერის პომადა უსვიათ. ისინი სხვა ქალბატონებსაც მოუწოდებენ წითელი პომადის წასმას.
მომზადებულია ibtimes-ის მიხედვით.