"ის ერთი მინისტრი", რომლის ცუდ მუშაობაზე პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მიანიშნებდა, დიდი ალბათობით, სოფლის მეურნეობის უკვე გადამდგარი მინისტრი დავით კირვალიძეა.
შევარდნაძის დროინდელი კადრი ივანიშვილს არ გამოადგა. მაგრამ მოვლენები დაანონსებულზე ცოტა სხვაგვარად განვითარდა - კირვალიძემ პოსტი თავისი ნებით დატოვა.
აიძულეს თუ მიხვდა და წავიდა, არავინ იცის.... დიდი ალბათობით, ივანიშვილი სწორედ კირვალიძეს გულისხმობდა, მაგრამ შესაძლოა, ასე არც იყოს. ვერც მინისტრები აკონკრეტებენ, დავით კირვალიძე იყო თუ არა "ის", ვის მიმართაც პრემიერ-მინისტრს კითხვები ჰქონდა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ დავით კირვალიძე უაღრესად წესიერი და პატიოსანი ადამიანია.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის თქმით კი, დავით კირვალიძეს სამართლებრივად თანამდებობა არ დაუტოვებია. მან მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რაც მისასალმებელი და ევროპული ნაბიჯია.
დავით კირვალიძის წესიერებასა და ვაჟკაცობაში ეჭვი არ ეპარება თავდაცვის მინისტრსაც. მივლინებაში წასვლამდე ალასანიამ კირვალიძეს სამინისტროში მიაკითხა და პოსტის დატოვების გადაწყვეტილების დეტალები მოისმინა.
"პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება დავით კირვალიძის ვაჟკაცურ ბუნებაზე მიუთითებს. დარწმუნებული ვარ, გამოძიების შედეგად ყველაფერი გაირკვევა", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
დავით კირვალიძემ უფლებამოსილების შეჩერების თხოვნით მთავრობას დღევანდელ სხდომაზე მიმართა. მისი თქმით, ის გრძნობს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სამინისტროში მიმდინარე პროცესებზე და მთავრობას უფლებამოსილების შეჩერება სწორედ ამიტომ სთხოვა. კირვალიძის ინფორმაციით, პრემიერმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
გუშინ ივანიშვილმა თქვა, რომ "დარდობს წინასწარ რომ დააანონსა მინისტრის მოსალოდნელი მოხსნა". დიდი დარდის შემდეგ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კირვალიძეს, ალბათ, ურჩიეს, თავისი ნებით წასულიყო. თუმცა მას ოფიციალურად არაფერი ბრალდება.
შს სამინისტრომ და საგამოძიებო სამსახურმა სასოფლო-სამეურნეო ბარათების კანონდარღვევით გამოყენებისა და სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს 10-ზე მეტი მაღალჩინოსანი დააკავა. კირვალიძეს არ სჯერა, რომ ეს პირები დამნაშავენი არიან.
"სამინისტროს თანამშრომლების უმრავლესობა ძალიან წესიერი და კეთილსინდისიერი ადამიანია. მათ შორის ჩემი ბევრი მეგობარია. დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაცია მალე გაირკვევა, რადგან აუცილებელია სიმართლე დადგინდეს. პროცესის დასრულებამდე კი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ და გადადგომის გადაწყვეტილება მივიღე", - განაცხადა დავით კირვალიძემ.
"ამბები.გე"-ს საიტზე ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, კირვალიძე ერთ-ერთი სავარაუდო მინისტრი იყო, ვინც ივანიშვილს უნდა მოეხსნა. თუმცა მოსახსნელ მინისტრთა ნუსხაში მესამე ადგილს იკავებდა, "რეიტინგში" სუბარი ლიდერობდა, ალასანია კი მეორე ადგილზე იყო.
რა შეიძლება გამხდარიყო იმის მიზეზი, რომ ივანიშვილს კირვალიძის მუშაობა არ მოსწონებოდა? ვაუჩერების დარიგებაში დარღვევები, თუ რამე სხვა? - ამბობენ, რომ კირვალიძე ივანიშვილის თვალში "ნაციონალებთან" დაახლოებული პირია.
კულუარული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკადრო პოლიტიკა არ მოსწონს, - კერძოდ, მიიჩნევს, რომ სამინისტრო კირვალიძემ "ნაციონალებით" დააკომპლექტა.
დავით კირვალიძეს პრობლემები ძველი ხელისუფლების პირობებშიც ჰქონდა. იგი შევარდნაძის მმართველობის დროსაც სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო (2001-2003 წლებში).
სააკაშვილის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, 2004 წელს დაიწყო გამოძიება გასულ წლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჰუმანიტარული ტვირთის განაწილებისა და ვეტერინარული დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ. ამ საქმეში კირვალიძე ბრალდებულად სცნეს, რისთვისაც 250 ათასი ლარის გადახდა დააკისრეს.
მაშინ ამ მოტივით გენერალურ პროკურატურაში სოფლის მეურნეობისა და სურსათის ყოფილი მინისტრი დავით შერვაშიძეც დაიკითხა, რომელიც 2001-2003 წლებში მინისტრ დავით კირვალიძის მოადგილე იყო. სხვათაშორის, შერვაშიძე კირვალიძის მოადგილე დღემდე იყო. იგი თანამდებობაზე ჯერ კიდევ რჩება.
თბილისში გავრცელებული ჭორები მართლდება და თუკი მათ დავუჯერებთ, კირვალიძე ბოლო მინისტრი არ არის, ვინც პოსტს დატოვებს, ან დაატოვებინებენ - კიდევ არაერთი საკადრო ცვლილებაა მოსალოდნელი.
ხათუნა გაგნიძე