ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა განათლების მინისტრის ბრძანება მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის, ჟენია მერაბიშვილის გათავისუფლების შესახებ დღეს მიიღო. თუმცა, უკვე ყოფილმა დირექტორმა მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ჯერ არ იცის.
შეგახსენებთ, რომ ჟენია მერაბიშვილს მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეები და დამლაგებელი ძალადობაში ადანაშაულებენ. დამლაგებლის თქმით, ის ჟენია მერაბიშვილმა 13 თებერვალს სცემა. საქმის მოკვლევა განათლების სამინისტრომ მეორე დღესვე დაიწყო, მთავარ პროკურატურას კი 5 მარტს მიმართა. 19 თებერვალს განათლების სამინისტროს წარმომადგენლები სკოლაშიც იმყოფებოდნენ და დახურული შეხვედრები გამართეს. პროკურატურა კი ინციდენტზე საქმეს დღემდე სწავლობს.