"ხელისუფლების რუხი კარდინალი", "ხუხოფობია", "ყველაფრისმცოდნე" - ბოლო დროს ეს სიტყვები გია ხუხაშვილის მისამართით ხშირად გაისმის. რაღაცებს თავადაც იუმორით უყურებს, მაგრამ რაღაცებზე ბრაზობს და ამბობს, რომ ვისაც არ ეზარება, ყველაფერს აბრალებენ. პრევენციითაც იმუქრება, - თუ ეს გაგრძელდება, სასამართლოს მივმართავო. მას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ვესაუბრეთ.
- იმას, რომ საზოგადოებას "ხუხოფობია" შეეყარა, ობიექტური მიზეზები აქვს, - მე არ ვარ იდენტიფიცირებული პოლიტიკური ფიგურა, ანუ პოლიტიკაში ჩემი ადგილი გარკვეული არ არის. ამავდროულად, ხელისუფლებასთანაც ვინარჩუნებ ახლო ურთიერთობას და ეს ყველაფერი საზოგადოებაში გარკვეულ ლეგენდას ქმნის. ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ იტყვის, რომ დავუძახე და ინფორმაცია მივაწოდე. თუმცა, ჩემი სიტყვები მუდმივად საკამათო ხდება და თემაც აქტიურდება. ამის გამო საკმაოდ ხშირად ვჩანვარ, რაც ჩემ შესახებ ლეგენდას ამძაფრებს. "ხუხოფობიას" სუბიექტური მიზეზებიც აქვს, გარშემო რაც კი ხდება, ყველაფერს მე მაბრალებენ, დათა ახალაიას წერილის ავტორობაც კი მე დამაბრალეს, - ხუხაშვილის დაწერილიაო... რუსეთთან დაკავშირებით გამოთქმულ ჩემს აზრსაც სხვანაირად მოაბეს ყური, არადა, უბრალოდ ის ვთქვი, როგორი წარმომიდგენია საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ ჩემი ფრაზა კონტექსტიდან ამოგლიჯეს და ისე დაატრიალეს... ყველა თემის კომენტირება მიწევს, რადგან წესად მაქვს, როდესაც ჟურნალისტი მომმართავს, ჩემი მოსაზრება აუცილებლად უნდა ვუთხრა. ეს არის და ეს. მითები და ლეგენდები - ხუხაშვილმა ყველაფერი იცისო, გადაჭარბებულია.
- იმის უარყოფაც არ შეიძლება, რომ მმართველ გუნდთან განსაკუთრებით ახლო ურთიერთობით სარგებლობთ, თუმცა, თანამდებობაზე არ ხართ და პოლიტიკაში აშკარა მოღვაწეობასაც არიდებთ თავს...
- დიახ, ეს ჩემი არჩევანი იყო. როდესაც პოლიტიკურ პროცესებში ვიღებდი მონაწილეობას, თავიდანვე განვაცხადე, პარტიული პოლიტიკოსობა ჩემი საქმე არ არის-მეთქი. არასდროს არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და არც ვაპირებ შესვლას. ვერ ვიტყვი, ძალიან ახლო-მეთქი, მაგრამ საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს ბიძინა ივანიშვილთან. ეს ჩემი ადამიანური არჩევანია და მას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ჩემს აზრსაც ვეუბნები.
- ბოლო ხანს ახალი ხელისუფლების "რუხ კარდინალადაც" მოგიხსენიებენ...
- საოცარია. ნეტავ საიდან იქმნება ეს მითები. არ ვიცი, ღირს კი ამაზე ლაპარაკი? როგორც ჩანს, არის ჩვენში ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც რაღაც ახალი დაავადება, ზემოთხსენებული "ხუხოფობია" სჭირს....
- ევროსაბჭოში პრემიერ-მინისტრის გამოსვლას საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ერთმა ნაწილმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კვალიფიციურად ისაუბრა, ხოლო უმცირესობის წევრებმა პარალელი გაავლეს მიხეილ სააკაშვილის გამოსვლებთან და აღნიშნეს, რომ რცხვენოდათ, როდესაც ბიძინა ივანიშვილს უსმენდნენ.…თქვენ როგორ შეაფასებდით მის გამოსვლას?
- წინასწარ ვიცოდით, რომ ამ გამოსვლას ასეთი პოლარიზებული შეფასებები მოჰყვებოდა. მე არ მიმაჩნია, რომ რაღაც აღმატებული მოხდა და არც იმას ვამბობ, რომ რაღაც ცუდი მოხდა, უბრალოდ ეს იყო სრულიად სწორი პოზიცია. მან ისაუბრა გულწრფელად და არ ფიქრობდა პოპულიზმზე, არც იმის სურვილი ჰქონია, რომ ვინმესთვის თავი მოეწონებინა და ისეთი რამ ელაპარაკა, რაც მათ ესიამოვნებოდათ. ყოველ შემთხვევაში, მკვეთრად განსხვავდებოდა სააკაშვილისგან, რომელიც ზღაპრებს ყვებოდა და ევროპარლამენტარების წინაშე ვირტუალურ სურათებს ხატავდა. სააკაშვილსა და ივანიშვილის გამოსვლას შორის პრინციპული სხვაობა იყო, რაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს მეგობრებთან ურთიერთობაში. პრემიერ-მინისტრი არ ვარცხნიდა საქართველოში არსებულ ვითარებას, რითაც მან სტერეოტიპი დაანგრია. ანუ ეს გამოსვლა არც ვაი, ეს რა ვნახეთ იყო და არც ვუი, ეს რა იყოო...…