პარტნიორები:

    სალიტა ჩუბინიძე: ბევრჯერ სპეციალურად ჩამიცვამს გამომწვევად, მერე თვითონვე შემრცხვენია

    სალიტა ჩუბინიძე: ბევრჯერ სპეციალურად ჩამიცვამს გამომწვევად, მერე თვითონვე შემრცხვენია

    რუბრიკა "სტილის" სტუმარი მსახიობი სალიტა ჩუბინიძეა. მომხიბვლელი სალიტა მაყურებელმა გადაცემა "თქვენი შოუს" მეშვეობით გაიცნო. სალომემ სულ ცოტა ხნის წინ პაროდისტ გიორგი აფციაურზე იქორწინა. ზაფხულის სეზონის შემდეგ ახალგაზრდა წყვილი ეთერში აღარ გამოჩენილა.

    - სალიტა, მას შემდეგ, რაც ეკრანზე აღარ ჩანხართ, რას საქმიანობთ?

    - ვსწავლობ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე, მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ. ადრინდელივით აქტიურად აღარ ვმუშაობ. სასიამოვნოც კია ეს დროებითი პაუზა და დასვენება, რატომ - ამის თქმისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ. კარგია, ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად მეტ დროს რომ ვატარებ. ის სულ დაკავებულია, მაგრამ მაინც უფრო ხშირად ვართ ერთად. გავდივართ ქალაქგარეთ, ბუნება ორივეს ძალიან გვიყვარს და ხან სად დავხეტიალობთ, ხან სად.

    - როგორი მეუღლეა გიორგი, ხშირად გაძლევთ შენიშვნას, თუნდაც ჩაცმულობის თაობაზე?

    - ჩაცმულობის გამო შენიშვნას არ მაძლევს. ბევრჯერ სპეციალურად ჩამიცვამს გამომწვევად და ასე წავსულვართ სტუმრად, მაგრამ ამაზე რეაქცია არ ჰქონია. მერე თვითონვე შემრცხვენია თამამი ჩაცმულობის და გულში მითქვამს, ბოდიში, გიორგი, რა, ძველმოდური მეგონე-მეთქი (იცინის). თავად კი ხშირად ვურჩევ გიორგის, რა ჩაიცვას და ისიც ითვალისწინებს, რაც ძალიან მახარებს. ერთხელ მაღაზიაში შევედით, მე ქალების სამოსს ვათვალიერებდი. რაღაც მომეწონა, სალაროსთან მივედი თანხის გადასახდელად, მოლარემ ფული არ გამომართვა, მეგონა მაჩუქა, თავი უხერხულად ვიგრძენი, მაგრამ თვალით მანიშნა, რომ გიორგის გადაუხდია. ქმარს მადლობა გადავუხადე და ხუმრობით ვუთხარი, რატომ წუხდებოდი-მეთქი.

    - ჩაცმის როგორ სტილს ამჯობინებთ?

    - განწყობის მიხედვით ვიმოსები, ხან კლასიკურად მაცვია, ხან - პირიქით. ცვალებადი ხასიათი მაქვს და ამიტომ ისე ხშირად ვიცვლი სამოსს, შეიძლება ვერც მიცნოს ადამიანმა. არ მიყვარს ბრენდული სამოსით თავის მოწონება. ადრე ჩემი ძმა საზღვარგარეთ ცხოვრობდა, ხშირად მიგზავნიდა ტანსაცმელს. უცხოეთში შეძენა ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად არის ხარისხის გარანტი. სამოსისთვის კი ხარისხი მნიშვნელოვანია. რამდენიმე ბრენდი მომწონს, მაგრამ გამოვარჩევ "პიმკის" - მარკას, რომელიც ჭარბობს ჩემს გარდერობში.

    - შოპინგი თქვენთვისაც განტვირთვის საშუალებაა თუ მხოლოდ აუცილებლობის გამო მიდიხართ საყიდლებზე?

    - ორივე მიზეზით: ხან მთელი არსებით მაქვს გარდერობის განახლების მოთხოვნილება, ხან კი მჭირდება. დიდხანს ვფიქრობ, რა შევიძინო. ამ ბოლო დროს ჯერ მამაკაცების განყოფილებაში შევდივარ. პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ საკუთარ თავზე მეტად სხვისი გახარება მინდა. ოჰ, ეს ოჯახი (იცინის).

    - საგაზაფხულოდ თუ განაახლეთ გარდერობი?

    - რაღაცები შევიძინე, მაგრამ ეს არაფერია. ჯერ ბორჯომში ვიყავით მე და გიორგი დასასვენებლად, ახლა კიდევ ფილტვების ანთება დამემართა. როგორც კი გამოვჯანმრთელდები, აუცილებლად განვაახლებ გარდერობს.

    - როგორ უნდა ეცვას ადამიანს, გემოვნებიანად რომ ჩაითვალოს?

    - მომწონს, როცა ადამიანები დოგმებს ემორჩილებიან და ინდივიდუალობის წარმოჩენას არ ცდილობენ. გემოვნებიანი ადამიანი სხვას არ უნდა ჰგავდეს.

    - მაკიაჟს თავად იკეთებთ? როგორ ტონებს იყენებთ?

    - ძალიან მიყვარს მაკიაჟის გაკეთება, მაგრამ ყოველდღიურ მაკიაჟს თავს ვარიდებ. მირჩევნია მუქი ტონები ­­- შავი, ყავისფერი, გააჩნია განწყობას და საჭიროებას.

    - სალონში ხშირად დადიხართ?

    - სალონს უმთავრესად თმის მოსაწესრიგებლად ვაკითხავ, იშვიათად - სახის ნიღბებისა და სხვა პროცედურებისთვის. ვფიქრობ, ქალი ყოველთვის მოწესრიგებული უნდა იყ­ოს. თუ საჭიროება მოითხოვს, პლასტიკური ოპერაციაც გაიკეთოს. მე კი ვეცდები, პლასტიკური ოპერაცია არ გავიკეთო.

    - საქართველოში ვის მიიჩნევთ გემოვნებიანად?

    - ბევრი გემოვნებიანი ქალბატონი გვყავს ქართველებს, მაგრამ მირჩევნია, უცხოელი დავასახელო. ძალიან მომწონს ანჯელინა ჯოლის გარეგნობაც და ჩაცმულობაც. გაოგნებული ვარ მისი ცხოვრების სტილით - როგორ ახერხებს, ჰქონდეს ლამაზი ოჯახი, იყოს მოწესრიგებული, წარმატებული და აკეთოს კეთილი საქმეები მსოფლიოს მასშტაბით.

    - რას ურჩევთ ქართველ მანდილოსნებს?

    - ქალი სულ მოწესრიგებული უნდა იყოს. როცა ლაღი და ლამაზი ხარ, შენთან ურთიერთობაც სასიამოვნოა. ამიტომ ღირს, დღეში რამდენიმე წუთი, თუნდაც ერთი საათი, საკუთარ თავს დაუთმო.

    ესაუბრა თამარ ბოჭორიშვილი

    ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

    (გამოდის ოთხშაბათობით)

    სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

    "სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

    „თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება