ცესკო-ს ინფორმაციით, 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ბაღდათის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, ბაღდათში არჩევნებში მონაწილეობა 5037-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 21.6%-ს შეადგენს. ნაძალადევში საარჩევნო უბნებზე 14357 (10.2%) ამომრჩეველი მივიდა, ხოლო სამტრედიაში სასურველ კანდიდატს 8916-მა ამომრჩეველმა (18.4%) მისცა ხმა.
ამასთან, ეკა აზარაშვილი ასევე განმარტავს, რომ რეგისტრირებულ მაჟორიტარობის კანდიდატებს რეგისტრაციიდან მოხსნისათვის ცესკო-ში განცხადება 17 აპრილამდე უნდა წარედგინათ.
"17 აპრილი იყო საარჩევნო სუბიექტების მხრიდან კანდიდატურების მოხსნის ბოლო ვადა. შესაბამისად, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ საარჩევნო სუბიექტების მიერ, მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით შარაბიძისა და ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაზა მეზვრიშვილის განცხადებები კანდიდატურის მოხსნის შესახებ გავლენას ვერ მოახდენს ბიულეტენში წარმოდგენილ მაჟორიტართა ჩამონათვალზე", - განაცხადა ეკა აზარაშვილმა.