ნინო ხომასურიძე: "რეპეტიციებზე მობილიზებული ვიყავი - სხვაგვარად ალმოდოვართან ვერც იმუშავებ"

ნინო ხომასურიძე: "რეპეტიციებზე მობილიზებული ვიყავი - სხვაგვარად ალმოდოვართან ვერც იმუშავებ"

ცნობილი მსახიობი - ნინო ხომასურიძე ზაფხულში ესპანეთში, პედრო ალმოდოვარის ფილმის გადაღებებზე გაემგზავრება, სადაც მას პარტნიორობას მსოფლიო ვარსკვლავები გაუწევენ. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტის მიხედვით, ქალბატონ ნინოს ფილმის შესახებ საუბარი ეკრძალება, პატარა საიდუმლო მაინც გაგვანდო... ესპანეთში გამგზავრებამდე, თავის ცოდნასა და გამოცდილებას ქართველ ბავშვებს გაუზიარებს: მამუკა ლომაშვილის თეატრალური სტუდიის მოსწავლეებს ქალბატონ ნინოსთან მუშაობის ბედნიერება ხვდათ წილად. სტუდიაში ახალი პედაგოგის მიღება მამუკა ლომაშვილმა შემოქმედებითი საღამოთი აღნიშნა, სადაც დამსწრე საზოგადოებას ცნობილ მსახიობთან საუბრის და მისი შემოქმედებიდან პატარა ნაწყვეტების ნახვის საშუალება გვქონდა. საღამოზე ქალბატონი ნინოს მონაწილეობით გადაღებული ფილმის ჩვენებაც გაიმართა, რომელმაც თავის დროზე, ფრანგული ოსკარი - "სეზარი" მიიღო...

ნინო ხომასურიძე:

- მამუკასთან ვმეგობრობ. მის მიერ ორგანიზებულ ბავშვთა და მოზარდთა თეატრალურ ფესტივალებზე ჟიურის თავმჯდომარე ვარ (წლევანდელ ფესტივალს გამოვაკლდი, რადგან პედრო ალმოდოვართან გადაღებაზე გახლდით): ყველა სპექტაკლს ვუყურებ, მომავალ მსახიობებს ვაკვირდები... ჩემი შეფასებით, მონაწილეები განსაკუთრებულ პრიზებს იღებენ. ბავშვებს ძალიან მკაცრად არ ვაფასებ: ისინი ახლა სწავლობენ. შეიძლება, ლაფსუსები უფროსების მონაწილეობით დადგმულ სპექტაკლებშიც იყოს, თან - ისეთი, რომ თქვა: ამან ყველაფრის სწავლა თავიდან უნდა დაიწყოსო... მამუკას არაჩვეულებრივი სტუდია აქვს. აქ ბავშვებს თეატრალურ ხელოვნებას სწორად ასწავლიან. მამუკას გაუჩნდა იდეა, რომ სტუდიაში მოვიდე და მის მოსწავლეებს ჩემი ცოდნა გავუზიარო, რაც ნამდვილად მაქვს (იცინის). უყოყმანოდ დავთანხმდი. მართალია, ბავშვებთან არასოდეს მიმუშავია, მაგრამ თეატრისა და კინოს სფეროში მუშაობის გამოცდილება მაქვს, რასაც ჩემს აღსაზრდელებს გავუზიარებ. არ ვიცი, რამდენი მოსწავლე მეყოლება ან საერთოდ, მუშაობა რა ასაკის ბავშვებთან მომიწევს, მაგრამ მინდა, ყველამ ერთნაირად კარგად ისწავლოს. შეიძლება, ჯგუფიდან მსახიობი მხოლოდ ერთი გახდეს, მაგრამ განათლება, მოსმენის კულტურა რომ ექნებათ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. არ მეგონა, რომ მამუკა ასეთ პომპეზურ დახვედრას მომიწყობდა. ვუთხარი: რიგითი პედაგოგივით წარმადგინე-მეთქი (იღიმის). დიდი მადლობა მას, რომ ასე ვუყვარვარ და პატივს მცემს. მის სტუდიაში მოსვლა მიხარია, რადგან ვიცი, აქ ბავშვები რას აკეთებენ, რა შესაძლებლობები აქვთ. სტუდიაში არაჩვეულებრივი პედაგოგები მუშაობენ, მეგობრული ჯგუფია. დღეიდან, დროებით, სანამ ესპანეთში გადაღებაზე გავემგზავრები, მეც ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი გავხდები. როცა საქართველოში დავბრუნდები, ალბათ, სტუდიაში მუშაობას განვაგრძობ.

- თუ შეიძლება, პედრო ალმოდოვარის იმ ფილმის შესახებ გვიამბეთ, რომლის გადაღებაზეც ესპანეთში მიემგზავრებით.

- ალმოდოვარის ფილმში ემიგრანტი ქალის როლს ვთამაშობ, რომელიც ყველა ენაზე ლაპარაკობს - ფრაზებს სხვადასხვა ენიდან აღებული სიტყვებით "აგებს". თან, ასეთი პირობა იყო: როლისთვის წონაში 10 კილოგრამი უნდა მომემატებინა. მე 12 მოვიმატე... ეკონომიკური კრიზისის გამო, ამჟამად ფილმი "გაჩერებულია". ზაფხულში ისევ გადაღებებზე გავემგზავრები და ბატონ პედროსთან ყოფნის სიამოვნებას განვაგრძობ.

- როგორი ადამიანია პედრო ალმოდოვარი ურთიერთობაში, მუშაობის პროცესში?

- გადასარევია! საერთოდ, მიმაჩნია, რომ ყველა განათლებული და ჭკვიანი ადამიანი ურთიერთობაში კარგია. ცხადია, ყველას ჩვენი "წიკი" გვაქვს - ეს გასაგებიცაა. ყველაზე მეტად ის მხიბლავს, რომ ალმოდოვარს მსახიობები ძალიან უყვარს! მისი დიდი ფანი არ ვარ. ამის შესახებ ვუთხარი კიდეც. რა თქმა უნდა, მისი ფილმები მომწონს, მაგრამ არ "ვაფანატებ". საერთოდ, "არავისტი" არ ვარ. პედრო საინტერესო ადამიანია. ზღვა ენერგია აქვს! ბატონ თემურ ჩხეიძეს (მის ჯგუფში ვსწავლობდი) მსახიობებთან არაჩვეულებრივი დამოკიდებულება აქვს: არ ყვირის, ემოციებს არ ხარჯავს. ჩუმად რაღაცას გიხსნის... დაახლოებით, ასე მუშაობს ალმოდოვარი კინოში. ამიტომ, მასთან თანამშრომლობა არ გამიჭირდა. თავდაპირველად, ენობრივი ბარიერი მქონდა. თარჯიმანი მყავდა, მაგრამ გავბრაზდი და 59 წლის ასაკში, 3 კვირაში ესპანური ვისწავლე. ამის გამო, ალმოდოვარი გადაირია! ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ესპანურით არიქა, "ვანგრევ" - მეთქი, მაგრამ პედროს ჩემს სათქმელს ვეუბნებოდი და მისიც გადასარევად მესმოდა. ამიტომ, ერთმანეთით მოვიხიბლეთ.

- ფილმში პარტნიორობას ვინ გიწევთ?

- პენელოპა კრუსი და მისი მეუღლე - ხავიერ ბარდემი. პენელოპა ნიჭიერი ქალია. შეიძლება, ვიღაცას ის უფრო მოსწონს, ვიდრე - მისი მეუღლე, მაგრამ მე ბარდემზე "ტვინი გადამეკეტა!" ის მართლა კინოსთვის გაჩენილი ადამიანია. მისით მოხიბლული ვარ... როცა უცხოეთში მივემგზავრები, მგონია, რომ თითქოს, ბეჭებით საქართველო მიმაქვს: საუკეთესო უნდა ვიყო! ამიტომ, რეპეტიციებზე აბსოლუტურად მობილიზებული ვიყავი - სხვაგვარად ალმოდოვართან ვერც იმუშავებ: ის ზუსტად გეუბნება, შენგან რა უნდა. კარგი ისაა, რომ მთელი ფილმის რეპეტიციას გავდივართ: ჯერ სპექტაკლს ვთამაშობთ, მერე - კამერით იღებენ. ეს არაჩვეულებრივია!

- პენელოპა კრუსი და ხავიერ ბარდემი რა როლს ასრულებენ?

- ცოლ-ქმრის როლს თამაშობენ. ჩემი გმირი მათ სახლში მოსამსახურედ მუშაობას იწყებს. კონტრაქტის მიხედვით, ამის თქმის უფლება არ მაქვს, მაგრამ პატარა საიდუმლოს მაინც გაგიმხელ: ჩემს პერსონაჟს ბარდემის გმირი შეუყვარდება. თავდაპირველად, ფილმში 12 კილოგრამით მეტი და თავგადაპარსული ვარ. ახლა უკვე ის პერიოდია, როცა ჩემი გმირი თავის მოვლას იწყებს, რომ ბარდემის პერსონაჟმა შეამჩნიოს...

- წონის მომატება-დაკლება მარტივად მოახერხეთ?

- მომატება იოლია: გურმანი ვარ, გემრიელი კერძები მიყვარს. კერძებს თვითონაც მშვენივრად ვამზადებ. რომ მითხრეს, წონაში უნდა მოიმატოო, მოვილხინე: ღამის 3 საათზე ხაჭაპურებს მივირთმევდი (იცინის). დაკლება გამიჭირდა. პატარა გოგო ხომ არ ვარ? თბილისში დაბრუნებული 55 კილოგრამს ვიწონიდი, მაგრამ ახლა 6 კილოგრამით ისევ მოვიმატე. ძალიან განვიცდი - ესპანეთში რომ გავემგზავრები, ფორმაში უნდა ვიყო. იმედია, ამას მოვახერხებ...

- ქალბატონო ნინო, როგორც ვიცი, თქვენი მონაწილეობით გადაღებული ფილმით, რომელმაც "სეზარი" აიღო, კმაყოფილი არ ხართ. საინტერესოა, პედრო ალმოდოვარის ფილმის სცენარი თუ მოგწონთ?

- ძალიან - არა. ამის შესახებ, მე და ალმოდოვარმაც ვისაუბრეთ. თვითონაც გაუგებრობაში იყო: რაღაც თვითონაც არ მოსწონს. ის უნიჭიერესი ადამიანია, გამოსავალს მოძებნის... ჩვეულებრივი, ბანალური სიუჟეტია. უბრალოდ, ოსტატი იღებს და როგორ გადაიღებს, ამას საზოგადოება ნახავს, შეაფასებს. ფრანგულ ფილმს რაც შეეხება, იმიტომ კი არ ვამბობ, არ მომწონს-მეთქი, რომ მითხრან: უი, რას ლაპარაკობთ, ასეთი გადასარევი ხართო! უბრალოდ, სულ რაღაც უკმაყოფილების გრძნობა მქონდა და დღემდე დამრჩა. მაგალითად, პარიზში ასეთი წესია: ახალი ფილმი რომ გამოდის, 3 დღეზე მეტხანს კინოთეატრებში არ გადის, ეს კი 6 თვე გადიოდა, რაც საოცრად მიკვირდა. ასეთი ფილმები არ მიყვარს...

- რამდენიმემილიონიან პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვით იმის გამო, რომ თამამ სცენაში მონაწილეობა არ გსურდათ, მაგრამ სპექტაკლში - "სექსუალური რევოლუცია" მონაწილეობდით...

- ჰო, მაგრამ სპექტაკლში "ისეთი" არაფერი იყო. მამაკაცებს უფრო "სჭრიდა ყურს", რაც სცენაზე ხდებოდა... კატრინ დრეას რამდენიმემილიონიან შემოთავაზებას რაც შეეხება, მართალია, ამბობენ, - თუ მსახიობი ხარ, ყველანაირი როლი უნდა შეასრულოო, მაგრამ არ მესმის, ეს რა ლოგიკაა? ჰოლივუდის განთქმული ვარსკვლავებიც კი არ ასრულებენ ყველანაირ როლს. ამისათვის არსებობენ მაგალითად, პორნოვარსკვლავები... ლამაზი და კარგი რომ ვიყავი, თამამ სცენებში მაშინ არ მითამაშია და ახლა - მით უმეტეს. პრინციპში, გულიც კი მწყდება, იმაზე კი არა, რომ ეკრანისთვის არ გავშიშვლდი, არამედ - შემოსავალზე: მაღალ ჰონორარს მთავაზობდნენ (იცინის). ცხადია, ვხუმრობ და ნამდვილად არ ვნანობ, რომ იმ შემოთავაზებას არ დავთანხმდი. ის ფაქტი, რომ ფილმისთვის არ გავშიშვლდი, ჩემს მსახიობობას არ აკნინებს. ასეთი როლები იმან უნდა შეასრულოს, ვისაც ხელეწიფება. ეს ჩემი საქმე არაა.

- თქვენ მიერ შესრულებული გამორჩეულად საყვარელი როლი გაქვთ?

- ალბათ, ის მსახიობი ვარ, რომელსაც ასეთი როლი არ ჰქონია. ჩემთვის პირველი სპექტაკლი "შთამომავლობა" გახლავთ და ყველაზე კარგად მასში შესრულებული როლი მახსოვს. მაშინ ბავშვი ვიყავი... ეს როლი კიდევ იმიტომ დამამახსოვრდა, რომ სცენაზე ქალბატონ ვერიკო ანჯაფარიძესთან ერთად ვიდექი. მასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა... მახსოვს, მედეა კუჭუხიძე "ანა კარენინას" დგამდა. ანას როლს სოფიკო ჭიაურელი თამაშობდა, მე კი კიწის როლი უნდა შემესრულებინა. თეატრში 2 დღის მისულმა, როლზე სასწრაფოდ უარი ვთქვი. გადაირივნენ - რატომ ამბობ უარსო?! ახალგაზრდა, ნორჩი და ლამაზი კი ვიყავი, მაგრამ შეიძლებოდა, ჩემი ბას-ბარიტონით კიწის როლი შემესრულებინა?! სცენაზე რომ გამოვქროლდებოდი და ხმას ამოვიღებდი, ხალხი დაეცემოდა (იცინის). ჩემი უარი ლოგიკურად ავხსენი: კიწიმ კაცის ხმით რატომ უნდა ილაპარაკოს-მეთქი?..

- ქალბატონო ნინო, თქვენს პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით?

- მას მერე, რაც იაპონელი მილიონერი (რომელზეც უნდა გავთხოვილიყავი) მოკლეს, ვშაყირობდი: ჩემი ცოლად შერთვა არავინ გადაწყვიტოს, თორემ ან მოკვდება, ან - ვიღაც მოკლავს-მეთქი. არაჩვეულებრივი მეგობარი - ისტორიკოსი თემურ ძნელაძე მყავს. უკვე 13 წელია, რაც მასთან ერთად ვცხოვრობ, მაგრამ ოფიციალურად, ცოლ-ქმარი არ ვართ. თემურს უნდა, რომ ჯვარიც დავიწეროთ და ხელიც მოვაწეროთ, მაგრამ მირჩევნია, ჩვენი ურთიერთობა იმ სახით დარჩეს, როგორც ახლაა: არ მსურს, ან იმ კაცს დაემართოს რამე, ან - მე. ასე უფრო დაზღვეულები ვართ (იღიმის)...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება