"ვერ ვიტყვი, რომ ვინმე კეტით დაგვდევდა და თავ-პირს გვამტვრევდა, მაგრამ ძაღლადაც არავინ გვაგდებდა. ჩარეცხილები ვიყავით და არაფრის გამკეთებლები"... - ამბობს გივი ბერიკაშვილი. იგი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ხვალინდელი დღის იმედი უნდა გვქონდეს.
- ახლა ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები ისეთ გეგმებს გვიცხადებენ, რაც ხუთი თითივით ვიცით. უბრალოდ ის მიკვირს, ამდენ ხანს რატომ არ აკეთებდნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. საქმე თუკი გაკეთდება, ერთი ადამიანი არ მეგულება - არც პოზიციაში და არც ოპოზიციაში, რამეს ხელი შეუშალოს. ვინც კარგი საქმის კეთებას ხელს შეუშლის, იმას თავი უნდა მააჭრა!
- განვლილ 9 წელს როგორ აფასებთ?
- როგორ უნდა შევაფასო?!... მოდი, პირდაპირ ვთქვათ. განვლილ 9 წელიწადში ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, დღეს არც თეატრი გვექნებოდა და არც არაფერი. ბოდიში თქვენთან და, გვექნებოდა მხოლოდ "ქუთუ და კუტუ" (ასე დაარქვეს და მე რა ვქნა?!). დღეს ათასი რამ კეთდება, კაცო და თვალი არ უნდა დავხუჭოთ.
- დღეს კეთდება კი ათასი რამ?
- 30 წელია ყველაფერს ვანგრევთ და ერთ დღეში ხომ ვერ გამაასწორებ ყველაფერს. ამ დაზარალებულ და დასეტყვილ კახეთში ფული დაურიგა ბიძინა ივანიშვილმა გლეხებს და ისინი თურმე გაქანდნენ და მანქანების ბაზრობებთან რიგები იდგა. ვენახს კი არ მიხედეს!.. მე კახეთში ვერ ჩავდივარ და დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ძალიან გული დამწყდა, ასეთ ამბავს ყური რომ მოვკარი. ერთსა და ორს შეიძლებოდა ეყიდა მანქანა, მაგრამ ყველამ რომ მანქანა იყიდა, ვენახს ნახმარი "ოლგა" უშველის?! ამისთვის მისცეს 100 მილიონი კახეთსა?!.. სხვა მხარეზეც ვხედავთ, ეს კაცი რაღაცის გაკეთებას ცდილობს და ყველაფერს დრო გამააჩენს. თუ არა და, ქართველი ხალხი ისეთია, უთქმელს არაფერს დატოვებს. სამართალმა პური უნდა ჭამოს.
- განვლილი 9 წელი არ მოგწონთ, მაგრამ პირადად თქვენ წინა ხელისუფლების პოლიტიკამ დაგაზარალათ?
- პირადად არა, ესტრადაზეც გამოვდიოდი და ხალხს ბევრი სიხარული ვაჩუქეთ... ვერ ვიტყვი, რომ ვინმე კეტით დაგვდევდა და თავ-პირს გვამტვრევდა, მაგრამ ძაღლადაც არავინ გვაგდებდა. ჩარეცხილები ვიყავით და არაფრის გამკეთებლები. რა და, თვითონ არც ერთი მათგანი თეატრში არ დადიოდა. მე არ მინახავს ისინი სპექტაკლს დასწრებოდნენ. ისე, სულო ცოდვილო, შევარდნაძე კი დადიოდა თეატრში, მაგრამ რა მერე...