სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა რიცხვი 24500-დან 10000-მდე შემცირდა. მას შემდეგ, რაც სასჯელთა შეკრებითობა გაუქმდება, იქაურობას კიდევ ბევრი ადამიანი დატოვებს. ქართულ ციხეებში არსებული ვითარებისადმი საზოგადოების ინტერესი ყოველთვის დიდია. დაგროვილ კითხვებს პრობაციისა და სასჯელაღსრულების მინისტრმა, სოზარ სუბარმა უპასუხა.
- ბატონო სოზარ, რა ცვლილებები განახორციელეთ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში?
- ადრე თუ სასჯელაღსრულება ადამიანების ჩაგვრაზე, ღირსების შელახვაზე იყო ორიენტირებული, ახლა მთავარი - ადამიანის რესოციალიზაციაზე ზრუნვაა. ციხეებში უნდა შეიქმნას განათლების, დასაქმების საშუალებები. კრიმინალური სამყარო კი არ უნდა იყოს, პირიქით, სისტემა ადამიანის გამოსწორებაზე იყოს ორიენტირებული. ამისთვის დაწესებულებების მკვეთრი გამიჯვნაა საჭირო: კრიმინალური მენტალიტეტის მქონენი ერთად უნდა მოთავსდნენ, მძიმე დანაშაულის ჩამდენნი - ერთად, რეჟიმის დამრღვევნი - ცალკე. ეს პროცესი დაწყებულია იმ დონემდე, რის საშუალებასაც არსებული ინფრასტრუქტურა იძლევა. მალე ლაითურის ციხე შევა ექსპლუატაციაში, მკაცრი მეთვალყურეობის, უსაფრთხოების მქონე დაწესებულება იქნება და იქ შინაგანაწესის დამრღვევი პატიმრები მოთავსდებიან, რომლებიც საფრთხეს უქმნიან გარშემო მყოფებს.
- ლაითურის დაწესებულებაში სამუდამო პატიმრობამისჯილებსაც გადაიყვანთ?
- არა. მათთვის სექტემბერში ახალი დაწესებულება გაიხსნება. დღეს მათ მხოლოდ ერთსაათიანი გასეირნების უფლება აქვთ, მომავალში ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში მოთავსდებიან და ჩვეულებრივ, სეირნობის, ეზოში ყოფნის უფლება ექნებათ. თუ რომელიმე მათგანი რეჟიმს არ დაემორჩილება, როგორც სხვა დაწესებულების ურჩ პატიმრებს, მათაც ლაითურის მკაცრ რეჟიმში გადავიყვანთ.
- კანონიერი ქურდები სხვებისგან ისევ იზოლირებულად დარჩებიან?
- მე-7 დაწესებულებაში რჩებიან კანონიერი ქურდები და პატიმრების გარკვეული რაოდენობა. დიახ, კრიმინალური და არაკრიმინალური მენტალიტეტის მქონე პატიმრების განცალკევება უნდა მოხდეს.
- ბაჩო ახალაია ჯერ კანონიერ ქურდებთან მოათავსეთ, მერე - ე.წ. თანამშრომელთა დაწესებულებაში, ამის შემდეგ - გლდანის მე-8 დაწესებულებაში, ახლა ისევ "მატროსოვზე" დააბრუნეთ. რატომ უცვლით მას ასე ხშირად ადგილს? ამ ფაქტს მისი ახლობლები აპროტესტებენ. დაცულია მისი უსაფრთხოება?
- მას საფრთხე არსად ემუქრებოდა. მართალია, მე-7 საპყრობილე ხმაურიანი და მკაცრი რეჟიმის მქონეა, მაგრამ ადამიანის უსაფრთხოება ყველაზე მეტად იქ არის დაცული. სულ 30 პატიმარია და ორჯერ მეტი თანამშრომელი. მართალია, იქ კანონიერი ქურდები იხდიან სასჯელს, მაგრამ მათ კედელში გასვლის უნარი არ აქვთ. როცა ახალაია იქ იყო, ნახევარი სართული გადაკეტილი გვქონდა, საკანში მარტო იყო მანამ, სანამ არ გარემონტდა მე-9 დაწესებულებაში ადგილი, სადაც გადავიყვანეთ. რაც შეეხება გლდანის დაწესებულებაში მის გადაყვანას, მარტო ახალაია არ გადაგვიყვანია, იქ გაგა მკურნალიძე, ოლეგ ფაცაცია და სხვებიც გადავიყვანეთ. ესეც, ისევ და ისევ რემონტის გამო, რადგან შენობა, სადაც ბაჩო ახალაია და სხვები იყვნენ, ფაქტობრივად, ინგრეოდა, გაბზარული და დახეთქილი იყო კედლები. იქ რომ რემონტი დაგვეწყო, წარამარა მანქანები შესულიყვნენ, გამოსულიყვნენ და ბაჩო ახალაიაც იქ ყოფილიყო, სწორი არ იქნებოდა.
- ისიც ცნობილია, გლდანში ახალაიას პატიმრები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ხომ არ შეილახა მისი უფლებები?
- გლდანის მე-8 დაწესებულებაში რამდენჯერმე, რამდენიმე პატიმარმა ახალაიას რაღაც რომ შესძახა, ამაზე ხმაურის ატეხა მათგან, ვინც პატიმრებს საშინელ დღეში აყენებდნენ, უხერხულია. კორპუსის წინა მხარე, სადაც ეს პატიმრები განვათავსეთ, თავისუფალი იყო, რადგან იმ მხარეს ფანჯრები სხვა კორპუსებისკენ გადის. ყვიროდნენ, ვის გაუგია თანამდებობის პირები იმ კრიმინალებთან ერთად იყვნენ, ვისაც ესენი ებრძოდნენო?!. ვერც ამას მივიღებ. გირგვლიანის მკვლელები კუდ-ის თანამშრომლები იყვნენ და ჯერ მე-7 საპყრობილეში, მერე გლდანში იყვნენ, ცალკე გამოკეტილები არ ყოფილან. ყოფილი გენპროკურორი და მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილიც მე-7 საპყრობილეში იჯდა და არავის გაუპროტესტებია. დღეს ამას აპროტესტებენ?
- მაინც, რა პირობებშია დღეს ბაჩო ახალაია?
- ჩვეულებრივ საკანშია, ნორმალურ პირობებში, მარტოა.
- სამარტოო საკანში ყოფნა მისი მოთხოვნა იყო?
- ჩვეულებრივი, ორკაციანი საკანია, მაგრამ მარტოა.
- ბატონო სოზარ, სახალხო დამცველის მოხსენება საკმაოდ კრიტიკული იყო. მართალია, არ დაეთანხმეთ, მაგრამ ის კონკრეტულ დარღვევებზე საუბრობს, თუნდაც - ქსნის დაწესებულებაზე. ტუბერკულოზიანი პატიმრები უკმაყოფილონი არიან არსებული პირობებით, მკურნალობით, ასევე მათთან მოპყრობას აპროტესტებენ. უჩა ნანუაშვილის რეკომენდაციების გათვალისწინებას აპირებთ?
- როდესაც სახალხო დამცველი წერს, რომ ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმრებსაც უნდა ჰქონდეთ გრძელვადიანი პაემნის უფლება და საჭიროა ინფრასტრუქტურის შექმნა, ამას აბსოლუტურად ვეთანხმები, მაგრამ დრო სჭირდება. გეგმა გაწერილი გვაქვს. როცა რეკომენდაციაში წერია, რომ პატიმრები ამბობენ, იქ ბეტონის იატაკია, რაც მათ ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს და ამის გამო სისხლი სდით, ექიმები ამბობენ, რომ ამას ვერ გაიზიარებენ. ყველა საავადმყოფოში ასეთი იატაკია და ამის სტანდარტი არ არსებობს. სახალხო დამცველმა იქ უნდა შეიყვანოს ექიმები, ექსპერტები. გარკვეული ანალიზი, ჰაერის სინჯები ჩაატაროს და მერე უნდა ისაუბროს. როდესაც სახალხო დამცველი რეკომენდაციას იძლევა, რომ ტუბერკულოზის წამლები უარყოფით გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე და პატიმრები ითხოვენ, მიეცეთ დამატებით, სხვა დამცავი მედიკამენტები, ამ შემთხვევაშიც ვერ გავცდებით ეროვნულ გაიდლაინს. შიდსი და ტუბერკულოზი ის სფეროებია, რომლის მკურნალობა სპეციალური ეროვნული პროგრამით ხდება და აბსოლუტურად ერთნაირი მკურნალობა სჭირდება როგორც ციხეში, ასევე - გარეთ. სახალხო დამცველის რეკომენდაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ვერ იქნება უმაღლესი ხარისხის ექსპერტი. როცა ასეთ რეკომენდაციას წერს, უნდა გაიაროს კონსულტაცია.
- მსჯავრდადებულთა უმეტესობა ამბობდა, მხოლოდ მაშინ მზადდება ნორმალური და ხარისხიანი საკვები, როდესაც დაწესებულებაში სტუმრებს ელოდებიანო. ისინი დაწესებულებაში მედიკამენტების არარსებობის გამოც წუხან. ეს ფაქტები გადაამოწმეთ?
- პატიმრებმა ჩივილი წამლებზე, საკვებზე დაიწყეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათი პროტესტის რეალური მიზეზი სულ სხვა იყო. მათ სურდათ, მთელი დღე ეზოში ყოფილიყვნენ. არანაირი კვების პრობლემა არ ჰქონიათ. სააკაშვილის ხელისუფლებამ როცა ააშენა ტუბდაწესებულება, ვენტილაცია დააყენა და ჩათვალეს, პატიმრების გარეთ გასვლის საჭიროება აღარ იყო. იქ სხვადასხვა კატეგორიის ავადმყოფები არიან. ზოგს ტუბერკულოზის გადამდები ფორმა აქვს, ამიტომ ყველას ერთად ეზოში ყოფნა არ შეიძლებოდა. მათთან გასაუბრებით გავიგეთ უკმაყოფილების რეალური მიზეზი. ეს საკითხი მოვაგვარეთ. გავაკეთეთ ახალი ეზო, სადაც ისინი მთელი დღის განმავლობაში სეირნობენ და სუფთა ჰაერს სუნთქავენ. ხშირ შემთხვევაში, პროტესტის რეალური მიზეზი სხვა რამეა.
- სახალხო დამცველის თქმით, ციხეებში სიკვდილიანობა შემცირდა, მაგრამ მაინც მაღალია.
- ნაწილობრივ ვეთანხმები. თუ გავყოფთ ორ ნაწილად - ციხის სკანდალური კადრების გამოქვეყნებამდე და შემდგომ პერიოდად, დავინახავთ, რომ სიკვდილიანობის კლება შეინიშნება. პატიმრების რიცხვიც შემცირდა, მაგრამ საშუალო მაჩვენებელიც რომ ავიღოთ, მოსახლეობის 100 ათას კაცზე 26-28 პატიმარი იღუპება, რაც ევროპულ სტანდარტთან მიახლოებულია, ადრე კი ეს რიცხვი 65-70-ს აღწევდა.
- შემცირების მიზეზი ბევრი ავადმყოფი პატიმრის გათავისუფლება გახდა?
- აბა, ციხეში უნდა მოკვდეს ადამიანი?.. კანონში არის მითითებული, "აქტიროვკით" ანუ მძიმე ავადმყოფობის მოტივით უნდა გათავისუფლდეს ის, ვისი განკურნებაც ციხეში შეუძლებელია, ან შეიძლება, სასჯელი გადაუვადდეს. ჩვენ ეს კანონი ავამოქმედეთ. სიკვდილიანობის შემცირების მეორე მიზეზი ისიც არის, რომ პატიმრებს ძალიან ძვირად ღირებულ ოპერაციებსა და მკურნალობას ვუტარებთ.
- ცოტა ხნის წინ პატიმარ კვარაცხელიას მამამ თქვენს სამინისტროსთან თავის დაწვა სცადა. მისი თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტრომ სასამართლოს დაუსაბუთებელი განცხადებით მიმართა და ამიტომ, სიმსივნით დაავადებულ მის შვილს გათავისუფლებაზე უარი ეთქვა.
- ციხის პირობებში რაც შესაძლებელი იყო, მაქსიმუმი გავაკეთეთ. პირობით, ვადაზე ადრე გათავისუფლება მას არ უწევს, "აქტიროვკის" ჩამონათვალში კი მისი დაავადება არ ხვდება. სასამართლოსთვის მიმართვის უფლება კანონით აქვს მის ოჯახს, ადვოკატს და სასჯელაღსრულების სამინისტროს. ადვოკატმა პრესკონფერენცია ჩაატარა და სამინისტრო დაადანაშაულა. არადა, მას კანონით მინიჭებული აქვს უფლება და შეუძლია, მისი დასაცავის გათავისუფლების მოთხოვნით, თავად მიმართოს სასამართლოს, რაც არ გაუკეთებია. პატიმრის ავადმყოფობაზე ექსპერტიზის სათანადო დასკვნა არსებობს, რომლის დედანი ადვოკატს ხელთ აქვს. ეს დოკუმენტიც ხელმიუწვდომელი იყო ჩვენთვის. კანონი ითხოვს, მტკიცებულებად დედანი წარადგინო სასამართლოში; ჩვენ ეს დოკუმენტი არ გვქონდა და დედნის გარეშე მივმართეთ. სასამართლომ მხარეების პოზიციის მოსმენის გარეშე ჩვენი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და უარი თქვა კვარაცხელიას გათავისუფლებაზე. ატეხილი ხმაურის შემდეგ, კიდევ ერთხელ მივმართავთ სასამართლოს და ამჯერად მოვითხოვთ, აღნიშნული საკითხი ზეპირი მოსმენით ანუ მხარეების მონაწილეობით განიხილოს.
- დღეს როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- მე არ ვარ ექიმი. ღუდუშაურის კლინიკის ექიმებმა თქვეს, რომ სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა, რაც შეიძლებოდა. მათ უცხოეთში მკურნალობა სურთ, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ის გავუშვათ ციხიდან. გათავისუფლება სასამართლოს პრეროგატივაა და ერთადერთი, ვისაც შეუძლია, შეწყალებით გაათავისუფლოს, პრეზიდენტია. მასთან მიმართვასაც პატიმრის თანხმობა სჭირდება და ის ამაზე უარს ამბობს. ეს ჩვენი ბრალი მგონი, არ არის.
- ბევრი პატიმარია ფსიქოტროპულ მედიკამენტზე დამოკიდებული?
- ასეთი მედიკამენტების მიღებას მასობრივი სახე ჰქონდა. პატიმრები ამაზე დამოკიდებულნი გახდნენ. შევიმუშავეთ გრძელვადიანი პროგრამა და დღეს მკვეთრად შემცირდა მოხმარება. უამრავი ადამიანი გადაგვყავს საავადმყოფოში და ვუტარებთ სისხლის მთლიან გაფილტვრას, რაც ძალიან ძვირად ღირებული მკურნალობაა. მზად ვართ, ამ პაციენტებს ვუშველოთ. დღეში 1500-2000 კოლოფი წამალი იხარჯებოდა, ახლა 10-ჯერ შემცირდა. ზოგმა შეწყვიტა, ზოგმა დოზა შეამცირა, ზოგს მართლა სჭირდება, იმდენი წამება გამოიარა.
- რამდენიმე დღის წინ სამუდამო პატიმრობამისჯილებმა საპროტესტო აქცია დაიწყეს, ეს პროტესტი ისევ გრძელდება?
- ისინი საქმეების გადახედვას ითხოვენ. ეს ვერ მოხდება, სანამ სპეციალური კომისია არ შეიქმნება.
- თქვენი მოადგილე ამბობდა, რომ ჰეპატიტიანი პატიმრების მკურნალობა დაიწყებოდა. ისიც ცნობილია, თითო ადამიანის მკურნალობა 24.000 ლარზე მეტი ჯდება და ბევრი თავისუფლებაში მყოფიც, უსახსრობის გამო, ვერ მკურნალობს. რა გზით მოხდება ამის დაფინანსება და როდის დაიწყება ეს პროცესი?
- თვის ბოლოს გვექნება სრული სურათი და გეგმა, როგორ უნდა მოხდეს ჩ-ჰეპატიტის მკურნალობა. ეს მართლა გარღვევა იქნება ჯანდაცვის სისტემაში. ციხეებში სამოქალაქო სექტორთან შედარებით ორჯერ მეტია ჩ-ჰეპატიტით დაავადებული. ამას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. მხარში გვიდგას ჯანდაცვის სამინისტრო. მოლაპარაკება გვაქვს წამლების მწარმოებელ კომპანიებთან და ვფიქრობთ, ეს თანხები განახევრდება.
- როგორც ვიცი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატიმრებიც იხდიან სასჯელს და მათ ძირითადად, თანამესაკნეები უვლიან. რამდენია ასეთი პატიმარი?
- დაახლოებით 150 ადამიანია, დამოუკიდებლად გადაადგილება რომ არ შეუძლია. შიდა ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს, რომ ადაპტირებული გარემო შეიქმნას. მათი უმრავლესობა ციხეში ცემა-წამების შედეგად დაინვალიდდა და იმ რეჟიმის მსხვერპლნი არიან.
- ბატონო სოზარ, კადრების დანიშვნის საკითხსაც მინდა შევეხოთ, რა კრიტერიუმით არჩევთ კადრებს?
- ციდან ჩამოგვყავს!..
- ამის გამო ძალიან ხშირად გაკრიტიკებენ. გენინსპექციის უფროსად მირზა სუბელიანის დანიშვნას ბევრი თქვენს დიდ შეცდომად თვლის. პროკურორად მუშაობის დროს ბევრს მასთან სერიოზული პრეტენზიები ჰქონდა და მიიჩნევენ, რომ შებღალული რეპუტაციის მქონე პროკურორი სისტემაში არ უნდა მოგეყვანათ. რა ნიშნით შეარჩიეთ მირზა სუბელიანი?
- ჯერ ერთი, ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება 50-ზე მეტი ყოფილი მწამებლის სამსახურიდან გაშვება. ამ დღეებში კიდევ მოხდება რამდენიმეს დათხოვნა. გენერალური ინსპექცია აქტიურად მუშაობს.
- ბევრი ადამიანი მას ამხელს არაადამიანურ მოპყრობაში, ამბობს, რომ ის ძველი ხელისუფლების დაკვეთების უპირობო შემსრულებელი იყო და არაერთი უდანაშაულო ადამიანი პროკურორმა სუბელიანმა ციხეში გაუშვა.
- ის, რომ ადამიანებს სცემდა, ტყუილია. ყველამ ვიცით, როგორი იყო მაშინ პროკურატურა. იმ პერიოდის პროკურატურაში, სასამართლოში უსამართლობა იყო. ამ გაგებით თუ მივუდგებით, მაშინ არც ერთი პროკურორი, მოსამართლე, პოლიციელი, რომელიც ასრულებდა დავალებებს, არ უნდა დარჩეს თანამდებობაზე. ისევე, როგორც არც ერთი მასწავლებელი არ უნდა დარჩეს: ყველა თუ არა, სკოლის მასწავლებლების 90 პროცენტი მონაწილეობდა არჩევნების გაყალბებაში - აგიტატორები იყვნენ დამნაშავე პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის". ამ მიდგომით, ჟურნალისტებს უნდა ჩამოერთვათ ჟურნალისტური საქმიანობა სამუდამოდ, რადგან ისინი იყვნენ აგიტატორები. ასე თუ მივუდგებით, მაშინ ასე მოგვიწევს... ჩვენ უნდა გამოვყოთ ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული, მათ უნდა აგონ პასუხი. 400-მდე ადამიანი არის გათავისუფლებული სისტემიდან, თითქმის ყველა დირექტორი გამოიცვალა. იყო შემთხვევა, როცა სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობის კანდიდატი დავასახელე და ამაზე დიდი ხმაური ატყდა "ფეისბუკზე", ძალიან უარყოფითი დახასიათება წამოვიდა და არ დამინიშნავს. როცა ლანდიას ვნიშნავდი, გამოვაცხადე, ორი დღე დაველოდე რეაქციას "ფეისბუკზე"; რომ აღმოჩნდა, საზოგადოების აზრი დადებითი იყო, ამის მერე დავნიშნეთ.
- ბატონო სოზარ, იმასაც ამბობენ, რომ ფაქტობრივად, დაწესებულებების უფროსების უმრავლესობა, კერძოდ, 7 ხელმძღვანელი მირზა სუბელიანის ახლობელია. ზოგი მისი ყოფილი ჯგუფელია, ზოგი - ყოფილი თანამშრომელი, ერთ-ერთი კოლონიის უფროსი, გოჩა გიგანი კი - მისი დეიდაშვილი. კადრებს მისი რჩევით ნიშნავთ?
- თქვენ მირზა სუბელიანზე სასაუბროდ მოხვედით და გინდათ, სტატია მას მიუძღვნათ? გიგანი არ არის მისი დეიდაშვილი.
- ბატონო სოზარ, ვსვამ იმ კითხვებს, რაც საზოგადოებას აწუხებს და რაზეც ხმამაღლა საუბრობენ. შემიძლია, კონკრეტული გვარები ჩამოვთვალო და გითხრათ, რომელი დაწესებულების ხელმძღვანელებზეა საუბარი. ამბობენ, რომ სუბელიანი ნიშნავს კადრებს და სისტემას მთლიანად, ფაქტობრივად, ის განაგებს.
- ტყუილია. კადრებს მე ვნიშნავ, მე ვარჩევ, მე ვესაუბრები.
- რაც შეეხება სასჯელაღსრულების უფროსის, მაია ხასიას გათავისუფლებას: რა გახდა ამის მიზეზი? მან ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას თუ აქაც სუბელიანთან დაპირისპირება იყო რეალური მიზეზი?
- მაია ხასია არ გათავისუფლებულა, ის გადავიყვანეთ სხვა სამსახურში. ასე ჩავთვალეთ საჭიროდ.
- მოხშირდა ხმები ციხეების კვლავ "გაშავების" შესახებ - ამბობენ, რომ იქაურობას ისევ ქურდები მართავენ. ამ კუთხით როგორ ებრძვით კრიმინალურ სამყაროს?
- ციხე არ "გაშავებულა", ისევე, როგორც არც არასდროს ყოფილა "არაშავი". ქურდები ისევ ერთად არიან მე-7 დაწესებულებაში. მათი გავლენა ზონებზე პრაქტიკულად, ნულის ტოლია, რადგან დანარჩენებთან კავშირი არა აქვთ. როდესაც 3000 პატიმარია ზონაში, ვიღაცა აუცილებლად ცდილობს, სხვაზე გავლენა მოახდინოს. ეს ხალხი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ბაჩო ახალაიას დროს იყო. ზონებში უფრო მცირე რაოდენობის ხალხია და უფრო მეტად კონტროლდება. მალე დავამთავრებთ ციხეებს, სადაც კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ყველა ადამიანი ერთად მოთავსდება, რათა გავლენის მოხდენა არ სცადონ სხვებზე. ჩემი დანიშვნის დროს დაიწყო არეულობები, რომელსაც "მაყურებლები" ხელმძღვანელობდნენ. მათ განეიტრალებას ყოველდღიურად ვახდენთ, ვკეტავთ ცალკე, თუკი ვინმე თავს წამოყოფს. ასე რომ, ეს ინფორმაცია აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს.
- მონიტორინგის ჯგუფმა მუშაობა შეწყვიტა, დღეს ციხე ისევ დახურულია. ასეც დარჩება?
- დახურული არ არის. სახალხო დამცველი და საერთაშორისო ორგანიზაციები შედიან. აგრეთვე, პატიმრები უპრობლემოდ ახერხებენ კომუნიკაციას. პატიმარი ადრე თუ გაბედავდა და დარეკავდა, სასტიკად სცემდნენ, არ ანახვებდნენ დღის სინათლეს... სახალხო დამცველმა უნდა გამოაცხადოს და შექმნას მონიტორინგის ჯგუფი, ეს მისი პრეროგატივაა.
თეა ხურცილავა
(გამოდის ხუთშაბათობით)