"ნაციონალური მოძრაობის" მიერ ლამის ორი თვის წინ დაანონსებულ 19 აპრილის აქციას დიდი მოლოდინი ახლდა, რაც, ვფიქრობ, ისევ და ისევ ექსმმართველი ძალის დიდი პიარგამოცდილების დამსახურებაა თუმცა მოლოდინი მოლოდინად დარჩა, არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი პროცესი ამ აქციას არ მოჰყოლია. ეგ კი არა, მგონი, იმის თქმაც კი არ შეგვიძლია, კრება დარჩა მხიარულიო... "საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის" ხელმძღვანელ გია ხუხაშვილთან ინტერვიუ სწორედ ამ აქციის შეფასებით დავიწყეთ:
- რაც უნდა მომხდარიყო, ის მოხდა. ეს აქცია სრულიად შეესაბამებოდა იმ რეალობას, რაშიც "ნაციონალური მოძრაობაა". ეს იყო შეკრება მიზნის გარეშე. ლაპარაკობდნენ ევროპულ არჩევანზე, არადა, ნაცმოძრაობისგან ამაზე ლაპარაკი ცოტა არ იყოს ცინიკურია. ევროპული არჩევანი მოიცავს ფასეულობათა სისტემას, რომელშიც შედის: ადამიანის უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, თავისუფალი ბაზარი და ა.შ. რასაც "ნაციონალური მოძრაობა" თავისი მმართველობის პერიოდში არათუ არ ასრულებდა, სრულიად საწინააღმდეგოდ იქცეოდა. შესაბამისად, მათგან ამაზე ლაპარაკი აბსურდია. მეორე აბსურდი კი ის არის, "ეროვნული მოძრაობა" რომ დაირქვეს. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ისინი ეროვნული ფასეულობების იგნორირებას ახდენდნენ. მათ ამ აქციით მხოლოდ ის დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ ნორმალური ორგანიზება, მოკლედ, საშუალო დონის მენეჯერები არიან. მოახერხეს თავიანთი აქტივის ძალიან გამეჩხერებული რიგების მობილიზება. თვალში საცემი იყო შიგა პარტიული გაუგებრობები. მიხეილ სააკაშვილის იქ გამოჩენა აქციის ორგანიზატორებისთვის სრული სიურპრიზი აღმოჩნდა, მათ სურდათ რაღაც ახალი ენერგიის წარმოჩენა. რადგან მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილი წარმავალი ფიგურა და ბალასტია მათთვის. სააკაშვილმა დაამტკიცა, რომ როგორც ლიდერი, ათი თავით მაღლა დგას დანარჩენებისგან. ემოცია, რაც ამ აქციას ახლდა, გაჩნდა სწორედ სააკაშვილის გამოსვლისას, რაც ნამდვილად ვერ მოეწონებოდა ვანო მერაბიშვილს.
- აქციას წინ უსწრებდა დათა ახალაიას სკანდალური წერილი, რომელშიც ის ღიად დაუპირისპირდა ვანო მერაბიშვილს...
- არაფერი განსაკუთრებული არ ხდება - როცა გემი იძირება, ყველა თავისებურად ცდილობს თავის გადარჩენაზე. ამ დროს ადამიანები ნაკლებად ამჩნევენ, ერთმანეთის თავზე რომ გადადიან. გარდა ამისა, ხდება გარკვეული გადაფასება, ანალიზი იმისა, თუ რა იყო ამ 9 წლის განმავლობაში. ყველა ამჩნევს დაშვებულ შეცდომებს თუ დანაშაულს და ცდილობენ, ახლა ეს ყველაფერი ერთმანეთს გადააბრალონ. დამერწმუნეთ, ეს ბოლო არ არის, კიდევ არაერთხელ ვნახავთ, როგორ შეეცდებიან ყოფილი პოლიტიკური პარტნიორები ერთმანეთისკენ ხელის გაშვერასა და თავიანთი პოლიტიკური წარსულის ჩამორეცხვას. რაც ახალაიებთან დაკავშირებით ხდება, ეს არ არის ერთჯერადი ფაქტი, ამას გაგრძელება ექნება. "ნაციონალური მოძრაობა", როგორც ერთიანი პოლიტიკური ძალა, აღარ არსებობს, ეს არის იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც იბრძვიან გადარჩენისთვის.
- ბატონო გია, არსებობს ვარაუდი, რომ ახალი ხელისუფლება ცდილობს ახალაიებთან გარიგებას, ერთ-ერთ სტატიაში წავიკითხე ისიც, რომ დათა ახალაიასთან მოლაპარაკებაში მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილთან ერთად თქვენც მონაწილეობდით.
- ეს შეთქმულების თეორიები ხომ საერთოდ კატასტროფაა. რაც შეეხება გარიგებას, თუ დათა ახალაიას აქვს გარკვეული მტკიცებულებები მის ხელისუფლებაში ყოფნისას ჩადენილ დანაშაულებებზე და ამას წარმოადგენს, ამას გარიგება ჰქვია?
- თუ წინასწარი მოლაპარაკების შედეგად ის ამისთვის უსაფრთხოების გარანტიას მიიღებს, ეს არ იქნება გარიგება? რაზეც ილაპარაკა კიდეც მთავარმა პროკურორმა ამ ორი დღის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში...
- ამას გარიგება კი არა, უმაღლესი თანამდებობის პირზე ჩვენების მიცემა ჰქვია. თუ მისი ჩვენება გამოძიებით დადასტურდა, შესაძლებელია, ეს გახდეს დათა ახალაიასთვის სასჯელის შემსუბუქების საფუძველი. ეს ხდება ყველა ნორმალურ ქვეყანაში და ამაზე ლაპარაკობდა მთავარი პროკურორიც. მე ამაში ნამდვილად არ ვმონაწილეობ. მგონი, იმ ადამიანებს, ვინც ამას მაბრალებს, ავიწყდებათ, რომ არ ვარ ხელისუფლებაში და არ მიმიწვდება ასეთ ინფორმაციაზე ხელი, მიუხედავად იმ ლეგენდებისა, რაც ჩემ შესახებ ტრიალებს. დღეს საერთოდ კურიოზამდე მივიდა ყველაფერი, როდესაც კვერცხის ბიზნესის მონოპოლიზებაში დამდეს ბრალი.
- თქვენ ბოლო ხანს ახალი ხელისუფლების "რუხ კარდინალადაც" მოგიხსენიებენ...
- გასაკვირია, საიდან იქმნება ეს მითები. არ ვიცი, ღირს კი ამაზე ლაპარაკი? როგორც ჩანს, არის ჩვენში ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც რაღაც ახალი დაავადება შეეყარა. შეიძლება ამას პირობითად "ხუხოფობია" ვუწოდოთ. რამდენიმე საკმაოდ ოდიოზური პირი ამ ბოლო ხანს ისეთ აბსურდს აფრქვევს, არც კი ვიცი, რა ვთქვა.
- ლაშა ამირეჯიბმა განაცხადა, რომ თქვენთან მუშაობს ყოფილი გენპროკურორის, მურთაზ ზოდელავას მოადგილე დავით ჩხატარაშვილი, რომელიც ზურაბ ადეიშვილის მეგობარია და რომელიც დათა ახალაიასა და ახალ ხელისუფლებას შორის სავარაუდო შუამავლად დასახელდა.
- ესეც ზღაპრებია, ჩხატარაშვილთან არაფერი მაკავშირებს. ვეპატიჟები ლაშა ამირეჯიბსა და მის თანამოაზრეებს, მოვიდნენ ჩემთან ოფისში, რამდენ ხანსაც უნდათ დარჩნენ და უყურონ, სად არის ეს ჩხატარაშვილი. ბოლო ხანს, როდესაც ნაციონალებმა დაიწყეს ჩემზე შეტევა და ამაში ქალაქის მერიც კი ჩაერთო, ლაშა ამირეჯიბი და ელისო კილაძე მათ ერთ ხმაში აჰყვნენ. ეს რაღაც სხვა შთაბეჭდილებას მიქმნის. მათი ავტორიტეტიდან გამომდინარე, ეს იდიოტური გამონათქვამები სულ არ მაინტერესებს. მაგრამ თუ ძალიან გადაამლაშეს, როგორც ჩანს, მომიწევს მოვამზადო სარჩელი და მივმართო სასამართლოს. ამ წინასააღდგომოდ კვერცხებზე ლაპარაკს შეიძლება უფრო სხვა კვალიფიკაცია მიეცეს სარჩელის მომზადებისას. თუ იმას მანიშნებენ, რომ მე ებრაელი ვარ და აღდგომის წინ კვერცხის ბიზნესის მონოპოლიზებით დივერსიას ვაწყობ, შეიძლება უფრო რთულად წაუვიდეთ საქმე. არ მინდა დავიჯერო, რომ ამგვარ სიბინძურესთან მაქვს საქმე, თუმცა ბოლომდე ამასაც ვერ გამოვრიცხავ.
- როგორ შეაფასებთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ კობა დავითაშვილის განცხადებებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს წინააღმდეგ?
- კობა დავითაშვილს საერთოდ ახასიათებს ასეთი გამოსვლები, თავისუფალი ფორვარდია პოლიტიკაში და ეს პირველი შემთხვევა არ არის. თუმცა ძალიან სამწუხაროა ის აქცენტები, რომელსაც ის აკეთებს. სერგეენკოს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ წესიერი ადამიანია და მინიშნებები მის კორუფციაში ჩართვაზე, არასწორი და ღირსების შემლახველია. ერთი გუნდის წევრები ასე არ იქცევიან. ვიდრე ამ მძიმე ბრალდებას საჯაროდ გაახმაურებდა, სჯობდა, სერგეენკოსთან და გუნდის შიგნით გაერკვია ყველაფერი. ეს თქვა პრემიერ-მინისტრმაც. კობა დავითაშვილი ხელისუფლების წარმომადგენელია, მას აქვს გარკვეული ვალდებულებები, შესაბამისად, არ გამოვა, რაც გაუხარდება, ყველაფერი ილაპარაკოს.
- როგორც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ის ტელეფონით ელაპარაკა დავითაშვილს და ეჩხუბა კიდეც. ამის მიუხედავად დავითაშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობიდან არ წავა. თავად უმრავლესობას ხომ არ მოუწევს დაემშვიდობოს ბატონ კობას?
- სასურველი არ არის პროცესების ამგვარი განვითარება. პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა კი უნდა არსებობდეს, მაგრამ გარკვეული დისციპლინაც აუცილებელია. დავითაშვილი პირველად არ არღვევს გუნდურ დისციპლინას, ვფიქრობ, გარკვეული დასკვნები უნდა გამოიტანოს.
- ბატონო გია, NDI-ს ბოლო კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელ პოლიტიკურ ძალას ენდობით, გამოკითხულთა 60%-მა "ქართული ოცნება" - 10%-მა კი "ნაციონალური მოძრაობა" დაასახელა.
- ყველაფერი ნათელი და ლოგიკურია, თუმცა სხვა კვლევები აჩვენებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი 5-7%-ზე მაღალი არ არის. რაღა დაგიმალოთ და, აქ ეს მაჩვენებელი ცოტა გაზვიადებული მეჩვენება, მიმაჩნია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგის განლევა კვლავაც გაგრძელდება და ცოტა ხანში მისგან აღარაფერი დარჩება. ეს არის კლასიკური სახელისუფლებო პარტია, რომელიც სახელისუფლებო დომინირების გარეშე ვერ იარსებებს. მოკლედ, ახლა ეგენი "რბილი გარდაცვალების" პროცესში არიან, პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, და მაგათ რებრენდინგზე ლაპარაკი ილუზიაა და მეტი არაფერი.
- ამავე გამოკითხვით, გამოკითხულთა 56% "ნაციონალურ მოძრაობას" ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ ძალად მიიჩნევს.
- ეს იმის ბრალია, რომ პოლიტიკური აქტივობები სხვა პარტიების მხრიდან ფაქტობრივად შეჩერებულია. ჯერჯერობით ისინი ასპარეზზე არ ჩანან. "ნაციონალური მოძრაობა" კი გამომდინარე იმ სახელისუფლებო ბერკეტებისა, რაც მის ხელშია, ჯერჯერობით რჩება, ცდილობს იხმაუროს და ამიტომაც ისინი აღიქმებიან საზოგადოებაში ოპოზიციურ პოლუსად. დარწმუნებული ვარ, რომ ნელ-ნელა ეს შეიცვლება და სხვა პარტიებიც გამოჩნდებიან.
- მესამე ძალის გაჩენის აუცილებლობაზე ილაპარაკა ამას წინათ ბიძინა ივანიშვილმაც და თქვა, რომ ამის თაობაზე რამდენიმე პოლიტიკურ ფიგურას ესაუბრა. დაასახელა სალომე ზურაბიშვილი, ნინო ბურჯანაძე და ირმა ინაშვილი. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ "ქართული ოცნებაც" "ნაციონალური მოძრაობის" მსგავსად აპირებს, ოპოზიცია "დაინიშნოს?"
- არავითარ შემთხვევაში. როგორც ვიცი, ივანიშვილი არ აპირებს ამ პროცესში ჩარევას და არც ფავორიტები ჰყავს ოპოზიციაში. მან ეს ქალბატონები დაასახელა და ასე ვთქვათ, მაგალითები მოიყვანა მათი სახით. დღეს პოლიტიკური სივრცე გახსნილია, სახელმწიფომ ამ სივრცის სიჯანსაღეს უნდა შეუწყოს ხელი, შედეგად კი ოპოზიციური პარტიები გამოჩნდებიან და გაძლიერდებიან კიდეც.
ნათია დოლიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)