"გზის" დღევანდელ და მომდევნო ნომერთან ერთად პროექტ "ჩემი რჩეულის" ლევან გოთუას 7-ტომეული სრულდება. მეექვსე-მეშვიდე ტომები ეთმობა ისტორიულ რომანს - "მითრიდატეს", რომლის მხოლოდ პირველი ნაწილის დაწერა მოასწრო მწერალმა და სადაც I საუკუნეში ქართველური ტომების გაერთიანებისათვის ბრძოლაა მოთხრობილი. მწერალ როსტომ ჩხეიძის თქმით, "მითრიდატე" თუნდაც დაუმთავრებელი სახით... მომხიბლავი სათავგადასავლო სურათის გარდა შთამბეჭდავი სურათია ამაღლებული ოცნების და გაუტეხელი რწმენისა". ასევე, გავითვალისწინეთ ქართველი საზოგადოების ხვამლის ციხე-ქვაბულით განსაკუთრებული დაინტერესება და ლევან გოთუას მეშვიდე ტომში "მითრიდატესთან" ერთად მონოგრაფია "ხვამლის ციხე-ქვაბულიც" შევიტანეთ.
"საქართველოში ბევრი არ მოიძებნება ისეთი ტანჯვა-ნაგემი, ნაწამები, მაგრამ გაუტეხელი და თავის ქვეყანაზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი, როგორიც ლევან გოთუა იყო", - ამბობს ლეგენდად ქცეული მთამსვლელების, ალექსანდრე (ალიოშა) და ალექსანდრა ჯაფარიძეების ძმისშვილი, დავით აღმაშენებლისა და ნიკო ნიკოლაძის პრემიების ლაურეატი, გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ივანე ჯაფარიძე. ბატონ ვანიკოს, რომელთან ერთად მართლაც გასაოცარ და იდუმალ ხვამლის მთაზე წლების წინ ვიმოგზაურე, სწორედ ხვამლის ციხე-ქვაბულსა და ლევან გოთუაზე სასაუბროდ მივაკითხე, უპირველესად კი, ალიოშა და ალექსანდრა ჯაფარიძეებთან მწერლის დაახლოების ამბავი გამოვკითხე.
ივანე ჯაფარიძე:
- ლევან გოთუა შესანიშნავი მთამსვლელი იყო და დიდ მთამსვლელურ მიღწევებს თავისი "ოცნების დიდი მოზიარის", ქართული ალპინიზმის აღიარებული ლიდერის - ალიოშა ჯაფარიძის სახელს უკავშირებდა, ხოლო ალპინისტური მოღვაწეობის დასაწყისად 1937 წელს მიიჩნევდა.
"მანამდე მე ერთი გზაგაუკითხავი, მარტოხელა მოხეტიალე მოგზაური ვიყავი. ხევში მოგზაურობისას ალიოშა ჯაფარიძის სახელოვან ხმას ავყევი და მეტეოსადგურში ავედი. ნამდვილი მთამსვლელობა, ყველა წესებითა და სიძნელეებით, ხდეს ხეობაში, შავანაზე ვნახე და აღვწერე კიდევაც. ასე დაიწყო ჩემი და ალიოშას დამეგობრება. ჩვენ არა მარტო თოკი და ძნელსავალი გვაახლოებდა. განა მარტო მწვერვალებისა და ბუნების სიყვარული. ჩვენში მთამსვლელობა მარტო მთაზე მსვლელობა არასოდეს არ ყოფილა, იგი ჩვენი ეროვნული ყოფით, ისტორიითა და გეოგრაფიით ნაკარნახევი ვაჟკაცური მოღვაწეობა იყო და არის! ალიოშას მეშვეობით ჩემს ანგარიშზეც მომრავლდა მწვერვალები, გადასავლები, მიუვალი გამოქვაბულები. მე თავის დროზევე ვეცადე ეს დაუვიწყარი გზები და დღეები კალმითა და წერაყინით აღმებეჭდა ჩემს ნარკვევებში. ასე იშვა "ხდედალეულნი", "თეთრი სავალი", "ვაჟას სამყაროში", "ხვამლის ციხე-ქვაბული", "კაცხის სვეტის საიდუმლო" და სხვა. ამ ნარკვევების კალამი თუ მე მეკუთვნის, წერაყინი და სული უსათუოდ ალიოშასია!" ალიოშასთან ერთად ბატონმა ლევანმა მრავალი მიუვალი მღვიმე-გამოქვაბული გამოიკვლია და კავკასიონის ურთულესი მწვერვალები დალაშქრა. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს კავკასიონზე არის ილიას, აკაკის, ვაჟას, სულხან-საბა ორბელიანის, ნინოშვილისა და მარჯანიშვილის მწვერვალები.
1945 წელს ლევან გოთუამ, რომელსაც ბავშვობიდანვე აინტერესებდა ხვამლის შესახებ არსებული ლეგენდა-თქმულებები და სათანადოდ ჰქონდა დამუშავებული ვახუშტისა თუ სხვა ავტორთა მასალები, ალიოშა ჯაფარიძის მოწადინებით, და-ძმა ჯაფარიძეებთან, არქეოლოგ გიორგი ლომთათიძესთან, მხატვარ ვერა ბელეცკაიასთან, გეოგრაფ ელენე აბაშიძესთან, პალეონტოლოგ ნიკოლოზ ბურჩაკ-აბრამოვიჩთან, მთამსვლელებთან: ალექსანდრე ნემსიწვერიძესთან, გოგი ჯაფარიძესთან, ვალია ნასონოვასა და სიმონ შხვაცაბაიასთან ერთად ყოველმხრივ გამოიკვლია ხვამლის ციხე-ქვაბული და ამ მოვლენას შესანიშნავი ნარკვევიც მიუძღვნა. ძირითად ქვაბულში მათ არქეოლოგიური გათხრებიც ჩაატარეს, მაგრამ გამოქვაბული "საქართველოს ავბედითი ისტორიის რომელიღაც მონაკვეთში სრულებით გაპარტახებულა. მტრებს, მძარცველებს, დროს - ყველას ბეჯითად უმუშავნიაო", - დაწერა მოგვიანებით.
- ხვამლის ციხე-ქვაბულზე მითქმა-მოთქმა დღემდე გრძელდება. მაინც რით არის ასე გამორჩეული?
- XVIII საუკუნის გამოჩენილი გეოგრაფი და ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი თავის უკვდავ წიგნში "აღწერა სამეფოსა საქართველოსა", ლეჩხუმის აღწერისას წერს: "რიონის დასავლეთით, მთის ძირს, არს ხომლის კლდე, ფრიად მაღალი. მოიგო ამან სახელი ესე სიმაღლით, ხომლის ვარსკვლავის სწორობით. ამ კლდეში არს ქვაბი გამოკვეთილი, მტრისაგან შეუალი, მეფეთა საგანძურთ სადები". ხოლო "ქართლის ცხოვრება" გვაუწყებს: "ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხომლის მთამ არჩინოს". "ქართლის ცხოვრებაში" ისიც წერია, დავით ნარინმა და დავით ულუმ 1243 წელს ამერ-იმერი რომ გაინაწილეს, "...გაჰყვეს სამეფო და საჭურჭლენი ორად გარნა ხვამლისა ქვაბსა, რომელი იდვა, მცირე რამ გამოიღეს და გაჰყვეს და უფროსი ქვაბსავე დაუტევეს". იქვე ვკითხულობთ, რომ ხვამლი უკვე დავით აღმაშენებლის დროიდან მიაჩნდათ საქართველოს მთავარ განძსაცავად, როგორც საიმედო, მიუდგომელი და დაცული ადგილი. ცნობილია აგრეთვე, რომ, როცა რუსუდან დედოფალმა მონღოლების შემოსევის დროს თავისი რეზიდენცია ქუთაისში გადაიტანა, მთელი სახელმწიფო განძეული უჯარმიდან წაიღო და ხვამლის მთაში მოაქცია. ხვამლისადმი ინტერესი საუკუნეებისა და წლების განმავლობაში იზრდებოდა და ხანდახან მასზე მითებიც კი იქმნებოდა. მისი ისტორიულ-არქეოლოგიური მნიშვნელობიდან და ძნელად მისადგომობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ინტერესი გაჩნდა ალპინისტურ წრეებშიც.
1935 წლიდან მოყოლებული, ქართველი ალპინისტები საქართველოს მუზეუმისა და გეოგრაფიული საზოგადოების წინაშე თითქმის ყოველწლიურად სვამდნენ ხვამლის შემსწავლელი ექსპედიციის მოწყობის საკითხს, მაგრამ ამ იდეის განხორციელება ვერ მოხერხდა 1939 წლამდე, ვიდრე საქმეს ხელი არ მოჰკიდა საქართველოს კულტურის ძეგლთა განყოფილებამ. სწორედ მან გაგზავნა ხვამლისა და ორხვის გამოქვაბულების გამოსაკვლევად ექსპედიცია ალიოშა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. ალიოშა ჯაფარიძე ჩატარებული მუშაობის შესახებ 1939 წლის 15 დეკემბერს წარდგენილ ანგარიშში (ინახება ოჯახის არქივში) წერს: "არც ერთი ქვეყანა ალბათ ისე მდიდარი არ არის ისტორიული გამოქვაბულებით, როგორც საქართველო, მაგრამ ეს სიმდიდრე ჩვენში ჯერ ოდნავადაც არაა ხელშეხებული და დღემდე მხოლოდ ნიავ-ქართა სათარეშოდაა მიტოვებული... აუცილებელია, 1940 წლის ზაფხულში ჩატარდეს ხვამლის გამოქვაბულში გათხრები, რაც საბოლოოდ გამოარკვევს მის მრავალსაუკუნოვან საიდუმლოებას". ასეც მოხდა და უდიდესი სიძნელეების გადალახვისა და უმაღლესი ალპინისტური ტექნიკის გამოყენებით, აღნიშნულმა ექსპედიციამ ორი დღის შემდეგ შეაღწია გამოქვაბულში, ზუსტად აზომა მასში გამოჭრილი ოთახები, დუღაბით ამოშენებული კედლები და ყველა დამახასიათებელი დეტალი აღბეჭდა კინოფირზე. მომდევნო წელს განზრახულ ახალი ექსპედიციის მოწყობას კი ომმა შეუშალა ხელი... 1945 წელს ხვამლზე უფრო დიდი ექსპედიცია მოეწყო, რომლის შემადგენლობაც საუბრის დასაწყისში დავასახელე. ექსპედიციას ახლდა საქართველოს კინოქრონიკის ოპერატორი ალექსანდრე აჯიბეგაშვილი, რომელმაც ფირზე აღბეჭდა და სამუდამოდ უკვდავყო ამ უმნიშვნელოვანესი ექსპედიციის საინტერესო მომენტები. ექსპედიციის წევრების დასტურით, ხვამლის ქვაბულში განძის კვალი არ იყო, მაგრამ ბუნებრივი, უაღრესად ძნელმისაწვდომი ქვაბულის შესასვლელში ქვიტკირის კაპიტალური კარ-სარკმლიანი კედლის ამოშენება, ხოლო მის ქვემოთ 35 მეტრი სიგრძისა და 2-3 მეტრის სიგანის თარაზული ბაქნის გამოკვეთა, მასში კლდისავე სწორი ტიხრების დატოვება და გარედან ქვიტკირის კედლის დაყოლება ისეთ გრანდიოზულ ღონისძიებად ჩანდა, როგორსაც მხოლოდ დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმისთვის თუ გასწევდნენ. სავარაუდოდ, ამ მოზრდილი ქვაბულის ამოშენებით სავსებით საიმედო საცავი შეიქმნა. ალბათ მცველი რაზმი დედაბაქანზე, კლდეში ნაკვეთ ოთახებში იცხოვრებდა და უდარაჯებდა ძვირფას განძეულს. კლდე იმდენად ძნელი ასავლელია, რომ ოციოდე მარჯვე მეციხოვნე ადვილად აღკვეთდა მტრის მიერ ქვაბულის მიწვდომის ყოველგვარ ცდას. შესაძლოა, სწორედ მეციხოვნეთა ხელს ეკუთვნოდეს ბაქნის ერთ-ერთი ოთახის ტიხრებს შორის უკანა კედელზე წითელი საღებავით შესრულებული პრიმიტიული, მაგრამ საინტერესო სურათი, რომელიც მშვილდოსანი მხედრების ნადირობას გამოხატავს.
- ალიოშა ჯაფარიძის დაღუპვასა და ლევან გოთუას გადასახლებასაც ზოგიერთი სწორედ ხვამლის ექსპედიციას უკავშირებდა...
- ეს არის სრული სისულელე, სხვას ვერაფერს ვუწოდებ. მსოფლიომ იცის, როგორ და სად დაიღუპა ალიოშა ჯაფარიძე! ასევე უცხადესია ლევან გოთუას განაწამები ცხოვრებაც. იმასაც გეტყვით, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში მეტად სავალალო ტენდენცია დამკვიდრდა - ესა თუ ის ჯგუფი ან პირი რაიმე საქმეს ხელს რომ მოჰკიდებს, ჰგონია, ის არის პირველი ამ საქმეში და არად დაგიდევთ მათ ღვაწლსა და დამსახურებას, ვისაც გაცილებით ადრე უკეთებია ეს საქმე. "ახალი დროის რაინდებს" თავიანთი "პირველობის" წარმოჩენა და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა სურთ. განსაკუთრებით მიუღებელია ასეთი ქმედებები მეცნიერებაში, სადაც ზნეობრივი და მორალური კრიტერიუმები ყოველთვის მაღალი და შეუბღალავი იყო. მკვლევრისა და მეცნიერის სახელი წესიერებისა და პატიოსნების სინონიმად აღიქმებოდა. ამ შესავალს იმიტომ ვაკეთებ, რომ ბოლო ხანს დიდი აჟიოტაჟია ატეხილი ხვამლის მასივში გამოკვეთილ ციხე-ქვაბულთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ალიოშა ჯაფარიძის ექსპედიციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს უგულებელყოფს და ჩქმალავს გარკვეული ჯგუფი, რაც უზნეობა და უკადრისი საქციელია. არ შემიძლია თვალი დავხუჭო სიცრუის, სიყალბისა და ხვამლის პირველმკვლევართა შეურაცხყოფის იმ კორიანტელზე, რასაც არცთუ იშვიათად ვხვდები საინფორმაციო საშუალებებში. ვაი-მკვლევართა ერთი ჯგუფი აცხადებს, თითქოს ზემოთ აღწერილი ექსპედიციების მონაწილეები სტალინის დავალებით შესულან ხვამლის ციხე-ქვაბულში და ამისთვის ექსპედიციის ხელმძღვანელს ოქროს მედალი მიუღია. ეს არის საშინელი ცილისწამება და ისეთი ტყუილი, ფანტასტიკის სფეროს რომ განეკუთვნება. ამის შესახებ აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებ, რადგან მათ სათანადო პასუხი გავეცი 2008 წლის 6-30 ოქტომბრის #14 "მწერლის გაზეთში" გამოქვეყნებულ სტატიაში - "დილეტანტიზმი, უვიცობა, მიზანმიმართული სიცრუე თუ... ყველაფერი ერთად".
ვიტყვი მხოლოდ ერთს. დიდი მადლობა ჟურნალ "გზას" და მთელ შემოქმედებით ჯგუფს, რომელთაც საფუძველი ჩაუყარეს ჩვენი შესანიშნავი მწერლების საუკეთესო ნაწარმოებების გამოცემას, რომელთა შორის ალმასივით ბრწყინავს ლევან გოთუას რომანები "გმირთა ვარამი" და "მითრიდატე", ხოლო მისი "მგზავრული კრიალოსანი" საქართველოს გულწრფელი სიყვარულის გამოხატვის ბრწყინვალე ნიმუშია.
ირმა ხარშილაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)
ლევან გოთუა ვინ იყო , ანდა ვის აინტერესებს დღევანდელ საქართველოში? დღეს ხომ "ღვთაებრივი" ქართველების - სააკიანის, ვახო სანაიას და მაქარაშვილ-მარქარიანის ეპოქაა!!