მმართველმა გუნდმა სკანდალური დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლითაც ნათელი ხდება, რომ პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების, მეგობრების, დედაქალაქის მერის, არაერთი გუბერნატორისა და დეპუტატების ფუფუნების საგნებზე, საჩუქრებზე, დასვენებასა და გართობაზე უზარმაზარი თანხები იხარჯებოდა... წარმოდგენილ დოკუმენტებს შეთითხნილს უწოდებენ უმცირესობის წევრები. გვესაუბრება უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი.
- უმრავლესობის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რბილად რომ ვთქვათ, ნედლია. რატომღაც არავინ დაინტერესებულა იმით, რა პრინციპით არის ეს დოკუმენტები შერჩეული... აუდიტის სამსახური ყველა სახელმწიფო უწყებას ამოწმებდა, გამონაკლისი არც სახელმწიფო დაცვის სამსახური ყოფილა, მაგრამ არსებობდა ისეთი საკითხები, რომლებიც დაცვის სუბიექტის გადაადგილებას, საცხოვრებლის ხარჯებს ეხებოდა და უსაფრთხოებას უკავშირდება. ვიცოდით, რომ ეს თანხები გადაადგილებასა და სხვა საკითხებს ხმარდებოდა, თუმცა შესაძლოა, რაღაც შემთხვევებში მათი შესწავლა არ ხდებოდა. უმრავლესობის პათოსი გასაგებია, მაგრამ ამ დოკუმენტებს რეალური ანალიზი და შესწავლა სჭირდება. ისე კი, სტუმრების დახვედრა და მათთვის საჩუქრების გაკეთება დღევანდელ ხელისუფლებასაც მოუწევს.
- მაგრამ იქ მხოლოდ დახვედრის ხარჯები არ იყო მოცემული...
- კი ბატონო, მაგრამ არ შეიძლება იმის თქმა, რომ სტუმარს საჩუქარი არ უნდა გაუკეთო. ეს გაუაზრებელი განცხადებაა. ეს ელემენტარული ეტიკეტია. ყველა ქვყანაში არის ასეთი ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხა და ამით სარგებლობა პირველ პირებს შეუძლიათ. პრეზიდენტი ისეთ სასტუმროში არ უნდა შევიდეს, რომელიც მის ქვეყანასა და რანგს არ ეკადრება.
- დოკუმენტების მიხედვით, სახელმწიფოს უგულავასა და სააკაშვილის წონის კორექცია 115 ათასი ლარი დაუჯდა, ბატონო ლევან, ხოლო მარიამ საჯაიას საჩუქარი, 3500...
- საჩუქრებზე დაწვრილმანება არ მინდა, მაგრამ თქვენ გჯერათ ასეთი პროცედურის არსებობის? მაინც რა დიეტა იყო ასეთი, 115 ათას ლარად რომ შეფასდა, უკვდავების ელექსირი?! მე არ მჯერა მათი რეალურობის. ისეთი ინფორმაციები გავრცელდა, რომ დოკუმენტის წარმომავლობა ეჭვქვეშ დგება. ისე კი, ცნობისთვის, როდესაც ასეთი ხარჯების შესახებ ხდება ცნობილი, მას ტელევიზიით კი არ აპიარებენ, დამოუკიდებელმა აუდიტმა უნდა შეისწავლოს. უბრალოდ, უმრავლესობას ძალიან უნდა, ვიღაცები პასუხისგებაში მისცენ. თუკი რაიმე კანონდარღვევაა, ამას გამოძიება სჭირდება, მაგრამ მანამდე საქმეზე კვალიფიკაციის მინიჭება ამ პროცესს სანდოობას უკარგავს... გთხოვთ, ამ დოკუმენტებზე მეტ კითხვას ნუ დამისვამთ, ვარაუდებით საუბარი ღირსეულ საქციელად არ მიმაჩნია. ისე კი, ხელისუფლებას მოვუწოდებ, ნუ იქნებით ასეთი დაძაბული. პოლიტიკური ბრძოლა ჩვეულებრივი რამ არის. ჯერ ყველაფერი წინ არის და ნერვების დაზოგვა მოგიწევთ. ჩვენ წინააღმდეგაც იმართებოდა აქციები, მაგრამ ასეთ ისტერიკაში არ ვიყავით.
- ბოლო დროს "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება შეინიშნება...
- არ ვიცი, დაპირისპირებაში რას გულისხმობთ, პოლიტიკური პარტია ცოცხალი ორგანიზმია, ზოგი მიდის და ზოგი მოდის. ჩვენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ძალა ვართ და პროცესებს ოპოზიციაშიც ისევე პასუხისმგებლობით ვეკიდებით, როგორც ამას ხელისუფლებაში ყოფნის დროს ვაკეთებდით. ჯერჯერობით დაშლის საფრთხე არ გვემუქრება. ეს სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, პირიქით, სიახლეები გვაქვს, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის აქტიურად ვემზადებით.
- პრეზიდენტობის კანდიდატად ვანო მერაბიშვილი სახელდება...
- ის ერთი-ერთია, რადგან წონიანი და გავლენიანი ფიგურაა, თუმცა კონსულტაციები მიდის და სხვების კანდიდატურებიც განიხილება. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია.
- შესაძლოა, 26 მაისს სამხედრო აღლუმი არ ჩატარდეს, ერთ-ერთ მიზეზად ფინანსების დაზოგვა სახელდება. რას ფიქრობთ ამაზე?..
- ეს ხელისუფლების სისუსტის ნიშანია. ეტყობა, მათ აღლუმი რომელიმე პოლიტიკური ძალის ან რომელიმე ინსტიტუციის კუთვნილება ჰგონიათ. აღლუმი ქართველი ერისა და ჯარის დღესასწაულია, რომელიც პრეზიდენტმა უნდა ჩაიბაროს. მეწვრილმანეობაა მათი განცხადებები ამ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით და მათზე კომენტარის გაკეთება მეუხერხულება.
ლალი პაპასკირი
(გამოდის ორშაბათობით)