კობა დავითაშვილი დავით სერგეენკოსთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს

კობა დავითაშვილი დავით სერგეენკოსთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პარლამენტარ კობა დავითაშვილს ბრალდებების დამტკიცებას ან საჯაროდ ბოდიშის მოხდას სთხოვს.

დავით სერგეენკომ კომენტარი გაზეთ "ქრონიკის" ინტერვიუსთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც კობა დავითაშვილი ჯანდაცვის მინისტრს ბრალს სდებს კორუფციაში. კერძოდ, სადაზღვევო კომპანიების ლობირებასა და ჯანდაცვის რეფორმის არარსებობაში.

ამ თემასთან დაკავშირებით დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ კობა დავითაშვილი მას მძიმე დანაშაულს აბრალებს, რის გამოც დავითაშვილმა ან საჯარო ბოდიში უნდა მოიხადოს, ან დაადასტუროს და დაამტკიცოს ეს ბრალდებები.

"მე მძიმე დანაშაულში მდებს კობა დავითაშვილი ბრალს. ეს დანაშაული უმძიმესია, ვინაიდან, როგორც სახელმწიფო მოხელეს, კორუფციაში მდებს ბრალს, მან ეს ბრალდებები უნდა დაამტკიცოს ან საჯარო ბოდიში მოიხადოს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე ინფორმაციით, კერძო სადაზღვევო კომპანიები და სახელმწიფო პროგრამაზე გადასვლასთან დაკავშირებით გარდამავალი ეტაპის სამოქმედო გეგმის სამი ვარიანტი საპარლამენტო კომიტეტშია წარდგენილი. აქედან მეორე ვარიანტი შეირჩა.

როგორც დავით სერგეენკომ განაცხადა, აღნიშნულ სამუშაო პროცესში კობა დავითაშვილიც იყო ჩართული. თუმცა როგორც მინისტრმა განაცხადა, მუშაობის პროცესში კობა დავითაშვილმა ღია ეთერით დაიწყო აპელირება, რის გამოც მან დავითაშვილი სამუშაო პროცესს ჩამოაშორა.

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, კობა დავითაშვილს ალბათ ბოლომდე წაკითხული არ აქვს ეს პროექტი და შესაბამისად, ამის გამო მოხდა ის, რა ბრალდებებიც წაუყენა.

თავის მხრივ, დეპუტატი კობა დავითაშვილი ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას კობა დავითაშვილმა განაცხადა, კერძო სადაზღვევო კომპანიების ლობირებასთან დაკავშირებით დავით სერგეენკომ კონკრეტულ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი.

"ბატონ დავით სერგეენკოს ვურჩევ პასუხი გასცეს დასმულ შეკითხვებს. შეკითხვები არის ძალიან კონკრეტული, მისი გადაწყვეტილებები არის კერძო სადაზღვევო კომპანიების ინტერესებში. როგორც ჩანს, ბატონ სერგეენკოს სურს, არსებით განხილვას თავი აარიდოს და ფორმალობაზე გადაიტანოს საკითხი. ამიტომ მას მოუწევს პასუხების გაცემა, სანამ პასუხებს არ გასცემს, ბოდიშს კი არა ვერაფერს ვერ მიიღებს ჩემგან. მისი პარლამენტში მოსვლის საკითხი დაყენებული მაქვს ფრაქციის წინაშე", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

სერგეენკოსა და კობა დავითაშვილს შორის ურთიერთბრალდებები გაზეთ "ქრონიკაში" გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ გამოიწვია, სადაც კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრი კერძო სადაზღვევო კომპანიებს ლობირებს და ჯანდაცვის სისტემაში რეფორმა არ მიმდინარეობს.

ასევე იხილეთ:

გოგა ხაჩიძე: "ბ-ნო ბიძინა, მაგან ხელის შემობრუნება იცის"

კობა დავითაშვილი ჯანდაცვის მინისტრს უპირისპირდება და კორუფციულ გარიგებაში ამხელს

– "დავითაშვილს დავურეკე და ვეჩხუბე" - ბიძინა ივანიშვილი

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა