გთავაზობთ მწვავე ინტევიუს კობა დავითაშვილთან, რომელიც განსჯისა და დებატების საგანი ნამდვილად გახდება!
- თქვენ ხართ ჯანდაცვის რეფორმის ავტორი, ეს სფერო არის დემორალიზებული. ექიმები არღვევენ პაციენტებთან ქცევის კოდექსს, სასწრაფოებს ავადმყოფები გადაჰყავთ 9-კაციან კლინკიაში, რაც სასაკლაოდაა ქცეული. ისინი ქმნიან ხელოვნურ საბოტაჟს და ამის არაერთი ფაქტი არსებობს. და თუკი ასე გააგრძელებთ, გარწმუნებთ, რომ "ნაციონალების" აქციაზე სულ მინიმუმ 50 ათასი ადამიანი გამოვა. სამწუხაროდ, ჯანდაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო ყველაზე სუსტ და უპასუხისმგებლო მინისტრად მოჩანს. დაარღვიეთ დუმილი, ბატონო კობა და დეტალურად გვითხარით რა ხდება?
- ჯანდაცვის სისტემა რომ გაუმართავია, ფაქტია. რეფორმა არ დაწყებულა.
- რატომ არ იწყება ჯანდაცვის რეფორმა?
- ძალიან კარგი კითხვა დამისვით, პირადად მეც ბევრი შეკითხვა დამიგროვდა ჯანდაცვის მინისტრის მისმართით. გულწრფელად გეტყვით, მზად ვარ, ღიად და საჯაროდ ვილაპარაკო პრობლემებზე და გავაანალიზო ის, რაც ამ სფეროში ხდება. ჯანდაცვაში არის ძალიან ბევრი პრობლემა, ჩვენთან ჯანდაცვა არის ძალიან ცუდად ორგანიზებული, ისე ცუდად, რომ მსგავსი რამ მსოფლიოში არ ხდება.
- რა არის შემაფერხებელი ფაქტორი, რის გამოც ვერ ხერხდება რეფორმის გატარება?
- ამის შემაფერხებელი ფაქტორი გახლავთ ლობირება კერძო სადაზღვეო კომპანიების ინტერესების. ეს ადამიანები დღემდე მონოპოლიას ინარჩუნებენ, მინდა ღიად ვისაუბრო ამ საკითხებზე თქვენს გაზეთში. დღეს ჯანდაცვა ორგანიზებულია ასე - სადაზღვეო პოლისები აქვთ უმწეოებს, პენსიონერებს და 6 წლამდე ბავშვებს.
ამ პოლისებს იძენს სახელმწიფო კერძო სადაზღვეო კომპანიებისგან, ან სახელმწიფო ფული მიდის კერძო სადაზღვეო კომპანიებში და შემდგომ ამ ფულს ისინი პაციენტებს ახმარენ, მაგრამ ამ ფულის უდიდესი ნაწილი რჩება სადაზღვეო კომპანიებში. ეს თანხა შეადგენს 57 პროცენტს, რომელიც ხმარდება სადაზღვეო კომპანიის ადმინისტრაციას.
თანხის ნახევარზე მეტი პაციენტამდე არ მიდის. ეს თავისთავად ნონსენსი და აბსურდია, ასეთი სისტემა მსოფლიოში არ არსებობს. ეს სქემა არის ანტისახალხო. რაც მალე დასრულდება ეს სქემა, მით მოგებული დარჩება პაციენტიც, ადამიანიც, ექიმიც, კლინიკაც. მოიგებს ყველა და მხოლოდ წააგებს სადაზღვეო კომპანიები, რომელთაც, სრული გაგებით, არ შეიძლება ეწოდოთ სადაზღვეო კომპანია. ისინი ორიენტირებული არიან სახელმწიფოს ფულის მიღებაზე და მეტს არაფერს აკეთებენ.
ამ ფულის უმეტეს ნაწილს თვითონ იტოვებენ და რისთვის ვუხდით ამ შუამავლებს ფულს, გაუგებარია.
ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ახალმა მთავრობამ მიიღო ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით, როდესაც ამ სადაზღვეო კომპანიებს ეს კონტრაქტები, რომელიც 2003 წლის 1 აპრილს უმთავრდებოდათ, ერთი წლის ვადით გაუგრძელა.
- რატომ? რა ხდება, ჯანდაცვის ახალი მინისტრი კორუფციულ სქემაში ეხვევა?
- რატომ?! კიდევ ვამბობ, რომ კარგი კითხვაა, მაგრამ ეს კითხვა მე არ მეკუთვნის. არც მე , არც ჯანდაცვის კომიტეტი ამის თაობაზე ინფორმირებულები არ ვიყავით, ჯანდაცვის მინისტრმა ისე მიიღო გადაწყვეტილება. ვაპროტესტებ და ხმამაღლა ვაცხადებ: ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს გადაწყვეტილება კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია და მოვითხოვ, ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გადაისინჯოს. პირველადი პაკეტით, რაც ყველა დაუზღვეველისთვის მოქმედებს, მინდა ვთქვა, რომ სათანადო მომსახურებას არ უწევენ, ესეც ღიად უნდა დავაფიქსიროთ. უამრავი შემთხვევაა, როდესაც ადამიანები იღუპებიან იმის გამო, რომ სადაზღვეო კომპანიები თანხის გადარიცხვას აჯანჯლებენ.
მე მაქვს კონკრეტული ფაქტი სადაზღვეო კომპანია "არქიმედე გლობალ ჯორჯიასთან" დაკავშირებით. ჩემმა თანასოფლელმა მომმართა, რომლის დედაც მოხვდა ავტოავარიაში. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მკურნალობა საავადმყოფოში არ დაიწყეს იმის გამო, რომ სადაზღვეო კომპანია მოითხოვდა, ჯერ დადგენილიყო, ვისი ბრალეულობით მოხდა ავტოკატასტროფა, რაც სამართლის კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გარეშე ვერ დადგინდება, ეს ნიშნავს, რომ ერთი წელი უნდა გასულიყო, ეს დადგენილიყო და მერე დაიწყებოდა პაციენტის მკურნალიბა. ეს ქალბატონი სადაზღვეო კომპნიების და კლინიკის უპასუხისმგებლობის გამო, სამწუხაროდ გარდაიცვალა. მიმაჩნია, რომ ამ სადაზღვეო კომპანიებისთვის ერთი წლით კონტრაქტის გაგრძელება ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან არის არასწორი, მიუღებელი და ჩვენს სადაზღვეო რეფორმაში არ ჯდება.
- სადაზღვეო კომპანია "არქიმედეს" დირექტორი გახლავთ უმრავლესობის ლიდერის - დავით საგანელიძის ძმისშვილი, მაქვს ინფორმაცია, რომ თქვენ მასთან დაპირისპირებაც კი მოგივიდათ ჯანდაცვის რეფორმაზე მუშაობისას. რა ხდება, ბატონო კობა, რა შეცვალა ახალმა ხელისუფლებამ? გავიგეთ, რომ დუბინკებით პატიმრების გაუპატიურება აღარ იქნება, სამაგიეროდ ვიღებთ ექიმებისა და სადაზღვეო კომპანიების უპასუხიმგბელობის გამო დაღუპულ პაციენტებს. უმრავლესობა თავად არის დაინტერესებული ბიზნესმონოპოლიებით?
- მოდით, ღიად ვთქვათ, ის, რაც 1-ლი მარტიდან ხდება, ამაშიც იგრძნობა კეერძო კომპანიების ლობირება და ახლა აგიხსნით, რატომ... კერძო სადაზღვეო კომპანიებს ძალიან აშინებთ სოციალური დაზღვევის სქემის ამოქმედება. კერძოდ, მათ აქვთ როგორც სახელმწიფო, ასევე კორპორაციული დაზღვევები, პირველ ეტაპზე ძალიან ნორმალური პაკეტი იყო შეთავაზებული მოქალაქეებისადმი, შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობდა, კორპორაციული თანხები აღარ გადაეხადა და სახელმწიფო დაზღვევით ესარგებლა.
მოხდა ლობირება კერძო კომპანიების მიერ და სადაზღვეო პაკეტი შემცირდა ძალიან სერიოზულად. პირველადი ჯანდაცვის წილი უნდა ყოფილიყო მინიმუმ 2-ლარნახევარი. აქ იგულისხმება ამბულატორიისა და პოლიკლინიკის მომსახურება. დღეს იცით, რამდენია მომსახურების თანხა? - ლარი და 11 თეთრი. ორჯერ შემცირდა პირველადი სადაზღვეო პაკეტი. წესით სრული ამბულატორიული მომსახურება უნდა ყოფილიყო. დღეს მხოლოდ შარდისა და სისხლის ანალიზებია ამ პაკეტში. მე და ჯანდაცვის კომიტეტმა ვიცოდით, რომ ამ პაკეტს საფრთხე არ ემუქრდებოდა. ბოლო მომენტში ჩვენთან შეუთანხმებლად ჯანდაცვის მინისტრმა მიიღო აბსოლუტურად სხვა გადაწყვეტილება, მე დავით სერგეენკოსთან მაქვს საჯარო შეკითხვა, - ბატონო დავით, ვისი გავლენით მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და ვინ დგას ამ გადაწყვეტილების უკან, რომელიც არ აწყობს არც ხალხს, არც ექიმებს და ეს არის მხოლოდ კერძო სადაზღვეო კომპანიების ხელში.
ზოგადად ძალიან ბევრი შეკითხვა დამიგროვდა ბატონ დავით სერგეენკოს მიმართ და ვიწყებ ჩემი შეკითხვების დასმას, მისგან მოვითხოვ პასუხს... აქვე მაქვს მეორე შეკითხვა, - როცა ჩვენ, ყველა, ვსაუბრობდით პრევენციის აუცილებლობაზე, მაინტერესებს, მაგალითად გადაუდებელი ოპერაციების ჩამონათვალში რატომ არის აუცილებელი, ადამიანი მივიდეს სიკვდილის პირას, რომ დაფინანსდეს მისი ოპერაცია. მაგალითად, მეც და ძალიან ბევრს აწუხებს ჩაჭედილი თიაქარი, რომელიც უმძიმეს ტკივილს იწვევს. ამ პროგრამით არ ფინანსდება. თუ დაიწყო ნეკროზი და კვდომა სხეულმა, მარტო მაშინ აფინანსებს სახელმწიფო. მე მაინტერესებს, როცა ადამიანი, რომელსაც ერთ დღეში დაეწყება ნეკროზი, რატომ უნდა დაველოდოთ მისი სხეულის ნეკროზს, რომ ის დავაფინანსოთ? ვინ მოიფიქრა ეს პროგრამა? და ასევე, თუ სადაზღვეო კომპანიებს თავი ქუდში ჰგონიათ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან მიაღწიეს შეთანხმებას, სხვათა შორის ყველასგან ზურგსუკან, ასევე ჯანდაცვის კომიტეტის ზურგსუკან, ერთი წლით გაიხანგრძლივეს კონტრაქტი.
მე მინდა მათ დავპირდე, რომ ასე უმტკივნეულოდ ეს საკითხი არ ჩაივლის, ჩვენ ვამუშავებთ ჯანდაცვის პაკეტს, რომელიც გავა კომიტეტზე და მომავალი წლის ივლისამდე მათ ხალხის ძარცვა არ დაუკანონდებათ.
მთავრობის დადგენილება გაუქმდება კანონით, რომელიც მაღლა დგას მთავრობის დადგენილებაზე. ეს არის ჩემი გზავნილი ჯანდაცვის მინისტრისა და სადაზღვეო კომპანიების მიმართ.
ასევე პირველად ჯანდაცვასთან დაკავშირებით არ შემიძლია, არ ვკითხო ბატონ სერგეენკოს, - ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებობდა პირველადი ჯანდაცვის ჯგუფი, რომლშიც მოწვეიული იყვნენ ექსპერტები, მათ დაითვალეს ხარჯები, წინადადებები მოამზადეს, მათი ნაშრომი გადადეს გვერდზე და მიიღეს ის გადაწყვეტილება რაც მიიღეს. თურმე ამბულატორიული მომსახურება არის მხოლოდ შარდის, სისხლის ანალიზი და მხოლოდ კარდიოგრამა, რა პრინციპით მოხდა სისტემის არჩევა? აქაც პირდაპირ მიდის ლობირება კერძო სადაზღვეო კომპანიების. ექიმებს უთხრეს, თქვენ უნდა შეაგროვოთ პაციენტები, მათ არ გამოუყვეს უბანი, უთხრეს - უნდა იაროთ კარდაკარ... თუ ექიმმა კარდაკარ ჩამოიარა, უბნის ექიმმა უნდა შეაგროვოს 2600 ადამიანი, გაითვალისწინეთ, რომ უბნის ექიმს არც ტრასპორტის ფული აქვს, არც იჯარის, რადგან როგორც უკვე გითხარით, პირველადი სადაზსღვეო პაკეტი ორჯერ შეამცირეს.
ჩათვალეთ, რომ ასეთი ექიმი ერთი თვის შემდეგ გაკოტრდება. ახლა დავსვათ კითხვა, ამ სისტემით ვინ გაკოტრდება და ვინ იხეირებს? სამინისტრომ მიიღო საინტერესო გადაწყვეტილება, - კერძო სადაზღვეო კომპანიებსა და მათ კლიენტებს მისცა უფლება, რომ ისინიც ჩაერთონ ამ პროგრამაში. ახლა ავხსნათ რას გულისხმობს ეს პროგრამა. ცალკე აღებული უბნის ექიმი ამ პროგრამით თავს ვერ გაიტანს, ან უნდა ითაღლითოს, ან უნდა გაკოტრდეს. სადაზღვეო კომპანიის კლინიკის ექიმს შეუძლია ამაზე წავსლა იმიტომ, რომ პირველადი ექიმი არის მეისრე, მას შეუძლია, პაციენტი გაუშვას კლინიკაში, ან ამავე სადაზღვეო კომპანიის აფთიაქში. უბნის ექიმი რასაც წააგებს პირველადი ჯანდაცვის სქემაში, ლარს და 11 თეთრს რომ უხდიან, აინაზღაურებს სადაზღვეო კომპანიების კლინიკებში. პირდაპირ ლობირებულია კერძო სადაზღვეო კომპანიები. აი, კორუფციული სქემა.
- ჩემი მეზობელი სწორედ ამ სადაზღვეო კორუფციას და თქვენს მიერ გაშიფრულ სქემას შეეწირა, სასწრაფო დახმარებამ ის გადაიტვანა თემქაზე მდებარე 9-კაციან კლინიკაში ფილტვის პრობლემებით და ის ერთ კვირაში გარდაიცვალა. სასწრაფოს ექიმმა დაუმტკიცა, რომ ვალდებული იყო, მხოლოდ ამ კლინიკაში მიეყვანა პაციენტი თავისი დაზღვევით.
- ამიტომ, ჯანდაცვის მინისტრის - დავით სეგრეენკოს საქმიანობაში აშკარად ჩანს ლობირება კერძო სადაზღვეო კომპანიების. ეს არის დაუფარავი, ეს ჩანს ყველა მის ნაბიჯში, დაწყებული იმით, თუ როგორი სქემა შემოგვთავაზა პირველადი ექიმების და დასრულებული იმ ფაქტით, თუ როგორ გაუგრძელა ამ უთოფო ყაჩაღებს ერთი წლით ხალხის ძარცვისა და ბიუჯეტის ძარცვის ხელშეკრულება.
- თქვენ რა ეჭვი გაქვთ, სერგეენკო შეკრულია სადაზღვეო კომპანიებთან და ის ფულის სანაცვლოს მოქმედებს ასე? ფულის სანაცვლოდ ხუჭავს თვალს , თუ ის არის არაკომპეტენტური, მინისტრობისთვის შეუფერებელი და თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადასაყენებელი? პირადად მე, როგორც მოქალაქე და როგორც ჟურნალისტი, მის სასწრაფოდ გადაყენებას მოვითხოვდი. ასეთი რამ, ფაქტობრივად, "ნაციონალების" ხელისუფლებაშიც კი არ ხდებოდა.
- მე მაქვს მასთან შეკითხვები - ფრაქციის სხდომაზე საკითხი დავსვი სერგეენკოს მოწვევის შესახებ, ძალიან კარგი იქნება, თუ პრესით გაეცნობა ბატონი სერგეენკო ჩემს შეკითხვებს. მისგან მოვითხოვ დამაჯერებელ პასუხებს ამ საკითხებზე.
მოვითხოვ მინისტრისგან საჯარო განმარტებებს, ამ საკითხებთან დაკავშირებით. დაუზღვეველ ადამიანებს აძლევენ მინიმალურ პაკეტს, რათა არ გაუჩნდეთ სურვილი კერძო კომპანიებთან ურთიერთობები შეწყვტონ ჯანდაცვის სფეროში.
საქართველოში კატასტროფულ მდგომარეობაშია წამლის ბიზნესი, დღეს მთავრი პრობლემა წამლის ფასში კი არა, მის ხარისხშია. საერთოდ უფასოდ რომ დაარიგონ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული წამლები, მისი აკრძალვის მომხრე ვიქნები. რაც დღეს საქართველოში ხდება ეს არის წამლის ხარისხის სრული უკონტროლობა. დღეს საერთოდ არ კონტროლდება წამლის ხარისხი, წამლებში დღეს სამკურნალო ნივთიერება არის 100 პროცენტის ნაცვლად 20 პროცენტი.
მიმაჩნია, რომ ეს პოლიტიკა, რომელიც დღეს ტარდება ჯანდაცვის სამინისტროში, აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ კურსს, რომელიც აირჩია "ქართულმა ოცნებამ" და რომლის გამოც ხალხმა "ქართულ ოცნებას" ხმა მისცა. მე უკვე შიშით ვუყურებ იმ პაკეტს, რომელიც ივლისიდან ამუშავდება. იმხელაა სადაზღვეო კომპანიების ლობირება, რომ მოველი, დაპირებული პაკეტის ნაცვლად, კვლავ შემცირებული პაკეტი იქნება, რათა კერძო სადაზღვეო კომპანიებმა არ დაკარგონ თავის ბიზნესი.
მე მოვიწონე განსათლების მინისტრის გადაწყვეტილება უფასო წიგნების დარიგებასთან დაკავშირებით, თუმცა მოვისმინეთ კერძო გამომცემლების წივილ-კივილი, რომლებმაც თავისი კეთილდღეობა აიწყვეს სახელმწიფო ფულით. ეს იყო ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის სწორი გადაწყვეტილება. თუ ასე სწორად ვიქცევით ერთ კონკრეტულ სფეროში, რატომ არ ვიქცევით ასევე სწორად ჯანდაცვის სფეროში, რატომ დგას კერძო სადაზღვეო კომპანიების ინტერესი ამ შემთხვევაში მაღლა?
ვსვამ კითხვას, - რატომ ტარდება დიამეტრულად, იდეოლოგიურად განსხვავებული კურსი სამინისტროებში. მე გეტყვით, რომ ეს განსხვავება თანხებშია. სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზარი, საუკეთესო გათვლებით 50 მლნ დოლარს შეადგენს, ხოლო სადაზღვეო თანხები გაორმაგდა ჯანდაცვის სამინისტროზე გამოყოფილი ბიუჯეტის წყალობით და 633 მლნს შეადგენს. სხვაობა არის 12-ჯერ მეტი. ხომ ხედავთ, ძალიან მსუყე ლუკმაა და ძალიან არ ემეტებათ სადაზღვეო კომპანიებს ეს ლუკმა პირიდან გააგდონ. მათ ჰყავთ დაქირავებული ექსპერტები, რომელთაც რატომღაც დამოუკიდებელ ექსპერტებს ეძახიან და რომელთაც ათვისებული აქვთ ეს სფერო და ქმნიან ე.წ პროფესიულ საზოგადოებრივ აზრს. ვწუხვარ, რომ სამინისტრო საუკეთესო შემთხვევაში ამ აზრის ზეგავლენის ქვეშ მოექცა, არც მინდა ცუდ შემთხვევაზე ვიფიქრო და კერძოდ ის, რომ ვინმე ფინანსურ გარიგებაშია.
ინტერვიუს შემოკლებული ვერსია
ნინო სამხარაძე
გაზეთი "კვირის ქრონიკა"
ასევე იხილეთ:
კობა დავითაშვილი დავით სერგეენკოსთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს
გოგა ხაჩიძე: "ბ-ნო ბიძინა, მაგან ხელის შემობრუნება იცის"
– "დავითაშვილს დავურეკე და ვეჩხუბე" - ბიძინა ივანიშვილი