NDI-ის კვლევის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გამოკითხულთა 75%-ს მოსწონს. როგორც NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის მოწონების მაჩვენებელი, წინა კვლევასთან შედარებით, 5%-ით შემცირდა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოკითხულთა 66%-ს მოსწონს. გამოკითხულთა 59%-ს მოსწონს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი, ეკა ბესელია 58%-ს, ზვიად ძიძიგური – 52%-ს.
უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე გამოკითხულთა 48%-ს მოსწონს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოკითხულთა 25%-ს.
როგორც ლუის ნავარომ განაცხადა, წინა კვლევასთან შედარებით ყველას მოწონების მაჩვენებელი დაეცა, თუმცა დავით უსუფაშვილისა და დავით ბაქრაძის მაჩვენებლები გაიზარდა.
კვლევა ჩატარდა 13-27 მარტამდე, გამოიკითხა 3 103 ადამიანი.