მარიამ რომელაშვილი მსმენელმა "საბავშვო ევროვიზიაზე" წარმატების მიღწევის შემდეგ შეიყვარა. ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ მომღერალი უკვე გათხოვდა და უკვე 3 თვის ანდრიას დედაა. მისი მეუღლე 18 წლის გიორგი ოზერი გახლავთ.
- ერთმანეთი როგორ გაიცანით?
მარიამი:
- ერთმანეთი 4 წლის წინ, საერთო მეგობარმა გაგვაცნო და მას მერე, ხანდახან "სკაიპით" ვლაპარაკობდით. დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ შემომთავაზა, - დუეტი ჩავწეროთო.
გიორგი:
- თავიდან მართლა დუეტის ჩასაწერად დავუკავშირდი. არ მეგონა, მოვლენები ასე თუ განვითარდებოდა.
- სიყვარული როგორ აუხსენი?
- ძალიან სასაცილოდ: თავიდან ვეუბნებოდი, რომ სხვა მიყვარდა და მსურდა, ჩემთვის რჩევები მოეცა.
მარიამი:
- მივხვდი, რომ ის გოგო, რომელიც მოსწონდა, მე ვიყავი, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე; ვეუბნებოდი: დააცადე, ისწავლოს და წარმატებას მიაღწიოს-მეთქი (იცინის). მაგრამ ისე მოხდა, რომ მალე დავვოჯახდით: 7 თებერვალს შეყვარებულები გავხდით და 28-ში გავიპარეთ.
გიორგი:
- მაშინ მე 18-ის, ხოლო მარიამი 17 წლის იყო, - ანუ სკოლა დამთავრებულიც არ ჰქონდა.
მარიამი:
- აბიტურიენტი ვიყავი. ოჯახის წევრებს ცხადია, არ მოეწონათ, რომ გავიპარე. ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ჯერ უნდა მესწავლა, მუსიკალური კარიერისთვის მიმეხედა...
გიორგი:
- მარის ვთხოვე, - დავინიშნოთ-მეთქი. მისმა მშობლებმა ჩემ შესახებ რაღაცები იცოდნენ და უკეთ რომ გავეცანით, სასიდედრომ და სასიმამრომ შინ დამპატიჟეს. სასიმამრო მკაცრად მელაპარაკა. მარის დედისთვის ნათქვამი მქონდა, - უნდა გავიპაროთ-მეთქი.
მარიამი:
- დედას გიორგის ნათქვამი იმდენად არარეალურად მოეჩვენა, ვერც კი გაიაზრა, რას ეუბნებოდა (იღიმის).
გიორგი:
- როცა გავიპარეთ და მამამისი ჩვენ სანახავად ჩამოვიდა, ნერვიულობისგან ვკანკალებდი. ისეთი გაბრაზებული იყო, ხელიც არ ჩამომართვა. დედით მეგრელი ვარ. ჩემმა ბიძებმა გაიყვანეს, დაელაპარაკნენ, დაამშვიდეს და ნახევარი საათის შემდეგ ყველანი ტიროდნენ... მშობლებს ყოველთვის ვეუბნებოდი, - 25 წლამდე ცოლის მოყვანას არ ვაპირებ-მეთქი. ჰოდა, როცა ასეთი ფაქტის წინაშე დადგნენ, ბებიას და დედას გული წაუვიდათ.
- არაქართული გვარი გაქვს. მოგვიყევი შენს ოჯახზე...
- გვარად ოზერი ვარ. დედა ქართველია, მამა კი თურქი მუსლიმანი გახლავთ. 2 წლის ვიყავი, როცა ქრისტიანად მოვინათლე. მამამ ეს ამბავი დღემდე არ იცის; მას უნდოდა, მუსლიმანი ვყოფილიყავი... თბილისში დაბადებულ-გაზრდილი ვარ, მაგრამ თურქეთშიც ხშირად მივდივარ. ოთხი ძმა მყავს. მე და მარიამმა მართლმადიდებლური წესით დავიწერეთ ჯვარი.
- 3 თვის ანდრიას ზრდით. შვილმა თქვენს ურთიერთობაში რა შეცვალა?
მარიამი:
- ვიდრე ანდრია დაიბადებოდა, სულ გართობაზე ვფიქრობდით, ახლა კი დავსერიოზულდი, სხვანაირი გავხდი. ორსულობის პერიოდში გიორგი ყველაფერში მეხმარებოდა, საჭმელსაც კი თავად ამზადებდა. ახლა ცოტა არ იყოს, ეგოისტობს, ანდრიას გამო ჩემი ყურადღება რომ მოაკლდა. დედობა ფანტასტიკური შეგრძნებაა; ყველაფერი საუკეთესო მისთვის მინდა და ვცდილობ, არაფერი მოვაკლო.
გიორგი:
- ანდრია მოულოდნელად გაჩნდა: თებერვალში ველოდებოდით და იანვარში დაიბადა... ცოლის მოყვანამ და მამობამ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა: მანამდე თუ სულ ძმაკაცებთან ერთად ვერთობოდი, დაოჯახების შემდეგ ძირითად დროს ოჯახს ვუთმობ.
- მარიამ, დედამთილ-მამამთილთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
- მამამთილმა ქართული არ იცის და ვერ ვიტყვი, რომ კარგად ვიცნობ, დედამთილთან კი კარგი ურთიერთობა მაქვს.
გიორგი:
- თურქულ ტრადიციებს კარგად აუღო ალღო...
- მატერიალურად ვინ გეხმარებათ?
- რა თქმა უნდა, მშობლები გვეხმარებიან, მაგრამ თურქეთში ბიძასთან მეც ვმუშაობ: იქ ორი ან სამი დღით ჩავდივარ და საქმეს ვაკეთებ; რთული სამსახური არ მაქვს...
- რამდენი შვილის ყოლის სურვილი გაქვთ?
მარიამი:
- მე ერთზე მეტი აღარ მინდა. ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ ბავშვის გაჩენა ხომ არ არის საქმე? შვილს ბევრი რამ სჭირდება, მათ შორის - განათლების მიცემაც.
გიორგი:
- თავიდანვე გვქონდა დაგეგმილი, რომ ჩვენს შვილს ყველაფერი საუკეთესო უნდა ჰქონოდა.
- ანდრიას გაზრდაში ვინ გეხმარებათ?
მარიამი:
- ვიდრე გავთხოვდებოდი, საოჯახო საქმეების არაფერი გამეგებოდა. დედა და ბებია ძალიან მანებივრებდნენ. ახლა კი კერძებსაც ვამზადებ, სახლსაც ვალაგებ და ბავშვსაც ვუვლი. ჩემი ამ ცვლილებით მეგობრები, მასწავლებლები გაოცებულები არიან... ანდრიას გაზრდაში ბებიები გვეხმარებიან. თუმცა მინდა, შვილი დამოუკიდებლად გავზარდო. გიორგიც მაქსიმალურად ჩართულია ანდრიას აღზრდაში.
- სად სწავლობ და რა პროფესიას ეუფლები?
- საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის (სდასუ) უნივერსიტეტში, ტელე-რადიოჟურნალისტიკაზე ვსწავლობ. ჟურნალისტობაზე ვოცნებობ, მაგრამ რა თქმა უნდა, სიმღერასაც არ დავანებებ თავს; ანდრია რომ წამოიზრდება, მუსიკალურ ასპარეზზე ისევ გამოვჩნდები.
- გიორგი, როგორც ვხვდები, მარიამს ხელს უწყობ წარმატების მიღწევაში...
- რა თქმა უნდა! თუ მეც წარმატებული ვიქნები და ჩემი მეუღლეც, ჩვენი ოჯახი მით უფრო მეტად ძლიერი იქნება! მინდა, მარიმ იმღეროს. ერთი თვეა, დავრბივარ, მუსიკალური შოუს გაკეთება მინდა და ვნახოთ, რა გამომივა...
ჟანა გოგინაშვილი
(გამოდის ხუთშაბათობით)