"ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებულ აქციას დაახლოებით 12 000 ადამიანი ესწრებოდა

 "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებულ აქციას დაახლოებით 12 000 ადამიანი ესწრებოდა

"ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით დღეს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას დაახლოებით 12 000 ადამიანი დაესწრო. "ინტერპრესნიუსმა" მომიტინგეების რაოდენობა, საერთაშორისო მედიაში აღიარებული სტანდარტების მიხედვით დაითვალა.

კერძოდ, Google map-ის სპეციალური პროგრამის მეშვეობით გაიზომა რუსთაველის გამზირის ის ტერიტორია, რომელიც 16:30 საათისთვის (აქციის დაწყების დროს) "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს ჰქონდათ დაკავებული.

ხალხის მიერ ათვისებული ფართობი მოიცავდა კინოთეატრ "რუსთაველის" შენობისა და ქაშვეთის ტაძრის ჩათვლით არსებულ ტერიტორიას, რაც ჯამში, სცენის კონსტრუქციის ადგილისა და შემოსაზღვრული ტერიტორიების გამოკლებით, 4 800 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

მომიტინგეთა სიხშირე განსაკუთრებით მაღალი იყო სცენის წინ და მის გასწვრივ, გზის კიდემდე. ამ მონაკვეთზე 1 კვადრატულ მეტრზე კოეფიციენტად აღებულ იქნა 3,5 ადამიანი. ამ სიხშირის გათვალისწინებით, პარლამენტის შენობის წინ 1 500 მეტრის ფართობზე 5 250 ადამიანი იდგა.

შედარებით დაბალი სიხშირე იყო სცენიდან მარჯვნივ, კინოთეატრ "რუსთაველის" მხარეს. 1 800 კვადრატული მეტრის ფართობზე კოეფიციენტად აღებულ იქნა 2 ადამიანი. შესაბამისად, ამ მონაკვეთზე მომიტინგეთა რაოდენობა 3 600-ს შეადგენდა.

ანალოგიური სიხშირე იყო ქაშვეთის მხარესაც. 2-კაციანი კოეფიციენტის გათვალისწინებით, 1 500 კვადრატულ მეტრზე აქციის მონაწილეთა რაოდენობა 3 000-ით განისაზღვრა.

საერთო ჯამში, სიხშირის ცდომილების, ხალხის ნაკადის, მოძრაობისა და მიმდებარე ტერიტორიებზე ათვისებული მცირე ადგილების გათვალისწინებით, აქციის მონაწილეთა მიახლოებითი რაოდენობა 12 000 იყო.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა